განმავითარებელი შეფასების ფარგლებში მოსწავლეების ტესტირება ეროვნული ოლიმპიადის გამო გადაიდო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ოქტომბერში, საჯარო სკოლების მე-5 და მე-7 კლასელი მოსწავლეებისთვის ტესტირება უნდა ჩაეტარებინა, სადაც ქართულ ენასა და მათემატიკაში მათ მიღწევებს შეამოწმებდნენ, თუმცა პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა უნდა ჩართულიყო და საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა 2000-ზე მეტი მოსწავლეს უნდა მიეღო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, რომ უწყება ამ ეტაპზე მოსწავლეთა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ორგანიზებითაა დაკავებული და განმავითარებელი შეფასების განხორციელების თარიღი როგორც კი ჩაინიშნება, გამოაქვეყნებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს მეოთხეკლასელი და მეექვსეკლასელი მოსწავლეების ქართულის და მათემატიკის ცოდნის შეფასებას. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი – მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს. ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.
შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ელექტრონული პლატფორმის დახმარებით. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება