GE

გასულ წელს ფსიქოსოციალური მომსახურება 3 556 მოსწავლეს დასჭირდა – მანდატურის სამსახურის ანგარიში

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 2022 წლის განმავლობაში 3 556 ახალი შემთხვევა შევიდა, საიდანაც 517 მოსწავლეს სხვა ტიპის მომსახურების მიღების მიზნით გადამისამართდა. ამის შესახებ მანდატურის სამსახურის გასული წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც 16 იანვარს გასაჯაროვდა.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს, მათ კანონიერ წარმომადგენლებს და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სუბიექტებს ორ უფასო ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობს. ცენტრში ფსიქოლოგიურ სერვისს ახორციელებს 38 ფსიქოლოგი და ბავშვთა და მოზარდთა 2 ფსიქიატრი.

“2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში სულ შემოვიდა 3 556 ახალი შემთხვევა. აქედან, 2 633 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან, ხოლო 923 ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადმომისამართდა სხვა სუბიექტის მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით და/ან შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ. საანგარიშო პერიოდში, 24 საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 568 შეტყობინება. მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის კომპეტენციის მიღმა არსებული მომსახურების მიღების მიზნით, სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელ სამსახურში, ცენტრის მიერ გადამისამართდა 517 მოსწავლე. ცენტრის სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ შემთხვევებში ჩართულ უწყებებთან და მონაწილეობენ მულტისექტორულ შეხვედრებში”, – ვკითხულობთ მანდატურის სამსახურის ანგარიშში.

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით, ფუნქციონირებს ვებგვერდი befriend.mes.gov.ge, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის დაცვით, ონლაინ ჩათის საშუალებით, მიიღოს კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

ანგარიშში შეტანილია მონაცემები სოციალური მუშაკების მუშაობის პროცესისა და მანდატურის სამსახურის სხვა ღონისძიებების შესახებ, რომელიც 2022 წლის განმავლობაში განხორციელდა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ანგარიში 2022.

ასევე იხილეთ:

რამდენით განისაზღვრა სკოლის ექიმის და ექთნის ხელფასი და რა სიახლეა მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური