GE

გორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ტრაპიზონში მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული

საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესა და წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ტრაპიზონს დათო ტურაშვილი, შოთა არველაძე და გიორგი სოსიაშვილი სტუმრობდნენ.

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში 28 აპრილს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც, სხვადასხვა თურქ და უცხოელ ავტორებთან ერთად, წარმოდგენილი იყო გორის უნივერსიტეტის რექტორ-პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული “მარტოსულთა ზამთარი”. კრებული თურქულად თარგმნა თურქეთის რესპუბლიკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰარუნ ჩიმქემ, კრებული გამოიცა ქ. ანკარაში, გამომცემლობა GECE kitapliqi-ის მიერ.

30 აპრილს დაგეგმილი იყო გიორგი სოსიაშვილის აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია, რისთვისაც ფესტივალის ორგანიზატორებმა დაამზადეს სპეციალური საინფორმაციო, სარეკლამო ბანერი.

გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაციას ეწვივნენ თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. პრეზენტაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა წარმოდგენილი კრებულის ყველა ეგზემპლარი.

ამავე დღეს საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებამ – გენერალური კონსულის უფროსმა მრჩეველმა (კონსული) დავით ბეჟაშვილმა, ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა, კონსულტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა, სპეციალისტმა სოფიო აბაშიძემ საკონსულოში გამართეს ოფიციალური მიღება, სადაც მიწვეული იყო გორის უნივერსიტეტის დელეგაცია – გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე და გორის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პროფესორი ანა იმნაძე.

1 მაისს კი გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ კარამანს.

შეხვედრაზე განიხილეს გორისა და რიზეს უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთობის რამდენიმე საკითხი, კერძოდ: ერთობლივი საზაფხულო ბანაკის მოწყობა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა ქართულსა და თურქულ ენაში; ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამის დამუშავება-განხორციელება და გორის უნივერსიტეტში თურქული ენის შესწავლის პროცესში ხელშეწყობა.

შეხვედრა დასრულდა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური