GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტები და ახალი შესაძლებლობები პერსონალისა და სტუდენტებისთვის

პანდემიამ, უკვე მეორე წელია, თავდაყირა დააყენა მსოფლიოს მოსახლეობის ყოფა და ცხადია, მისი გავლენა განათლებას, უნივერსიტეტებსა და სტუდენტებსაც დაეტყოთ. ახალ რეალობასთან ადაპტირება მინიმალური ზიანით მთავარ ამოცანად იქცა. რა ხდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში? მიმდინარე საერთაშორისო პროექტები, კორონავირუსის პირობებში არსებული გამოწვევები და სიახლეები – ეს არის საკითხები, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორი დაწვრილებით გვესაუბრება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც EDU.ARIS.GE-მ პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან ჩაწერა.

– რა გამოწვევების წინაშე დადგა გორის უნივერსიტეტი პანდემიის პირობებში?

– პანდემია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად. რასაკვირველია, ეს ძალზე მოულოდნელი იყო, რამაც შოკში ჩააგდო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. მძიმე გამოწვევის წინაშე დადგა განათლების სისტემა, მაგრამ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020-2021 სასწავლო წლისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადადგა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის ჭრილში.

გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულებები ინსტიტუციური მობილობის განხორციელების მიმართულებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) 3 პროექტში და ასევე, Erasmus + ჟან მონეს აქტივობებში.

– თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ გორის უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ.

– პირველი პროექტი, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო, არის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“, რომელიც დაფინანსებულია Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 წლის კონკურსის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის, საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას. განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერების შესახებ პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, გაზრდის საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობას, სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და მოახდინოს მათი შედეგების შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე დანერგვასა და განვითარებას.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, 8 ქართული და 4 ევროპული უნივერსიტეტის შემადგენლობით.

მეორე პროექტი, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო, არის ”უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“, რომელიც დაფინანსებულია Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 წლის კონკურსის ფარგლებში.

პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, 9 ქართული და 4 ევროპული უნივერსიტეტის შემადგენლობით.

მესამე პროექტი, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო, არის “ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, რომელიც დაფინანსებულია Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 წლის კონკურსის ფარგლებში.

პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრების ჩამოყალიბება.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 9 ქართული და 2 ევროპული უნივერსიტეტის შემადგენლობით.

– რა სიახლეებს უნდა ელოდონ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები?

– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ გაიმარჯვა ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსის ფარგლებში.

მოდულის მიზანია ევროპული სივრცის გაძლიერება რეგიონში, ევროპული ასოცირების პროცესის ხელშეწყობა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამაში. კერძოდ, სამართლის, საჯარო მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამებში, ახალი სასწავლო საგნის „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ ინტეგრირებით.
მოდულის ამოცანაა არამხოლოდ ევროპული სწავლების განვითარება, არამედ საკუთარი მიდგომებისა და მოდელის სხვა უნივერსიტეტებისათვის გაზიარება, ამ ტიპის სწავლების მთელს საქართველოში განვრცობის მიზნით. მოდულის ხანგრძლივობა 36 თვე, ხოლო მოდულის კოორდინატორია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

ასევე, უნივერსიტეტს და ფართო საზოგადოებას გვსურს, რომ სასიამოვნო სიახლე გავაცნოთ, რომელიც ეხება უნივერსიტეტში ევროპული ენების ცენტრების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, უნივერსიტეტში დაარსდა ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი. აღნიშნული ცენტრის ბაზაზე განხორციელდება ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას.

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, უნივერსიტეტში დაარსდა იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი, სადაც განხორციელდება იტალიური ენის შემსწავლელი კურსები.

ასევე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, რომლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა განხორციელდა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დაფინანსებით. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკვე მიმდინარე სასწავლო წელს შეუძლიათ თურქული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ შეთავაზებულ ენის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირება.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცენტრების გახსნა მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით: ერთი, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიური პერსონალს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ ევროპული ენები, რაც მათ გზას გაუხსნის არაერთი საინტერესო შესაძლებლობისკენ, ხოლო მეორე კუთხით, უნივერსიტეტი შეძლებს ცენტრების მეშვეობით ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის ჭრილში ახალი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სიახლეები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური