გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი წარადგინა.
„გიორგი ამილახვარი ძალიან კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის განათლების სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქმიანობისთვის და განაცხადა, რომ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაგრძობს მუშაობას:
„მე უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს. მინდა აღვნიშნო, რომ მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო. იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი მიხეილის სურვილი იყო, რომ იგი დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას, კერძოდ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ“.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობა და იმ გამოწვევებს, რაც სისტემაში რჩება, სჭირდება გადაჭრა.
„დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ამბობს, რომ მათი სურვილია, ყველაფერი საუკეთესო შესთავაზონ თაობებს სკოლებში, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სასწავლო პროგრამისა და საგანმანათლებლო რესურსების თვალსაზრისით.
„ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. შევქმნით დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს და შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და ხელს შევუწყობთ მათ განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. მხარს დავუჭერთ პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლება მისი მინისტრობისას პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში, სამინისტრო წარადგენს იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ აპირებს უწყება ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ, იოლი ფორმების მექანიზმებს შესთავაზებს დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.
გიორგი ამილახვარი გეგმავს, რომ სამინისტროს გუნდის მიერ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგინოს.
გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.
განათლება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.
სამართლის დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება:
2018 – 2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2010 – 2020 წლებში – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
2008 – 2010 წლებში – ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში – „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
2007 – 2008 წლებში იყო მთავარი სპეციალისტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ასევე იხილეთ:
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება