„გოგოა და ყურადღება უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ქერქეტა არ არის“ – გულშემატკივრების ფიქრები აბიტურიენტების გამოსვლის მოლოდინში
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გულშემატკივრებს ხუმრობით „მშობელთა კლასტერიც“ კი შეარქვეს. კორონავირუსმა მათი ნერვიულობა კიდევ უფრო გაამძაფრა, თუმცა გამოცდაზე აბიტურიენტთან ერთად მისვლის დაუოკებელ სურვილს ვერაფერი დააკლო.
დღეს მათ საგამოცდო ცენტრთან დისტანციის დაცვის მიზნით კიდევ უფრო გამკაცრებული პირობები დახვდათ და უმეტესობა ითვალისწინებს კიდეც. კრიტიკის მიუხედავად, მშობელთა ღელვა გასაგებიცაა, მათ ემოციური თუ მატერიალური რესურსი მიუძღვნეს შვილების სტუდენტობისკენ მიმავალ გზას და უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ „წინა ხაზზეც“ გმირულად იდგნენ სიცხის მიუხედავად. დღეს, როცა საქართველოს უმეტეს ნაწილში 40 გრადუსზე მეტი სიცხეა გამოცხადებული, გულშემატკივრებს აბიტურიენტებთან ერთად საკუთარი თავიც ადარდებთ. ნაწილი მზეს ჩრდილში ემალება და EDU.ARIS.GE-ს თავიანთ ფიქრებსა და ემოციებს უზიარებენ საგულშემატკივრო ობიექტის მოლოდინში. პერიოდულად, სხვა აბიტურიენტის გამოსვლის დროს წამოხტებიან, გაედევნებიან და ამბავს კითხულობენ. ფრაზა – „ჩემი გოგო/ბიჭი ხომ კარგად წერს ნეტავ“ – წელსაც აქტუალურია.
აბიტურიენტი რძლის მოლოდინში მყოფი დედამთილი, ირმა წიწილაშვილი თბილისიდან: ,,ჩემი რძალი აბარებს, თან ფეხმძიმედაა და ვნერვიულობ. თუმცა ვიცი, რომ კარგადაა მომზადებული. ვფიქრობდით, რომ კორონავირუსის გამო პირბადეზე შეზღუდვა ხელისშემშლელი იქნებოდა, მაგრამ კარგია რომ დაუშვეს შეღავათები. წარმატებას ვუსურვებ ჩემს რძალსაც და ყველა აბიტურიენტს.
ქუთაისელი აბიტურიენტის დედა: “დავუშალე ჩემს შვილს შორტით მოსვლა. ძალით ჩავაცვი გრძელი შარვალი. ვუთხარი, მაინც, საგანმანათლებლო დაწესებულებაა მეთქი და რას ვხედავ, აქ როგორ აცვიათ. გრილად მაინც იქნებოდა ბავშვი. ძალიან ვჯავრობ.”
აბიტურიენტის გულშემატკივარი ქუთაისიდან: “მთავარია ბავშვმა ჩააბაროს და გარეთ არ დარჩეს. ჩაწერილი ბევრი აქვს, მაგრამ არ დავეძებთ რომელ სპეციალობაზე მოხვდება. ძალიან მინდა სტუდენტი გახდეს. მთელი ღამე ორივე განცდებში ვიყავით, არც ერთს არ გვძინებია. რაიონიდანაა ჩემთან ჩამოსული, ჩემი ძმისშვილია.”
აბიტურიენტის ბებია: “ეს ჩემი შვილიშვილი ძალიან დაბნეული ბავშვია, მთავარია იქ არ აერიოს საკითხები, თორემ ისე ძალიან კარგადაა მომზადებული”.
ლუარა თოლორდავა, მშობელი სამეგრელოს საგამოცდო ცენტრიდან: “ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურიდან ჩამოვედით. საერთოდ არ ვნერვიულობ, ინერვიულოს მან, ვისაც მისი შვილის შესაძლებლობების იმედი არ აქვს. ჩემი შვილი არის უჭკვიანესი და უნიჭიერესი. მხოლოდ ინგლისურში მეცადინეობა დასჭირდა. სხვა საგნებზე თვითონ ბევრს მუშაობდა. ქუთაისის უნივერსიტეტში უნდა მოხვედრა ისტორიულზე. თუ მოხვდა მანდ, მერე ბინას ვუქირავებ და კვირაში ერთხელ მივაკითხავ. გოგოა და ყურადღება უნდა, მიუხედავად იმის, რომ ქერქეტა არ არის.”
ნუნუ ქარდავა, 18 წლის გოგონას დედა: ,,ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონიდან ვართ, მაგრამ ახლა ზუგდიდში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი აბარებს. ფილოლოგობა უნდა. სკოლაში კარგად სწავლობდა. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ ჩააბარებს და დაფინანსებასაც მოიპოვებს. ძალიან ვნერვიულობ. დილიდან ორი კაპტოპრილი მაქვს დალეული. რა ვიცი, ვნახოთ. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. ყველაფერს განვიცდი, თბილისში ცხოვრება, სწავლა ხარჯებთანაა დაკავშირებული. იქ ბინა არ გვაქვს და უნდა ვიქირაოთ, მერე სმა-ჭამა, მისვლა-მოსვლა. მოკლედ, არაფერს არ დავაკლებ ჩემს შვილს. ვნახოთ რა შედეგს გამოიტანს“.
19 წლის გოგიტა ბახტაშის მამა, ვაჟა ბახტაძე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრიდან: ,,ბათუმიდან ჩამოვედი ჩემი შვილის საგულშემატკივროდ. ზუგდიდშია ჯარში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. შარშან არ ჩააბარა. წელს ცდის ბედს. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. კერძოდაც დადიოდა რეპეტიტორთან როცა დრო ჰქონდა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე უნდა სწავლის გაგრძელება. ვნახოთ რას იზამს. მიზანდასახული და გონიერი ბავშვია და მგონია ღმერთი ხელს შეუწყობს“.
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია კი საკუთარ ისტორიას აბიტურიენტის მშობლის როლში დღეს სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი. ნუ, ჯერ ხომ ვიძახდი რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები მეთქი, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი, ბოლოს კუთხე რომ დამენახა ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილეს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა – „აი, რომ შეამკობ რა საკაიფო ეპითეტებით“, ვეუბნები და ნუ მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ახლა ვდგევარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის ე.ი. კარგად, თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ე.ი. შეცდომით შემოხაზა.
არადა, სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან-მეთქი და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი. „დედა ენაცვალოს“.
P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ“.
მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოცდისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ არის, ნაწილი კი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის მხოლოდ სწავლა არ კმარა და მთავრობა მათ დასაქმებას უნდა უწყობდეს ხელს.
“ახალგაზრდებს მთავრობა გვერდით უნდა ამოუდგეს. მათი წარმატება თუ პრობლემა უნდა გაითავისოს. ახალი თაობა ხელისუფლებისგან ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ხელი უნდა შეუწყონ პირველ რიგში დასაქმებაში. დაჩაგრულად ვთვლი ამ აბიტურიენტებს, ახლა რომ აბარებენ და იმ უკვე სტუდენტებს. ამთავრებენ უნივერსიტეტს და შემდეგ დიპლომით სახლში სხედან”, – გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მამიდამ, ნანი გოგიძემ, რომელიც ძმის შვილს ქუთაისის საგამოცდო ცენტრთან ელის.
“სამი საათი და ნახევარი გამოცდისთვის, მით უმეტეს ქართული ენისა და ლიტერატურისთვის ძალიან ცოტაა. პედაგოგი ვარ და მეც ხომ მაქვს ჩაბარებული, ვიცი რაცაა. ბევრია სამუშაო და დრო უნდა გაეზარდათ. რაც შეეხება ჩემს შვილს, სამედიცინოზე აბარებს. კარგად მოემზადა, თუმცა ჭკვიანი ყოველთვის ღელავს და ასეა ჩემი ბავშვიც. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს”, – ამბობს ქუთაისის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე მშობელი ხათუნა წიფურია.
იმედია, ყველა გულშემატკივრის იმედები გამართლდება და საგამოცდო სექტორთან სიცხეში დგომას სიხარულით გაიხსენებენ.
ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 25 ივლისს დასრულდება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება