GE

„გეოგრაფიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა არცერთ წელს არ დაწერილა“ – მიზეზები

2018 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებში გეოგრაფიის საგნის გამოცდაში მაქსიმალური ქულა ისევ არც ერთ აბიტურიენტს არ მიუღია. როგორც გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე EDU.ARIS.GE -სთან აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ის არის რომ აბიტურიენტებს ანალიტიკური დავალებების შესრულება და საკუთარი აზრის დასაბუთება უჭირთ, რაც სკოლის პრობლემაა.

რაც შეეხება, ეროვნულ გამოცდებზე, გეოგრაფიის საგანში დაგეგმილ ცვლილებებს, საგნის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ცვლილებები შევა გამოცდაზე აბიტურიენტები შემოდგომაზე გაეცნობიან.

დავით გოგელიძე: გეოგრაფიის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა სამწუხაროდ არც ერთ წელს არ დაწერილა. წელს პირველ ვარიანტში დაფიქსირდა 58, მაქსიმალური ქულა იყო 59. ამას შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ტესტი ორი ნაწილისგან შედგება, ერთი დახურული დავალებებია, რომელიც შემოსახაზი ტესტებისგან შედგება, მეორეა – ღია კითხვები, სადაც ბავშვებს მოეთხოვებათ სხვადასხვა საკითხის ანალიზი. სამწუხაროდ, მეორე ბლოკის დავალებები ძალიან უჭირს აბიტურიენტების უმრავლესობას და ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ, რის გამოც გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა ვერ იწერება.

– ანუ აბიტურიენტებს ანალიზი უჭირთ?

– დიახ, ანალიზის პრობლემა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების პრობლემა არის, რაც სავარაუდოდ ნაწილობრივ სკოლის პრობლემაცაა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება სასკოლო სწავლების პროცესში.

– გეოგრაფიის მეორე ვარიანტში ბარიერმა 2 ქულით დაიწია, რამ გამოიწვია ასეთი სხვაობა?

– წინა წლებში პირველი ვარიანტი უფრო რთული გამოდიოდა, წელს ისე გამოვიდა რომ მეორე ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული. ერთქულიანი განსხვავება ყოველთვის იყო, უბრალოდ წელს აღმოჩნდა რომ მეორე ვარიანტში რაღაც საკითხები უფრო მეტად გაუჭირდათ და გათანაბრების შედეგად, 13 ქულა გამოვიდა ზღვარი მეორე ვარიანტში, ხოლო პირველ ვარიანტში 15 ქულაა.

– ბარიერის დაწევის ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ იყო ისიც, რომ მეორე ვარიანტის 36 დავალება, რომელიც თანამედროვე მოვლენებს ეხებოდა აბიტურიენტთა უმრავლესობისთვის რთულად დასაძლევი აღმოჩნდა და მათ უმეტესობას პროტესტი ჰქონდა ამ დავალების მიმართ?

– მოგახსენებთ, 36-ე დავალება ორივე ვარიანტში იყო ძალიან მიახლოებული ერთმანეთთან, თანამედროვე აქტუალური პოლიტიკური პროცესებზე იყო ყურადღება გამახვილებული. ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მათ ეს საკითხები უნდა ცოდნოდათ. რაც შეეხება ამ 36-ე დავალებას ეს ორნაწილიანი დავალება იყო. ორივე ვარიანტში პირველი ნაწილი შეეხებოდა ბრექსიტის ევროკავშირთან დაკავშირებულ პრობლემას. მეორე ნაწილი პირველ ვარიანტში ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით იყო კითხვა, მეორე ვარიანტში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, მეტნაკლებად ვეცადეთ თანაბრად გადაგვენაწილებინა კითხვები, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ არ მგონია მხოლოდ ამ დავალების გამო დაწეულიყო მეორე ვარიანტის ბარიერი, ეს იყო მთლიანად ტესტის შეფასების ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.

– ბატონო დავით, რამდენად მაღალი იყო ამ დავალებაში აბიტურიენტების მიერ გაცემული სწორი პასუხების ოდენობა და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ 36-ე დავალება სხვა დავალებებთან შედარებით განსაკუთრებით გაუჭირდათ?

– ზოგადად, ბოლო 3 დავალება არის ისეთი, რომელიც ანალიზს მოითხოვს და ტრადიციულად, წლების განმავლობაში ამ დავალებებს აქვს ყველაზე დაბალი პასუხების გაცემის პროცენტი. აბიტურიენტების უმეტესობას უჭირს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა. ასეთი რადიკალური სხვაობა წინა წლებს თუ შევადარებთ ამ დავალებებში არ ყოფილა. ამავე კითხვაში იყო​ იდეალური პასუხები, თუმცა მათი წილი მთლიან კონკურენციაში იყო ძალიან დაბალი.

– როგორც უკვე ცნობილია მომავალ ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საგანის გამოცდაში გარკვეული ცვლილებები შევა. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა ცვლილებებს უნდა ელოდონ მომავალი აბიტურიენტები?

– მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ ცვლილებებს, რომელიც აუცილებლად დაანონსდება შემოდგომაზე. კონსულტაციებს გავივლით ყველა დაინტერესებულ პირთან, ეს იქნება გეოგრაფიული საზოგადოება, ვისაც კი მოეკითხება აზრი გეოგრაფიასთან დაკავშირებით და როცა შეჯერებული პოზიცია გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად დაანონსდება ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენს ვებ საიტზეც გამოქვეყნდება. ამ წუთში კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა გეტყვით, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

– რამდენად რადიკალურად აპირებთ გეოგრაფიის გამოცდის ტესტის შეცვლას?

– რადიკალურად, ალბათ, არ შეიცვლება. ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის ეროვნული სასწავლო გეგმა. ჩვენი მიზანი არის შემოწმდეს ის შედეგები, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გაწერილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის ის არის რომ ბავშვებს შეეძლოთ პრობლემის ანალიზი და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. წლიდან წლამდე ჩვენ ვცდილობთ რომ პროცენტული წილი დავალებებს შორის უფრო მეტად გადაიწიოს ანალიზური ტიპის დავალებებზე. როგორ გადანაწილდება ეს მაჩვენებელი ამას ცვლილებების განხორციელების პროცესში დავინახავთ.

– ანუ მომავალი წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საგანში კიდევ უფრო მეტი ანალიტიკური ტიპის კითხვა იქნება?

– ანალიტიკური კითხვები უკვე საკმაო რაოდენობით არის ჩვენს ტესტში. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ წლევანდელ და შარშანდელ შედეგებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწვეტილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ცვლილებები. საბოლოო ჯამში ყველას საგანში მიმართულება, ალბათ, უფრო აქეთკენ იქნება, რადგან თავის მხრივ ეროვნული სასწავლო გეგმაც გვავალდებულებს რომ საკითხები გავშალოთ.

– შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია თუ არა გეოგრაფიაში არსებული შედეგები?

– ბოლო სამი წლის სტატისტიკურ ინფორმაციას თუ გადავხედავთ, კომპეტენციის ზღვარი წელს 90%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გადალახა. დაახლოებით ამ დიაპაზორში – 2016, 2017 წლებში არსებული მონაცემებიც, პლიუს მინუს 2 პროცენტიანი სხვაობით. შარშან უფრო ნაკლებმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი წელს უფრო მეტმა, თუმცა რადიკალური განსხვავება არ გვაქვს.

ამავე თემაზე:

2018 წლის რომელი საგნის გამოცდებში ვერ მიიღეს აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით

აბიტურიენტთა გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა – გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური