GE

განვლილი მასალის გამოკითხვის მეთოდი – ბათუმელი მასწავლებლის აქტივობა, რომელიც მოსწავლეებში ანალიზის უნარს ავითარებს

ავტორი: სოფიო ანთაძე, ისტორიის პედაგოგი (უფროსი). ქ. ბათუმი.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

სასწავლო-საგაკვეთილო პროცესი, მოგეხსენებათ, კომპლექსურია და მრავალფეროვანი თავისი შემადგენელი ელემენტებით. ამიტომაც, იგი მოითხოვს გამუდმებულ დაკვირვებასა და განვითარებას, მრავალფეროვნებას, მოსწავლეთა უნარ-ჩვევებსა და ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისად, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი და სწავლება უფრო ნაყოფიერი გავხადოთ. აქ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასპექტი, თუმცა, ამჯერად ეპოქის ერთერთ მთავარ მახასიათებელზე შევჩერდები- ციფრული ტექნოლოგიების სახით. ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ უკანასკნელის სარგებლიანობისა და ზიანის თაობაზე, საუკეთესო მიდგომად მიმაჩნია „ოქროს შუალედის“ დანერგვა და შესაბამისი მეთოდების გამოყენება. რაც გულისხმობს სწვლებისას ე.წ. შერეული სტრატეგიებით მუშაობას. როგორც ციფრული, ისე „ცოცხალი პროცესით“, ანუ გაჯეტების, კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. როდესაც მოსწავლეებს მხოლოდ საკუთარი უნარების იმედი ექნებათ და მათზე დაყრდნობა მოუწევთ. რაც აუცილებელია მათი გონებრივი განვითარებისთვის. ასევე, ეს მიდგომა მაქსიმალურად პრაქტიკულიცაა, ვინაიდან საშუალებას იძლევა მისი გამოყენებისა ყველა სასკოლო საფეხურზე, ყველანაირ პირობებში, (ტექნიკური აღჭურვილობის არქონა, გასვლითი გაკვეთილი და სხვ.) და მეთოდურად ჩვენთვის საჭირო სიხშირით.

ამიტომაც, გიზიარებთ ჩემს აქტივობას რომელიც ზემოთხსენებული კრიტერიუმებით შევადგინე (საგანი: ისტორია) და პირველი გამოცდილებით კმაყოფილი დავრჩი.

მოცემული გამოკითხვის მეთოდი თავისი მიზნებიდან გამომდინარე შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს:

  • გარემოსთან კავშირი (მეტი სოციალიზაცია, სხვების მოსმენის უნარის გააქტიურება), კლასში ერთიანობის შექმნა;
  • ინფორმაციასთან მუშაობა. მისი გააზრება, ანალიზი და ლოგიკური გამოყენება;
  • საგნისა და საფეხურის შესაბამისი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების გააქტიურება;
  • მოვლენების მიზეზ-შედეგობრიობის გააზრება, ერთიანი ისტორიული სურათის შექმნა;

აქტივობის/მეთოდის შინაარსი: (აღვნიშნავ, რომ მისი სტრუქტურა საკმაოდ მარტივია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა და შედეგების მიუხედავად).

– საგნის მასწავლებელი, კლასში უკვე განვილი მასალიდან ირჩევს თემას, რომლის ფარგლებშიც სურს მუშაობა (ამ შემთხვევაში, მე ავიღე თემა მე 16-17 საუკუდან);

– კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ამზადებს ბარათებს თეზისების სახით, მოსწავლეებში მისთვის საინტერესო (იმ ეტაპზე) უნარების გამოვლენის/განვითარების, მიზნებისა და მისაღწევი შედეგების კუთხით;

– თემას აცნობს ბავშვებს, რომლებმაც იციან განსახილველი მასალის შესახებ. შემდეგ ურიგებს ბარათებს და აძლევს დავალებას- თითოეული მათგანი უნდა გაეცნოს საკუთარ ბარათს(თეზისს), გაიაზროს მისი შინაარსი როგორც კონკრეტულად, ისე მთლიან კონტექსტში და გამოკვეთოს თემაში საკუთარი ინფორმაციის ადგილი. დასაფიქრებლად ეძლევათ დრო შეთანხმებისამებრ.

– შემდეგ ეტაპზე იწყება თემის ე.წ. თხრობა ბარათების მეშვეობით. მოსწავლეები გამოდიან და ქრონოლოგიური, ფაქტობრივ/დოკუმენტალური, ლოგიკური თანმიმდევრობით აკრავენ საკუთარ ბარათებს დაფაზე (მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ ბარათებზე, საბოლოო ჯამში, მთლიან სურათს ერთობლივად ქმნიან);

– თითოეული გამომსვლელი ხსნის/ასაბუთებს, თუ რატომ არის მისი ბარათის ადგილი სწორედ აქ და საუბრობს (განავრცობს თემას) მხოლოდ საკუთარი თეზისის ირგვლივ;

– დიფერენცირების გათვალისწინებით, პედაგოგი, ერთგავარად, ადაპტირებულ ბარათს აძლევს შესაბამის მოსწავლეს. რითაც შესაძლებელი ხდება პროცესში ყველას ჩართულობა;

– დასასრულს ხდება შეცდომების გასწორება(ბარათების გადაადგილება) ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე. მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ზედმეტი ბარათების ჩამატება და თემისთვის სრულყოფილი სახის მიცემა;

– შეჯამება, დასკვნა. შედეგების, შენიშვნების განსაზღვრა, შთაბეჭდილებების გაზიარება.

იგივე სამუშაო შეიძლება განახორციელონ თავად ბავშვებმაც (გამოცდილების მიღების შემდეგ). გაკვეთილზე მივცეთ დავალება, რომ თავად შეადგინონ ბარათები, თუნდაც მარტივი წინადადებებით, მაგრამ ისტორიული ინფარმაციულობისა და მიმდინარეობის დაცვით.

აქტივობის ეს მხარე, ზემოთ ჩამოთვლილი უანრების გარდა, გაუაქტიურდებთ წერის, აზრის ჩამოყალიბების უნარს/კულტურას.

ასევე შეგვიძლია (მაგ. ისტორიაში) ამ მეთოდით გამოვიკითხოთ მასალა ილუსტრაციების საშუალებით და კიდევ სხვა მრავალიმხრივ საინტერესო ასპექტი გამოვკვეთოთ.

მოცემული აქტივობის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ისტორიაში (საგნის მასწავლებელი მოარგებს თავის სასწავლო პროგრამას). ვფიქრობ, მისი ხშირად ჩატარება (თავისი მრავალფეროვანი მიდგომებით), ბავშვების შესაბამის უნარებზე ნაყოფიერად აისახება.

ასევე იხილეთ:

„პინოქიოს კვირეული ჩვენს კლასში“ – როგორ გავაცნოთ და შევაყვაროთ ზღაპრული გმირი მეორეკლასელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური