GE

გრძელი კაბები უფრო პოპულარულია, უნდა ჰქონდეს ჩახსნილი ბოლოები – ტანსაცმლის დიზაინერი საბანკეტო სამოსის შერჩევას გაგიმარტივებთ

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის განსაკუთრებული დღისთვის განსაკუთრებულ მზადებას იწყებს და იმაზე დიდ დროს ხარჯავს სამოსის შერჩევაში, ვიდრე ეს როდესმე წარმოედგინა. სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთი დღე გამოსაშვები საღამოა, ე.წ ბანკეტი. ამ დღეს ისინი ყურადღების ცენტრში არიან და დიდია სურვილი, რომ კრიტიკოსთა აღფრთოვანებაც კი შეძლონ.

EDU.ARIS.GE ჩვენი მკითხველი მოსწავლეების დახმარებას შეეცდება. დიზაინერი სოფო ქათამაძე (Sophie Key), რომელიც საბანკეტო და გამოსასვლელ კაბებს ქმნის, გვიყვება როგორი სტილის სამოსზეა განსაკუთრებული მოთხოვნა წელს, არსებობს თუ არა ტრენდული ფერი ან სტილი, რომელსაც ბანკეტისთვის ირჩევენ. ჩვენი რესპონდენტი იმ პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ, რომელიც თქვენს სხეულზე, ხასიათსა და გემოვნებაზე მორგებული სამოსის შერჩევაში დაგეხმარებათ.

– სოფო, როდის იწყებენ მოსწავლეები საბანკეტო სამოსის შერჩევას, არსებობს ამისთვის რეკომენდირებული ვადა?

– ინდივიდუალურია. როგორც წესი, აბიტურიენტების უმრავლესობა, ძირითად სამზადისს აპრილში იწყებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა გაცილებით ადრე იწყებენ მზადებას და 6-7 თვით ადრე არჩევენ სამოსს, სტუმრობენ სხვადასხვა მაღაზიებს, ან მკერავს, დიზაინერს, რომ მათვის სასურველი სამოსი შექმნან. გარკვეული დრო არის საჭირო არჩევანის გასაკეთებლად და ვურჩევ, გადაჭრით არ მიიღონ გადაწყვეტილება, ამ დღის მოგონება და ფოტოსურათები მთელი ცხოვრება დარჩებათ.

– რა არის მოდური 2023 წელს და როგორი სტილის, ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას სკოლის დასრულების მომლოდინეები, მოკლე თუ გრძელი კაბებია აქტუალური?

– როგორც წესი, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც ამა თუ იმ წელს აქტუალური იქნება, თუმცა გარკვეული ტენდენციები მაინც შეინიშნება. მაგალითად, წელს ძალიან პოპულარულია კორსეტიანი გრძელი კაბები, შეხსნილი ბოლოებით.

ყველაზე ხშირად ირჩევენ ვერცხლისფერ, ბრჭყვიალა სტრუქტურის კაბებს, რომელიც მეც აქტუალურად გამოვიყენე ახალ კოლექციაში და ასევე პასტელის ფერები: ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი და იისფერი. მშვიდი და ნეიტრალური ფერები წელს არის განსაკუთრებით მოდური და მოთხოვნადი.

– რა ვითარებაა ბიჭების შემთხვევაში, რა ტიპის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას?

– ბიჭები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მოდის ტენდენციებს და უფრო საკუთარი ხასიათისა და განწყობის მიხედვით არჩევენ სამოსს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.

– გაგვიზიარეთ, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ კურსდამთავრებულებმა საბანკეტო სამოსის შერჩევისას?

კრიტერიუმი 1: მმატებს თავდაჯერებულობას და ვფიქრობ, რომ ჩემზეა მორგებული. ყველაზე მთავარია, თავი იგრძნოთ თავდაჯერებულად და კომფორტულად. სამოსი უნდა განიჭებდეთ ბედნიერებას და მასში თავს განსაკუთრებულად უნდა გრძნობდეთ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ სამოსით მოძრაობა მოგიწევთ და თავს შებოჭილად არ უნდა გრძნობდეთ.

კრიტერიუმი 2: ჩემი გემოვნებით არის შერჩეული. ხშირია შემთხვევები, როცა მშობლებს, მეგობრებს, შეყვარებულებს მიმართავენ და სთხოვენ, გაჰყვნენ სამოსის შესარჩევად, ეს რასაკვირველია, კარგია, მაგრამ საღამოს მონაწილემ არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, ამიტომ ვურჩევდი, წაიყვანეთ ახლობლები, ჩართეთ შერჩევის პროცესშიც, მაგრამ ბოლო სიტყვა თქვენი იყოს.

კრიტერიუმი 3: ჩემს სხეულის საუკეთესო ნაწილებს გამოკვეთს. გოგონების შემთხვევაში, კარგად შერჩეული კაბა უნდა გამოკვეთდეს მათი სხეულის საუკეთესო ფორმებს და ნაკლოვანებებს მალავდეს. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და ვფიქრობ, უნდა გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან, შეარჩიონ ისეთი სამოსი, რომელიც მოსწონთ.

– სამოსის მინიმალური და მაქსიმალური საფასური რა შეიძლება იყოს გოგოს ან ბიჭის შემთხვევაში?

– ღირებულება დამოკიდებულია ქსოვილის სტრუქტურაზე და ხარისხზე. ასევე, სამოსის სირთულესა და ხელით მუშაობის აუცილებლობაზე. ფასის საშუალო არეალი 250 ლარიდან 1000-ლარამდე მერყეობს, თუმცა მეორად საბანკეტო ტანსაცმელზეც არის ხოლმე მოთხოვნა და ჩემი დაკვირვებით, ფასი 50 ლარიდან იწყება.

– სოფო, რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა საბანკეტო სამოსის ძიებაშია?

– საკუთარი ინდივიდუალიზმის და უნიკალურობის ხაზგასმას გირჩევთ საბანკეტო სამოსში. ის თქვენს ხასიათსა და შინაგან სამყაროს იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს, ეს დღე განსაკუთრებულია და თქვენც განსაკუთრებულები ხართ!

ასევე იხილეთ:

„მთავარი კრეატიულობაა“ – რა არის სასკოლო ბანკეტების ალტერნატივა და რაში იხდიან მშობლები 700 ლარს?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური