GE

გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფი პედაგოგების ერთიანი მიმართვა განათლების მინისტრს

სასწავლო პროცესის არგანახლებამ გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფი პედაგოგები კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში დატოვა. გარე დაკვირვების პროცესი უშუალოდ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებას გულისხმობს, რაც ამ მომენტისთვის შეუძლებელია. შეფასება კი, პირდაპირ მიბმულია პედაგოგის სტატუსის ამაღლებასა და ხელფასის ცვლილებაზე, რაც მასწავლებლებისთვის უმნიშვნელოვანესია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვაზე (ჩვენ მათ სხვა კითხვებითაც მივმართეთ. ავტ.) ამ მიმართულებით ჯერაც არ უპასუხია. პროფესიულ წრეებში იყო საუბარი იმაზეც, რომ გარე დაკვირვება ჩატარდეს ონლაინ რეჟიმის დროს ჩატარებულ გაკვეთილებზე. პედაგოგებს აინტერესებდათ, რამდენად არის ეს შესაძლებელი და რა ელოდათ თუკი სასწავლო პროცესი სკოლებში წელს არ განახლდებოდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულმა, გარე დაკვირვების მსურველმა პედაგოგებმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს წერილით მიმართეს, თუმცა როგორც წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი მაკა აბაშიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, სამინისტროსგან მიიღეს პასუხი, რომ მასწავლებელთა სახლისთვის უნდა მიემართათ.

„ჯგუფში „გარე დაკვირვების მსურველ პედაგოგთა კლუბი“ დაახლოებით არის 3000-ზე მეტი პედაგოგი. ზოგმა მოასწრო პანდემიამდე გავლა გაკვეთილის. დავრჩით მარტიდან ივნისის ჩათვლით ვინც ველოდით. ყველაფერი შესრულებული გვაქვს გარდა გაკვეთილის ჩატარებისა, ატვირთული გეგმები, კვლევა და ის რაც საჭიროა, ყველაფერი დადასტურებულია. მიმართვა რომელიც თქვენ გადმოგიგზავნეთ გადაგზავნილი იყო სამინისტროშიც. საიდანაც მოვიდა პასუხი რომ უნდა მიგვემართა მასწავლებელთა სახლისთვის. იგივე წერილს გიგზავნით რომელიც ბერიკა შუკაკიძე სახელზეა გადაგზავნილი“, – აცხადებს მაკა აბაშიძე.

გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფი პედაგოგების ერთიანი მიმართვა:

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა უმძიმეს ტვირთად დააწვა მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნული სიტუაცია, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, პირდაპირ უკავშირდება ადამიანების ფსიქიკას. თითოეულს გვაქვს განცდა, ხვალინდელი დღის გარკვეული შიში, პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის, შვილებისა თუ ჩვენი აღსაზრდელების წინაშე. მოგეხსენებათ,მასწავლებლები მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს არასოდეს ვეკუთვნით.

თუმცა, მიუხედავად ამ უმძიმესი გარე ფაქტორებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ შრომასა და ბრძოლას იქ, სადაც და როგორც ვჭირდებით ქვეყანას. დაგვეთანხმებით, წლებია, მასწავლებლები უამრავ გამოწვევას ვიღებთ და ღირსეულად ვუმკლავდებით. ამ გზაზე კი, რასაც საგანმანათლებლო რეფორმების გზა ჰქვია, მასწავლებლების დიდი არმია ყოველთვის გრძნობს სახელმწიფოსა და სამინისტროს მხრიდან გვერდში დგომასა და ხელშეწყობას.უდავოა, რომ არც ჩვენ ვრჩებით ვალში და არ ვზოგავთ ენერგიას, რომ ქვეყანას გამოადგეს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება თუ ადამიანური რესურსი.

სქემის მიმდინარეობის პროცესში, უამრავ მასწავლებელს ჰქონდა განათლების სამინისტროს თუ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, განხორციელდა არაერთი სასიკეთო ცვლილება, გამარტივდა სიტუაცია მათთვის, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ამ ეტაპზე ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით ის პედაგოგები, რომელთაც გარე დაკვირვების თარიღები სასწავლო წლის მეორე სემესტრში განგვესაზღვრა. შემდგომ კი მოხდა ის, რაც მოხდა, ჩვენ დავრჩით ჩვენი ატვირთული გეგმებით გაურკვეველ მოლოდინში. სახელმწიფო არ წირავს დღეს საზოგადოების არცერთ წევრს და ადამიანთა კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ვფიქრობთ, არც ჩვენ არ უნდა გავიწიროთ, არ უნდა დაგვეკარგოს დრო და არ უნდა მოგვიწიოს კიდევ ლოდინმა და ნერვიულობამ.

უმორჩილესად გთხოვთ, შემოგვთავაზოთ რაიმე ალტერნატივა, რითიც ჩვენ შეგვაფასებენ.

თუ ახალი ვადები განგვესაზღვრება, არც ეს გვგონია გამოსავალი, რადგან შეუძლებელია პანდემიის პროგნოზირება და მისი კვლავ გავრცელების დრო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოების გამო აღმოვჩნდით, აქამდე მოსასვლელად კი, თქვენზე უკეთ ვის მოეხსენება, რა კოლოსალური შრომა დაგვჭირდა თითოეულ ჩვენგანს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი პედაგოგი დეკრეტულ შვებულებაში გავა სექტემბრიდან, თავისთავად ცხადია, ეს უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მიზეზი მათ წინსვლას კვლავ შეაფერხებს…

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, ნუ დაგვტოვებთ კვლავ ლოდინის რეჟიმში ამდენ პედაგოგს, ნუ დაგვიკარგავთ მოტივაციას, მონახეთ რაიმე გზა ჩვენი წინსვლისთვის.

გთხოვთ ახალ სასწავლო წელს ნუ შეუშვებთ საკლასო სივრცეში ამდენ გულნატკენ და მოტივაციადაკარგულ პედაგოგს…

შესაძლებელია მხოლოდ გეგმებით შეფასება არარეალური მოთხოვნა იყოს, თუმცა მასწავლებელთა უმრავლესობამ ეს სურვილიც გამოთქვა, რადგან მიგვაჩნია რომ საფუძველს მოკლებული არც ეს უკანასკნელია, რადგან დღეს ქვეყანაში მიმდინარე ვითარების გამო, თვალნათლივ ვხედავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ, ძირითადად, რასაც ვხედავთ ისაა, რომ ყველა სფეროში ხელს უწყობენ და უმსუბუქებენ მდგომარეობას, არც ერთი სფერო არ რჩება დაზარალებული.

თუკი მარტო ატვირთული გეგმებით არ შეიცვლება სტატუსი (ეს უკანასკნელი არცაა ჩვენი უპირობო მოთხოვნა), მაშინ ის ატვირთული გეგმები მაინც მიიღონ მხედველობაში, უფრო სწორად, გაითვალისწინონ, კიდევ რომ არ მოუწიოს პედაგოგებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ზედმეტი ძალისხმევა, გეგმების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვერ დაწერენ ან ვინმეს ,,ეზარება“, არამედ იმიტომ, რომ არ აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში და 5-ის ნაცვლად არ მოუწიოთ 10 გეგმის წერა-დამუშავება ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა და დროის დეფიციტის გამო, ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნის განცდა გვეუფლება, რადგან უმეტესობამ გაიარა ეს აქტივობა და მალე სტატუსსაც მიიღებს.

შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავე არავინ ვართ, გთხოვთ, ამ ყველასთვის სტრესულ ვითარებაში დაუშვან გამონაკლისი, როგორც პედაგოგებისათვის და ასევე საკლასო – საგაკვეთილო რეჟიმს გადაჩვეული მოსწავლეებისათვისაც, ჩაუთვალონ გეგმები, ვინც ატვირთა იმათ და ვინც დაუჯერა ცენტრს და არ ატვირთა, ისინიც რომ (მოტყუებულები) დაზარალებულები არ აღმოჩდნენ, მისცენ შანსი, ანუ გაუხსნან ბაზები ხელახლა და მისცენ ატვირთვის საშუალება, რათა ყველა თანაბარ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

რადგან სასწავლო პროცესი გაგრძელდა და არ ჩავარდნილა, ამ სასწავლო წლის დასასრულსავე წარადგინონ ეს მასწავლებლები სტატუსის ცვლილებაზე. მით უფრო, თუ 2024 წლამდე ყველა სკოლა უნდა ჩაერთოს ახალი სკოლის მოდელში, დროის ფუჭი კარგვის ნაცვლად, შევუდგებით სიახლეების შესწავალასა და დანერგვას, რაც უფრო მომგებიანი იქნება მოსწავლეებისთვის და ზოგადად ქვეყანაში განათლების წინსვლისთვის. გაითვალისწინონ, რომ არ მოუწიოთ პედაგოგებს ზედმეტი ძალისხმევა, დროის კარგვა, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ნერვიულობა, და ა.შ. ეს ყველაფერი ზეადამიანურ ძალებს მოითხოვს.

სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს პედაგოგებს, რათა მათ უფრო მეტი ენერგიით და შემართებით დაიწყონ ახალი სასწავლო წელი და მოსწავლეებს მოახმარონ ის ძალისხმევა, რომელიც ხელახალი გარე დაკვირვების გაკვეთილების მზადებისთვის უნდა დახარჯონ.

გვინდა გითხრათ რომ ეს არ არის ერთი და ორი პედაგოგის ნააზრევი, ეს აზრი ეკუთვნის გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფ ასეულობით პედაგოგს და სწორედ მათი ერთობლივი გულისტკივილის გადმოცემა გვსურს არსებული მიმარვით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური