„გრძელვადიან მიზანს ვერ ხედავენ“ – რატომ ვერ დაძლია სხვადასხვა მთავრობამ რუბიკონი, სახელად „ღირსეული ხელფასი მასწავლებელს“?
მოლოდინი გრძელდება – მასწავლებლებს ხელფასი იანვრიდან არ მოემატებათ. ეს მოცემულობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკვე დაადასტურა და ამით პედაგოგთა ბოლოდროინდელი იმედი, რომ მათ მიერ განათლების სამინისტროში შეტანილი წერილი თუ პეტიცია დაპირებული ზრდის არგადადების მოთხოვნის შესახებ შედეგს გამოიღებდა, გაცრუვდა. სპეციალისტები კი EDU.ARIS.GE-სთან სკოლაში ხელფასების ღირსეული მატების მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების მიზეზებზე საუბრობენ.
„ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება”, – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე 24 ნოემბერს გააკეთა, ფინანსთა მინისტრის მიერ პარლამენტში გამოცხადებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და დასძინა, რომ არსებული სახელფასო ფორმულა შესაცვლელია. საზოგადოებამ ბრიფინგიდან კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ განათლების სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და უფრო მეტი, მათ შორის ახალ სახელფასო ფორმულაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხერხდა ანაზღაურების მატება იანვრიდან, როგორც ამის მოლოდინი არსებობდა და რატომ გადაიწია არაერთი თვით, მინისტრმა განმარტა, რომ მათი აზრით „იანვრიდან მხოლოდ 125 ლარიან მატებას შედეგი არ ექნებოდა, ამიტომ ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება ამჯობინეს“. შედეგად, მინისტრის თქმით, პირველი ივლისიდან ახალი სახელფასო ფორმულა ამოქმედდება და ის მასწავლებელთა თითქმის 75%-ს შეეხება.
ერთია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მასწავლებლის ეროვნულ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ გაჩენილი მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ სიმშვიდე მასწავლებლებში არც მინისტრის ბრიფინგს მოუტანია, რადგან პრაქტიკაში პედაგოგებს, შესაძლოა, არც ივლისის თვეში ჰქონდეთ გაზრდილი ანაზღაურება, ვინაიდან ეს პერიოდი სკოლებში შვებულებებს ემთხვევა და დღეს არსებული კანონმდებლობით, შვებულების ანაზღაურება წინა სამი თვის ხელფასით უნდა დაანგარიშდეს. აღნიშნული მოცემულობა კი პედაგოგებს აფიქრებინებს, რომ რეალურად, სახელფასო ზრდა, როგორი ფორმულითაც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ სექტემბერში თუ იქნება შესაძლებელი.
მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა შეახსენეს, მან ასეთი პოზიცია გააჟღერა: „ჩვენ ეს გათვალისწინებული გვაქვს, პრემიერმა განაცხადა, მე ვამბობ და როგორ შეიძლება ამაში ეჭვის შეტანა… ბუნებრივია, მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ერთჯერადი ცვლილება, რომ სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს, დავარიგოთ ეს ხელფასები უკვე შვებულებაში. წარმოიდგინეთ, მასწავლებლები შვებულებაშივე იღებენ გაზრდილ ხელფასს“ (მინისტრს არ განუმარტავს, რას გულისხმობს „ერთჯერადი ცვლილება კანონში“).
რა უშლით ხელს საქართველოში ხელისუფლებებს, რომ რუბიკონი სახელად „ღირსეული ხელფასი მასწავლებელს“ ვერა და ვერ გადაილახა? – ეს კითხვა ჩვენ განათლების მკვლევარსა და სფეროს ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას დავუსვით, რომელიც კომპლექსურ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ შედეგს არაერთი ფაქტორი იწვევს – ფინანსების არასწორი გადანაწილებიდან დაწყებული, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით დამთავრებული.
სიმონ ჯანაშია: განათლების მინისტრებს უწევთ ხოლმე ეკონომიკური და ფინანსური ფონდის დარწმუნება, რომ ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის არ ხერხდება, რადგან ბიუჯეტის შედგენის დროს, სხვა უწყებების მინისტრებიც ასევე ცდილობენ, მათი პრიორიტეტების მნიშვნელოვნებაში ფინანსთა სამინისტრო დაარწმუნონ. ასევე, იშვიათად შემხვედრიან გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელფასების ზრდა სისტემას რაიმე სასიკეთოს მოუტანს. შეიძლება სჯეროდეთ, რომ მასწავლებლების ნაწილი ღირსეულ ხელფასს იმსახურებს, მაგრამ არ სჯერათ, რომ ხელფასის გაზრდით სწავლების ხარისხიც გაუმჯობესდება. მომისმენია ასეთი არგუმენტიც – არაკომპეტენტურ მასწავლებელს ხელფასი რომ გაუზარდო, ეს სწავლებს ხარისხის არ შეცვლის. გრძელვადიან მიზანს ვერ ხედავენ ხოლმე, რომ მატება მნიშვნელოვანია, რათა საუკეთესო ახალგაზრდები სისტემაში შემოსვლით დაინტერესდნენ.
არსებობს სხვა არგუმენტებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მინისტრი ამტკიცებდა, რომ ხელფასები თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, მასწავლებლობას არცთუ სასურველი ხალხი მოინდომებს. რომ მაღალი ხელფასების ბევრ ხალხს იზიდავს და ეს ბევრი ხალხი ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო არ არის. ასე რომ, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
– გარდა ამ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რატომ ვერ მივიდა და ვერ მიდის განათლების სისტემა საკუთარი ხელფასით კმაყოფილ მასწავლებლამდე?
– რესურსების გადანაწილების თაობაზე განათლების ბიუჯეტის შიგნითაც კონკურენციაა. მასწავლებლების ხელფასები ერთადერთი არ არის, არსებობს სხვა პრიორიტეტებიც. შეიძლება მასწავლებლის ტრენინგებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დახარჯვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდეთ, ვიდრე ხელფასისთვის.
ქვესექტორებს შორისაც არის შეჯიბრი, ვის უფრო მოემატება – ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, თუ მეცნიერებას. არსებობს კიდევ პროექტები სკოლამდელი განათლებისთვის, რომლებიც განათლების ბიუჯეტში ნაკლებად, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რადგან მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი, სკოლამდელი განათლების პროექტების დასაფინანსებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს რესურსს.
ცალკე საკითხია, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან – წინასაარჩევნოდ ფულის ისე გამოიყოფა, რომ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მიიღონ. სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულნი არიან არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ სხვებიც და ცდილობენ, ეს ფული სხვადასხვა ხალხზე გაანაწილონ. მაგალითად, მშობლები და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაც პრიორიტეტია. მასწავლებლების ხელფასების მომატება მშობლებზე პირდაპირ არ მოქმედებს და ამის გამო, შესაძლოა, სხვა რაღაცაში ჩადონ ფული, მაგალითად, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სახელმძღვანელოებში და ა.შ.
მასწავლებლის სქემამ რა ჰქმნა? – „დღეს აქცენტი გადასატანია მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებაზე“
– თქვენ რა ხედვა გაქვთ სახელფასო მატების ფორმის თაობაზე? ხომ არ მონაწილეობდით, როდისმე, მთავრობის მიერ ამ საკითხის დამუშავების პროცესში?
– ამ ხელისუფლების პირობებში სხვა მინისტრთან მქონია შეხვედრა, რომელსაც ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდის იდეა ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომ ამას შეძლებდა, მაგრამ ჯერ კონსულტაცია არ ჰქონდა გავლილი, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროსთან. სჯეროდა, რომ ხელფასების ზრდა განათლების სისტემას უკეთესობისკენ მნიშვნელოვნად შეცვლიდა და ამ საექსპერტო შეხვედრაზე ამბობდა, რომ ზრდა უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ეს შეთანხმებული ფინანსთა სამინისტროსთან, კონკრეტული ვერაფერი თქვა. ეს ცოტა უცნაური იყო, რადგან ბიუჯეტი უსასრულო არ არის და ამ შეზღუდვების პირობებში მას დასაბუთება მოუწევდა.
– რაც შეეხება თქვენეულ ხედვას, არის ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლის გზა?
– ერთია ის, რომ არსებული ბიუჯეტის პირობებში ფინანსების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. უნდა ვნახოთ სად იხარჯება ფული და სად შეიძლება არ დაიხარჯოს. არსებობენ პროგრამები, რომელთაც მაინცადამაინც დიდი ეფექტი, შესაძლოა, არ ჰქონდეთ. მაგალითად, არსებობს ჯილდოები ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის. არსებობს თანხები, რომლებიც სკოლებში ნაწილდება და მერე ეს სკოლები უკან აბრუნებენ, რადგან ვერ ხარჯავენ. სკოლებისა და მოსწავლეების შემოწმებაზეც ბევრად მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე მათ განვითარებაზე და აქედანაც შეიძლება ფულის მობილიზება.
მეორეა მასწავლებლების რაოდენობის გადახედვა – გვჭირდება თუ არა იმ რაოდენობის პედაგოგი, რამდენიც სისტემაშია. ზოგ შემთხვევაში, ხელფასებისა და კმაყოფილების გასაზრდელად, შესაძლოა, სკოლების გაერთიანება და მასწავლებლების რაოდენობის შემცირება იყოს გამოსავალი. მსგავსი ანალიზი სამინისტრომ, შეიძლება, თვითონაც ჩაატაროს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, აქვს თუ არა ნება არჩევნების წინ მასწავლებლების შემცირებასთან, ან სკოლების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ეჭვი მეპარება ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ.
ასევე, დასასაბუთებელია როგორი უნდა იყოს ხელფასის სტრუქტურა. მაგალითად, ახლა ხელფასის დანამატები საბაზისო ხელფასს აღემატება და მგონია, რომ ესეც არასწორია. დანამატი უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კონკრეტული ფუნქციის შესრულების დროს მასწავლებელი გარკვეულ ანაზღაურებას იღებდეს. დღევანდელი სისტემით კი იღებს რაღაც სტატუსის მიხედვით და არა ფუნქციიდან გამომდინარე. განაწილების პრინციპი ასეთია – სკოლა ქირაობს მასწავლებელს, დაფინანსებით კი სახელმწიფო აფინანსებს, რაც არასწორია. მასწავლებელს დამქირავებელი უნდა უხდიდეს.
სახელფასო პოლიტიკაში არასწორია ისიც, რომ ხელფასი ყველა მასწავლებელს თანაბრად განესაზღვრება. მიუხედავად იმისა, თუ რა საგანს ასწავლის და მიუხედავად იმისა, შრომით ბაზარზე ამ პროფესიის მქონე კადრები რამდენად ხელმისაწვდომნი არიან. მაგალითად, თუ ფიზიკის მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს, შეიძლება ფიზიკის მასწავლებლის ხელფასი აღემატებოდეს, ვთქვათ, ქართულის, ან ინგლისურის მასწავლებლის ხელფასს, რომლებიც, შესაძლოა, მეტნი არიან. ადგილსაც გააჩნია – ქალაქში, შეიძლება, ბევრნი იყვნენ და სოფელში ცოტა. დასაფიქრებელია ისიც, რომ გარკვეული კომპეტენციების მქონე ადამიანები უფრო ადვილად შოულობენ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებს სკოლის გარეთაც. მაგალითად, ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სპეციალისტი სხვა სამსახურში უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს. არ შეიძლება სკოლა მას მინიმალურ ხელფასს აძლევდეს და სჯეროდეს, რომ მუშაობას მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს. ასე რომ, სახელფასო პოლიტიკაში ბევრი საკითხია გადასახედი.
– ანუ, თქვენ საყოველთაო სახელფასო მატებაზე კი არ საუბრობთ, არამედ გარკვეული დათქმებითა და წინაპირობებით?
– მე მგონი, ორივე გასაკეთებელია. საყოველთაო მატებაც უნდა იყოს, რადგან დღევანდელი მასწავლებლის ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო ხელფასი ქვეყანაში. დამწყების ხელფასები კიდევ უფრო ნაკლებია და ამიტომ, შეიძლება ეს სულაც არ იყოს საინტერესო ახალგაზრდისთვის, ვინც ფიქრობს, რა პროფესია აირჩიოს. ასე რომ, საყოველთაო მატება მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა, რომ ამის გარდა უნდა არსებობდეს დიფერენცირებული ხელფასები საგნიდან, საფეხურიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
პედაგოგების ხელფასების გარდა, გადასახედია ადმინისტრაციის ხელფასებიც. სკოლის დირექტორებსაც დაბალი ხელფასი აქვთ და ეს კარგად ჩანს კონკურსზე, სადაც სკოლების ნახევარში, შეიძლება, კანდიდატი არც მოვიდეს. გარდა იმისა, რომ ისეთი პრობლემებიცაა, როგორიცაა პოლიტიკური კონტროლი და ა.შ. ხელფასები საკმაოდ დაბალია, პასუხისმგებლობები კი – მაღალი. ამიტომ, ადამიანების ნაწილი, ვინც, შეიძლება, კარგი ადმინისტრატორი ყოფილიყო, არჩევს, რომ სამუშაოდ სახელმწიფო ბიუროკრატიაში წავიდეს. ასეთი ხელფასის პირობებში ხალხის მოზიდვა გაგვიჭირდება. მნიშვნელოვანია ხელფასი სამუშაო ბაზარზე კონკურენტული იყოს. სკოლამ სხვა სექტორებს კონკურენცია უნდა გაუწიოს.
ამავე თემაზე:
მინისტრის განცხადება – მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება