GE

გართულდა თუ გამარტივდა ისტორიის გამოცდა აბიტურიენტებისთვის – გამოცდის პირველი დღე, საკითხები და შეფასებები

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას ყველაზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. 2020 წლის აბიტურიენტებიდან ისტორია 22 850 -ზე მეტმა აპლიკანტმა აირჩია. საგამოცდო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ჰუმანიტარულის შემთხვევაში ისტორიის, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევისას აბიტურიენტისგან მათემატიკის ჩაბარებას ითხოვს, ისტორია კიდევ უფრო მოთხოვნადი საგანი გახდა.

ისტორიაში გამოცდას აბიტურიენტები დღეს და ხვალ, ორ სესიად ჩააბარებენ. დღეს პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრში 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

როგორც ცნობილია, წლევანდელმა ტესტებმა ისტორიის საგანში გარკვეული ცვლილებები განიცადა, გაიზარდა ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდა. საგამოცდო ტესტს დაემატა ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.

პირველ შემთხვევაში აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასებაში“ კი, აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, პირველი სესიის შემდეგ გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებები EDU.ARIS.GE-სთან არაერთგვაროვანია:

ლაშა ქვლივიძე 173 -ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ღია და დახურული ტიპის შემოსახაზი საკითხებიდან პირველი სამი ეხებოდა რომის ისტორიას, დანარჩენი იყო საფრანგეთის რევოლუციაზე, საქართველოს ისტორიიდანაც იყო კითხვები. ერთ ერთი იყო მაგალითად თემურ ლენგის შემოსევაზე. ასევე, ერთ ერთი საკითხი იყო მოვლენების ქრონოლოგიურ დალაგებაზე და ეხებოდა მონღოლებს. შემდეგი იყო ლინკოლნის კარიკატურა, ანუ საკითხი იყო ამერიკის ისტორიაზე, მე-19 საუკუნის სამოქალაქო ომზე. რაც შეეხება ისტორიულ წყაროებს, იყო გიორგი სააკაძეზე. მარაბდის, მარტყოფის და ქსნის ბრძოლების წყაროები იყო მოცემული და ამის მიხედვით უნდა გაგვეცა პასუხები კითხვებზე. რუკა იყო ვენის აღებაზე, როდესაც მე-17 საუკუნეში შეესივნენ და კოალიციამ დაამარცხა მმართველობა და ასევე რუკა ეხებოდა ხალხთა დიდ გადასახლებას მე-4-მე-7 საუკუნეში. ამ ისტორიული მოვლენის შეფასება იყო ორი კითხვით. აბსოლუტურად ყველაფერი დავწერე, ერთადერთი გამიჭირდა შემოსახაზები, ისეთი პასუხები იყო, ცოტა დამაბნეველი იყო, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური პასუხები შემოვხაზე. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიის ტესტი ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე ქართული და შესაბამისობაში იყო სკოლის პროგრამასთან.

მარიამ არჩვაძე, 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ტესტი უფრო მეცამეტე საუკუნეს ეხებოდა. უფრო ადრეული ხანებიდან არ იყო მასალა. ღია კითხვები ერეკლე მეორესა და ვახტან გორგასალზე მოვიდა. დადებით და უარყოფით მხარეებს ეხებოდა. შესადარებელი და ანალიზის გასაკეთებელი იყო, მომხრე და მოწინააღმდეგე.

ისტორიული წყაროს ანალიზში ბახტრიონის აჯანყება იყო, ანუ, გიორგი სააკაძეზე მოვიდა. მოვლენის შეფასებაშიც დადებითი და უარყოფითი მხარეები იყო განსახილველი, ოღონდ რელიგიური და სახელმწიფოებრივი კუთხით. ერთი იყო ურბან მეორის რელიგიურ რეფორმაზე და მეორე არ მახსოვს.

საერთო ჯამში გამიმარტივდა. ჩემთვის ადვილი იყო, რადგან ათი თვე ვემზადებოდი და რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე. ახალი დავალებებიც მომეწონა, კარგი ქნეს რომ შეიტანეს, მეტად სააზროვნო იყო. ნაეკის გვერდზე წინა წლების ნიმუშებს ვაკეთებდი ხოლმე და იმათთან შედარებით ბევრად გამარტივებული აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ რაკი ახალი დავალებები შემოიტანეს, პირველ ჯერზე გაამარტივეს. შემდეგ წელს, ვფიქრობ, უფრო გართულდება.

მოკლედ, ამ გამოცდიდან კარგ შედეგს ველოდები. ყველაფერი დავწერე და ვფიქრობ დამიფასდება.

თამარ მუსერიძე, 177- საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია კითხვები ოსმალეთის დაპყრობაზე იყო. საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. ჯვაროსნულ ლაშქრობაზე იყო რუკები. ეგეც ძალიან მარტივად დავწერე. დავწერე ორი – ისტორიული წყაროს ანალიზიც და ისტორიული მოვლენის შეფასებაც. წყარო გიორგი სააკაძეზე იყო და მოვლენა აღარ მახსოვს. შინაარსობრივად საკმაოდ ნორმალური და ადვილი იყო. მე წინა წლების ტესტებს ვაკეთებდი ხოლმე და იმათთან შედარებით ადვილი მოვიდა. არადა, ისტორიის გამოცდა უფრო რთული გვეგონა. შიგნით სიტუაციაც მომეწონა, ძალიან კარგი დამკვირვებელი შემხვდა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ”.

ანდრია ხუხუნაიშვილი: “დავალებები ძირითადად საქართველოს ისტორიაზე იყო, ასევე ჯვაროსნულ ლაშქრობებზეც. წყარო გიორგი სააკაძეზე შემხვდა. ჩემი აზრი რაზეც უნდა დამეფიქსირებინა, იქ იყო კითხვა ოსმალეთთან კარგი ურთიერთობა რომ გვქონოდს ეგ ჯობდა თუ პირიქით, რუსეთს რომ შევერთებოდითო. საერთო ჯამში, ადვილი იყო, უფრო რთულს ველოდებოდი. წინა წელს არ ვიცი რა იყო, მაგრამ წელს ძალიან მარტივი ტესტი მოვიდა”.

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მე წინა წელსაც ვაბარებდი, ქართულის გამოცდაზე ცუდად გავხდი, ამიტომ წელს მომიწია გამოსვლა. ეს გამოცდა საკმაოდ მერთულა. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვემზადებოდი. ვინც ემზადებოდა, იმისთვის, ალბათ, არ იყო რთული. წინა წლის ტესტთან შედარებით, დღეს რაც მოვიდა, უფრო ძნელი იყო”.

დიტო ბურდული 173 -ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ღია და დახურული ტიპის კითხვები ძირითადად იყო ძველ ისტორიაზე მე-18 საუკუნემდე, როგორც საქართველოს ისტორიიდან, ასევე მსოფლიო ისტორიიდან. მოცემული იყო სავარაუდო პასუხები და უნდა აგვერჩია. კარიკატურა იყო აბრაამ ლინკოლნზე და ამერიკაზე. ბოლო ტექსტი და წყაროები იყო გიორგი სააკაძეზე და აქედან იყო კითხვები. რუკა იყო ხალხთა დიდი განსახლებაზე მესამე-მეოთხე საუკუნეებში და ეს უნდა შეგვეფასებინა დადებითი მოვლენა იყო თუ უარყოფითი და ისტორიული არგუმენტები უნდა მოგვეყვანა. ისტორიის გამოცდა ზოგადად უფრო რთული იყო ჩემთვის, ვიდრე ქართული. ქართული სააზროვნოა და ისტორიაში უფრო ფაქტების ცოდნაა საჭირო. ჯამში ისტორიის გამოცდა იყო საშუალო სირთულის, არც ძალიან მარტივი არც ძალიან რთული.”

ანა თაქთაქიშვილი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ქართულთან შედარებით ბევრად მარტივი ტესტი იყო, მოცემულობა რაც იყო ტესტში პოულობდი პასუხებში, ოდნავ თუ აზროვნებდა ბავშვი, არ გაუჭირდებოდა. ღია და დახურული ტიპის კითხვების ნაწილი ეხებიდა ქართლის ცხოვრებას, ისიც იყო 2018 წლის დარედაქტირებული და ძალიან მარტივი იყო დაწერა. რომის იმპერიაზეც იყო კითხვა. ერთი სიტყვით, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიას მოიცავდა დახურული და ღია დავალებები. უმარტივესი იყო, ძირითადად მე-7, მე-8 კლასის მასალა. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე იყო ილუსტრაცია მოყვანილი და ამაზე უნდა გვეპასუხა. რუკა ეხებოდა რომის იმპერიის დაპირისპირებას ბიზანტიასთან. იყო მთელი მონაკვეთი და საქართველოს როლი ამ კუთხით. იყო კითხვები სომხეთი რომ შედიოდა საქართველოს ფარგლებში და ა.შ. სხვა ისეთი არაფერი. რაც შეეხება გარემოს გამოცდაზე, იყო ძალიან კარგი, ასეთი წესებით გამოცდის ჩატარება ბევრად ჯობია, დისტანცია დაცულია და თავს უსაფრთხოდ გრძნობ. არც დაძაბულობაა, ხალხი ვინც გვხვდება ძალიან დადებითად განწყობილები არიან. მიწისძვრაც ვიგრძენით, მაგრამ იმდენად პოზიტიური აურა და განწყობა იყო, არ შეგვშინებია. ერთი ეგ იყო, რომ ერთი ბიჭი ვერ იყო კარგად, ხშირად გადიოდა გარეთ და ცოტა ყურადღება გვეფანტებოდა და 2 პირი არ გამოცხადდა, სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იყო.

ისტორია – ტესტის ნიმუში

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

ცნობისთვის, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური