GE

„მთავარი კრეატიულობაა“ – რა არის სასკოლო ბანკეტების ალტერნატივა და რაში იხდიან მშობლები 700 ლარს?

რამდენად შესაძლებელია, ტრადიციად ქცეული სასკოლო ბანკეტის ჩანაცვლება სხვა, თუნდაც ინტელექტუალური ღონისძიებით, რომელიც ფინანსებთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული, არსებობს თუ არა რაიმე სახის ალტერნატივა და რა ჯდება დღეს ბანკეტი ერთი მოსწავლისთვის? – EDU.ARIS.GE სკოლადამთავრებულთა მშობლებთან და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან სწორედ იმ საკითხების გარკვევას შეეცადა, რომელიც დღეს ასე აქტუალურია, რადგან XII კლასელების უმრავლესობისთვის სკოლაში სწავლის დასასრულს აღსანიშნი ბანკეტების პერიოდი ჩვეული გაწამაწიით დაიწყო – ძვირფასი ტანისამოსი, ძვირიანი ავტომანქანის მომსახურება, რესტორანი, ფოტოგადაღება, ფოიერვერკი…

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის აღნიშვნა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ოჯახებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. წელს სოციალურ ქსელში კამპანიაც კი აგორდა „გავაჩუქებ საბანკეტო კაბას“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ჩუქნის, ზოგი კი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საბანკეტო საღამოსთვის საკუთარ სამოსს ერთი დღით სთავაზობს. იმ ფონზე, როცა წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია, საბანკეტო ხარჯი ტვირთად განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებს აწვება. შვილების სურვილების ასასრულებელი საჭირო ფინანსების მოძიება კი არცთუ ისე ადვილია.

ერთერთი მშობელი, რომლის შვილმაც სკოლა წელს დაამთავრა და ბანკეტიც უკვე გადაიხადა, დიზაინერი ნანა მელქაძეა. EDU.ARIS.GE-სთან ყვება, რომ მის ვაჟს ერთერთი ყველაზე ძვირიანი სამოსი, სმოკინგი ეცვა, რომელიც თავად შეუკერა. დიზაინერმა წელს საბანკეტო კაბებიც შეკერა, რომელთა ფასიც 400-დან 1400 ლარამდე მერყეობს.

„ბანკეტი მცხეთაში, რესტორან-სასტუმროში გაიმართა. ერთი მოსწავლისთვის 700 ლარამდე დაჯდა სუფრა, ვიდეო გადაღება, ფოტოგრაფი, ფოიერვერკები და აქსესუარები. ჩემს შვილს სმოკინგი ეცვა, რომელსაც სხვას რომ ვუკერავ, 900 ლარი ჯდება. მამაკაცის პიჯაკისა და შარვლის შეკერვა კი 650 ლარიდან იწყება. საბანკეტო კაბების ფასი 400 ლარიდან იწყება და ადის 1300-1400 ლარამდე. გააჩნია ნაჭერს. კარგი ფეხსაცმელი კი იწყება 400 ლარიდან და ადის 1200 ლარამდე, საშუალო ფასი 700 ლარია“, – გვითხრა ნანა მელქაძემ.

ამბობს, რომ მისი შვილის კლასს სულაც არ უნდოდა, ბანკეტი გადაეხადა და საზღვარგარეთ მოგზაურობა ერჩიათ, თუმცა მშობლების აქტიურად ჩარევის შემდეგ, მაინც ტრადიციული ღონისძიება გადაწყდა. ნანა მელქაძე თვლის, რომ სკოლის დამთავრება ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი დღეა და უნდა, მის შვილს ბანკეტის დღის ფოტოსესია თუ ლამაზი საღამო, მოგონებად დარჩეს.

„უცხოეთში სხვა დროსაც შეუძლიათ წავიდნენ. პედაგოგებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან გატარებული საღამო, სადაც მთელი 12 წლის ამბები დიდი იუმორით გაიხსენეს, მაინც აუცილებელი და განუმეორებელია“, – ამბობს ნანა მელქაძე.

კიდევ ერთი მშობელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა გვთხოვა, გვიყვება, რომ მისი შვილი ბანკეტზე წასვლას არ აპირებდა, რადგან ვერ შეძლებდა კონკურენცია გაეწია თანაკლასელებისთვის ჩაცმის ნაწილში და რესტორნისა თუ სხვა სახის ხარჯი, 500 ლარიც გადაეხადა. დედა ყვება, რომ მოახერხა და შვილს საბანკეტო კაბა 130 ლარად უყიდა.

„მთელი წელი რეპეტიტორების თანხას ძლივს ვუხდიდი. ერთ საგანში ჩემი მეგობარი ამზადებდა უფასოდ, რაც ძალიან დამეხმარა. ჩემს შვილს ბანკეტზე წასვლა არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ყველა მასზე უკეთესად იქნებოდა გამოწყობილი. შვილს ასე ვერ დავჩაგრავდი, რომ ბანკეტზე არ წასულიყო. ბევრი ძებნის შემდეგ, ატლასის ნაჭრით შეკერილი ულამაზესი კაბა ვუყიდე ბაზრობაზე. ფეხსაცმელი კი ერთერთ აუთლეტ-მაღაზიაში 65 ლარად იყიდა.

“დარწმუნებული ვარ, ვისაც 10-ჯერ მეტი ჰქონდა სამოსში გადახდილი, ვერც მიხვდა, როგორ შეიძლება ბევრად ცოტა გადაიხადო და არანაკლებად გამოიყურებოდე. ჩემი შვილის კლასში სხვებსაც უჭირდათ ასე და მხოლოდ ეს არ ყოფილა ლილოში ნაყიდი კაბით ბანკეტზე. მეგობრის დახმარებით მოვახერხე და ის 500 ლარიც გადავუხადე, რომელიც რესტორნისა და სხვა ხარჯებისთვის იყო გათვალისწინებული, მთავარია, ამ ბანკეტიდან სახლში კმაყოფილი დაბრუნდა. მე ვერ წავყევი, ბანკეტებზე მშობლებისა და მასწავლებლების ყოფნა არც მგონია მიზანშეწონილი“, – გვითხრა მშობელმა.

ჩვენი შემდეგი რესოდენტი პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიაა, რომელიც როგორც ახალგაზრდების განათლების, ასევე სკოლადამთავრებულთა ინტერესების შესახებ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდანაც საუბრობდა.

დეპუტატი თვლის, რომ სკოლის დამთავრება ბავშვებმა იქ უნდა აღნიშნონ, სადაც უკეთესად გაერთობიან და  ამისთვის ფორმაც და ადგილიც თავად უნდა მოიფიქრონ, რომელიც შეიძლება რესტორანი იყოს ან უცხოეთში გატარებული დღეები, მთავარი კი კრეატიულობაა. როგორც ამბობს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა თავად ჰქონდა ბანკეტი, მაშინაც იყო მსგავსი საუბრები, რომ ოჯახებს ბანკეტი ტვირთად აწვებოდათ, მაგრამ ხვიჩიას აზრით, ბანალურობა უფრო წარმოადგენს პრობლემას, როდესაც გრანდიოზულ ბანკეტებს ვიხდით, ვიდრე ხარჯები, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს.

„მთავარია, ისეთი დასამახსოვრებელი საღამო მოიწყონ, სადაც გამოწვეული ემოციები მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. არ შეიძლება იმის უნიფიცირება, როგორი შეიძლება იყოს ეს საღამო. ადამიანები განსხვავებულები არიან და როგორც კლასელები შეთანხმდებიან, რომ ასე უკეთესია, ისეთი უნდა იყოს მათი ბანკეტი. არ მგონია, რომ ფინანსები ბანკეტზე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყოს. არასდროს გვილხინდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ადამიანები ბანკეტის ფულს რაღაცნაირად მაინც შოულობდნენ. სანამ უკეთესი ქვეყანა გავხდებით და მოსწავლეებს თავად ექნებათ ბანკეტისთვის საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული, როგორც გასწვდებიან ადამიანები, ის უნდა იმყოფინონ. მთავარი კრეატიულობაა და ისე შეიძლება გაერთო დასამახსოვრებლად, რომ ძვირი სულაც არ დაჯდეს. ამიტომ არ მგონია, რომ ბანკეტის ფული არის ის, რაც ჩვენს ეკონომიკას და მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

ბანკეტების ალტერნატივად თეატრალური წარმოდგენების გამართვას მიიჩნევს პარლამენტარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ლადო კახაძე, რომელსაც ასევე ბანკეტების თემაზე ვესაუბრეთ. სუფრის ნაწილს კი ალაფურშეტის ფორმატში ხედავს. მისი აზრით, მთავარი სწორედ ინტელექტუალურობის წარმოჩენაა და არა ძვირადღირებული სამოსი.

პროფესიით ექიმი პარლამენტარის აზრით, მოზარდების სხეული არ არის მიჩვეული ალკოჰოლს. ბანკეტებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე მათ მიერ მიღებული სასმელი კი იწვევს ემოციების გადმოღვრას მომატებულ ზომაში და ამიტომაც ხდება ცუდი ფაქტები.

„სკოლის დამთავრების ცერემონიალი, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელიც უნდა იყოს. მე რომ მკითხონ, უფრო მხატვრული სპექტაკლის ფორმას მივცემდი ამ ცერემონიებს. რაც შეეხება გასტრონომიულ ნაწილს, მსოფლიო გადასულია ალაფურშეტზე. საბანკეტო საღამოს სწორედ ამ ფორმატში წარმოდგენა იქნებოდა კარგი. ანუ, გასტრონომიულ ნაწილს შევკვეცავდი და ემოციურ ნაწილს წამოვწევდი წინ. დიაფრაგმის ქვემოთ არის კუჭი. ზემოთ არის გული და ტვინი. მე ყოველთვის მომხრე ვარ გულისა და ტვინის შეწყობილი მუშაობისა, რომ აქ მოხდეს დამახსოვრება. კუჭი არაფერს იმახსოვრებს, იმახსოვრებს გული და ტვინი. მთავარია, ემოციური, გონიერი ტვინისა და გულის ურთიერთობა არ გადაფაროს კუჭმა“, – ამბობს ლადო კახაძე EDU.ARIS.GE-სთან.

ლადო კახაძე სკოლის ბანკეტზე მოსწავლეთა ძვირიან ჩაცმულობას ორიგინალური ალეგორიით ხსნის, სადილს ადარებს და ამბობს, რომ მთავარია ჩაცმულობაში თავისუფლების განცდა იყოს.

„რაც შეეხება ჩაცმულობას, სადილს ვადარებ, სადაც არის ძირითადი კერძი და გარნირი. ძირითად კერძს გარნირი არ უნდა სჯობდეს. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი არის ძირითადი კერძი და ჩაცმულობა – მისი გარნირი. ჩაცმულობაში უნდა იყოს ესთეტიკა, სისუფთავე და თავისუფლების განცდა, მაგრამ თუ ვინმეს უნდა სხვას თავი დაამახსოვროს, ეს ჩაცმულობით კი არა, თავისი სიტყვით, თავისი დაგროვილი ენერგიის გადაცემით უნდა მოახერხოს. ვის რა ეცვა, იმას ვინ დაიმახსოვრებს, შენი ქცევით დაამახსოვრდები ყველას. ძირითადი კერძი თუ არ ვარგა, როგორი საყურეც არ უნდა გაიკეთო გარნირად, რა მნიშვნელობა აქვს?! ამიტომაც, ინტელექტუალური ნაწილი ასეთი საღამოების დროს ძალიან მნიშნელოვანია და არა – ძვირფასი ჩაცმულობა თუ გადატვირთული სტომაქი. მაგალითად, მოაწყონ სპექტაკლი, რომელსაც გადაიღებენ და ეს ექნებათ გასახსენებლად“.

ასევე იხილეთ:

ბანკეტის წინ წასაკითხი: გოგოები ღელავენ, თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური