GE

ალტე უნივერსიტეტი პროფესიების რეგიონულ ტურნეს იწყებს

ალტე უნივერსიტეტი იწყებს პროფესიების რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია XI-XII კლასელებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერა, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და კარიერული ცნობიერების გაზრდა. ტურნეს პირველი ლოკაცია კახეთია, სადაც 6 მარტს, 12:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში პროფესიების ფორუმი გაიმართება.

პროფესიის არჩევა ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება ხშირად მიიღება არასაკმარისი ინფორმაციისა და გარემოს გავლენის საფუძველზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული კონსულტაციის რესურსები შეზღუდულია, მოსწავლეებს კი დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ალტე უნივერსიტეტის პროფესიების რეგიონული ტურნეს მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი პროფესიული ორიენტაცია და პროფესიის არჩევის პროცესი გააზრებულ და სტრუქტურირებულ ჩარჩოში მოექცეს. ინიციატივა ემსახურება იმ გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, უნარები და განვითარების პოტენციალი.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პროფესიული ორიენტაციის ინტერაქციულ ვორკშოპს, გაეცნობიან კარიერული განვითარების შესაძლებლობებს და მიიღებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი პროფესიული გზის განსაზღვრაში. ღონისძიების ორ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

„პროფესიის არჩევა ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს მივცეთ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი ინტერესებისა და უნარების გააზრებაში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ პროფესიების რეგიონულ ტურნეს, რათა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველსთვისაც, ვისაც სურს საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა პროფესიებზე სფეროს წარმომადგენლებისგან და გაერკვეს საკუთარ რეალურ ინტერესებში“, – ანი ამირანაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

პროფესიების რეგიონული ტურნე მიზნად ისახავს რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ინფორმაციული ბარიერის შემცირებას, საგანმანათლებლო ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების გაძლიერებას. ინიციატივა წარმოადგენს ალტე უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს.

ფორუმის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, მათ შინაარსს, სწავლების სპეციფიკასა და პროფესიულ პერსპექტივებს. მონაწილეები შეხვდებიან უნივერსიტეტის ლექტორებსა და დეკანებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მედიცინა, სტომატოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიული სფეროები.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სარეგისტრაციო ბმული

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური