GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 9 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: პროფესორი რაფალ გოდონი – ვარშავის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლუკაშ ნისიოლოვსკი-სპანო – ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი იან მალიცკი – აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი დავით ყოლბაია – აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კავკასიის მიმართულების ცენტრის მკვლევარი და დოქტორი იაროსლავ ტურლუკოვსკი – სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის დეკანის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიასთან თანამშრომლობისთვის.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, შეხვედრის დროს, პოლონელ კოლეგებთან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ვარშავის უნივერსიტეტს საქართველოს უმაღლეს საგანამნათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

„ვარშავის უნივერსიტეტი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ურთიერთობა თითქმის ერთ ათეულ წელს ითვლის და ამ წლების განამვლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის ღონისძიება განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი მემორანდუმის ფარგლებში არაერთი ახალ, საინტერესო ერთობლივ ინიციატივას განვახორცილებთ“, – აღნიშნა  ალექსანდრე მღებრიშვილმა.

შეხვედრაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სემინარებსა და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების გაცვლას, სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას.

ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორები ესწრებოდნენ.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი“, შეხვდნენ ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს და მოისმინეს მათი პრეზენტაცია თემაზე “ ჩემი თვალით დანახული ვარშავის უნივერსიტეტი“. დელეგაციის წევრებმა სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ვარშავის უნივერსიტეტში არსებული პროგრამებისა და სტუდენტური პროექტების შესახებ, სადაც მათ, მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორისა და ვარშავის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოინახულეს ატენის სიონი და ატენის დედათა მონასტერთან არსებული ისტორიული მარანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური