„გორის უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარებას, რათა იყოს რეგიონში განათლების საუკეთესო კერა“ – გიორგი სოსიაშვილი
ეროვნული გამოცდები დასკვნით ფაზაში გადადის. აბიტურიენტები ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინ დგანან – წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტში, რომელიც მათ იმედებს გაამართლებს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ იმედების გასამართლებლად არაერთი მიმართულებით ვითარდება და შესაბამისად, ყოველწლიურად ჩარიცხულ აპლიკანტთა რიცხვიც იზრდება. 2020-2021 სასწავლო წლებში დაგეგმილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი გვესაუბრა.
– რომელ პროგრამებზე გაქვთ გამოცხადებული მიღება და რომელ მიმართულებებზე ელით წელს ყველაზე მეტ აბიტურიენტს?
– ჩვენ სასწავლებელში 30 -ზე მეტი პროგრამა გვაქვს აკრედიტირებული და ყველა მათგანზე გამოცხადებულია მიღება. დღეის მდგომარეობით 415 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ყველაზე მაღალი კონკურსი საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაზეა, თუმცა რეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელია სხვა პროგრამებზეც, ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წელს წინა წლებთან შედარებით მეტი სტუდენტი ჩაირიცხება.
– რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამა უნივერსიტეტში?
– ჩვენთვის ყველა პროგრამა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ყველა მათგანს გააჩნია თავისი ხიბლი. თითოეული მათგანი აბიტურიენტების მხრიდან საკმაოდ მოთხოვნადია. არსებულ სპეციალობების კურსდამთამთავრებულების დასაქმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ღირსეულად პასუხობენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რომლის კვლევაც ხშირად ხორციელდება უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მხრიდან.
– რა არის ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ძლიერი მხარე ?
– გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. გამართული და მოწესრიგებულია ყველა კორპუსი, ვგულისხმობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, კომპიუტერულ ლაბორატორიებს. გვყავს მაღალი დონის პროფესურა, რომელიც ნებისმიერ ევროპულ უნივერსიტეტებს დაამშვენებს თავისი სამეცნიერო და აკადემიური მიღწევებით. ჩვენთან ყველა სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს მაღალი დონის ევროპული განათლება, რაც მათი დასაქმებისთვის არის მნიშვნელოვანი.
– რა ელით წლევანდელ აბიტურიენტებს გაცვლითი პროგრამის კუთხით
– გორის უნივერსიტეტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს, აქტიური თანამშრომლობა როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან სასწავლებლებთან, სადაც სტუდენტები გაცვლითი პროგრამების საშუალებით მიდიან. გორის უნივერსიტეტი ჩართულია “ერასმუს+” არაერთ პროგრამაში, რაც სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში წარმატებით ჩართვის შესაძლებლობას გვაძლევს. ძალზე ახლო ურთიერთობა გვაქვს, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე თურქეთის სასწავლებლებლებთან. ამჯერად ნეაპოლის უნივერსიტეტთან მივაღწიეთ შეთანხმებას საჯარო მმართველობის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ.
– სწავლის გადასახადის კუთხით რაიმე სახის შეღავათების დაწესებას ხომ არ გეგმავთ სასწავლებელში?
– გადასახადების გადახდის თვალსაზრისით გადავადების თვალსაზრისით შეღავათი ახლაც არის უნივერსიტეტში. პანდემიის პირობებში ჩვენ თითოეულ სტუდენტს გადავუვადეთ გადასახადი რამდენიმე თვით. მოქნილი სისტემის მეშვეობით სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა რამდენიმე ნაწილად შეუძლიათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სტუდენტებს ღირსეული სასწავლო გარემო ჰქონდეთ.
უნივერსიტეტში შეიცვალა ბევრი რამ. დაინერგა დისტანციური სწავლება. ჩვენ წარმატებით გავართვით თავი პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევას და შედეგიც სახეზეა. გორის უნივერსიტეტს მიმდინარე სემესტრში არც ერთი აქტივობა არ გაუუქმებია,პირიქით,დამატებითი ღონისძიებებიც ჩავატარეთ, სკოლების მასწავლებლებისათვის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად არაერთი ვებინარი შევთავაზეთ სკოლის პედაგოგებს, რომელთაც სამეცნიერო კვლევებში არსებული გამოცდილება გავუზიარეთ.
– ხომ არ იგეგმება მეტი პრაქტიკა ახალი სასწავლო წლისთვის?
– საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ აუცილებლობა, აქვთ პრაქტიკის კომპონენტი, რომელსაც წარმატებით გადიან გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. დღეის მდგომარეობით, პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, სტუდენტები პრაქტიკას გადიან ორნაირი პრინციპით, ეს არის პრაქტიკა რეალურ სივრცეში, ვგულისხმობთ სხვადასხვა დაწესებულებებში გავლილ პრაქტიკას და ასევე, სიმულაციურ პრაქტიკას, რომელიც იძლევა საშუალებას პრაქტიკული კომპონენტი დისტანციურ რეჟიმში იქნას ათვისებული. ამ მხრივ, პრობლემა სტუდენტებს არ შექმნიათ.
– ონლაინ სწავლების გაგრძელების შემთხვევაში, როგორია უნივერსიტეტის მზადება?
– როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი უნივერსიტეტმა დისტანციურ სწავლებას. პროფესორები შეუფერხებლად ატარებენ ლექციებს, იმედია, პანდემია მალე დასრულდება (ხელისუფლება მართლაც ღირსეულად გაუმკლავდა ამ გამოწვევას), თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდეს.
-დაბოლოს როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენი სამომავლო გეგმები არის საკმაოდ ჯანსაღი ამბიციით ნასაზრდოები. მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული აკრედიტაციის პროცესი და ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილმა ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, ეს ჩვენი პროფესურის, ადმინისტრაციის და სასწავლო პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის დამსახურებაა.
6 თვეში გვიწევს ავტორიზაციის პროცესი და იმედი გვაქვს წარმატებით გავივლით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, თვის ბოლოს გვექნება ვირტუალური საზაფხულო ბანაკი, რომელშიც უცხოეთის რამდენიმე სასწავლებელი ჩაერთვება.დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო კონფერენცია. გორის უნივერსიტეტში დაარსდა რამდენიმე იმფაქტ-ფაქტორიანი ჟურნალი, რაც სამეცნიერო საქმიანობის თამასას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აწევს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობთ საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე, რომელსაც სავარაუდოდ წლის ბოლოს წარვადგენთ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ამ პროგრამის წარმატებული აკრედიტაცია გორის უნივერსიტეტის სამსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლის საწინდარი იქნება. გორის უნივერსიტეტი არ ჩერდება და აგრძელებს განვითარებას, რათა იყოს რეგიონში განათლების საუკეთესო კერა.
- გორის უნივერსიტეტში გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი სამეცნიერო სესია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი საჯარო ლექცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი