მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება – მინისტრის განცხადება
“ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება”, – ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს, 24 ნოემბერს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის თემას მიეძღვნა.
“შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. სამინისტროში ვმუშაობთ ახალ ფორმულაზე და დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება. ჩვენ გვინდა ფუნდამენტური რეფორმა გვქონდეს და ამიტომ არ დავჯერდით მხოლოდ იანვრიდან 125 ლარიან მატებას, არ ექნებოდა შედეგი. რა წამსაც დამთავრდება სასწავლო წელი, პირველი დღიდან, 1ივლისიდან დაიწყება ახალი სახელფასო ფორმულა და შეეხება მასწავლებელთა თითქმის 75%-ს. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენს მთავარ საზრუნავს წარმოადგენენ მასწავლებლები”, – თქვა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა ასევე ეზრდებათ ხელფასი. “შესახლოა არ ჰქონდეთ 500-ლარიანი მატება, მაგრამ არც 100-ლარიანი მატება იქნება, გეცილებით მეტით გაეზრდებათ”.
როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი 2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ. ახალი წლიდან სახელფასო ზრდის მოთხოვნით პედაგოგებმა წერილი შეიტანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამავე მოთხოვნით შექმნილ პეტიციას კი უკვე ათასობით მასწავლებელი აწერს ხელს.
გიორგი ამილახვარმა უარყო, რომ ხელფასები სექტემბრიდან იზრდება, თუმცა მისი დღევანდელი განცხადების თანახმად, პედაგოგთა ანაზღაურება არც მომდევნო თვეების განმავლობაში შეიცვლება – საუბარია პილვერ ივლისზე.
მინისტრის სრული განცხადება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს, ასეთია:
“ჩემი მინისტრობის პირველი დღიდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი მხარდაჭერით, დავიწყეთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული ყველა ძირეული გამოწვევის იდენტიფიცირებაზე მუშაობა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.
თქვენ იცით, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით რიგი საკითხების დამუშავება, რომლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეკემბრის თვეში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ეცნობება.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
მე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს პედაგოგებთან როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, მათთან ერთად ვმსჯელობ ყველა აქტუალურ საკითხზე და ვისმენ მასწავლებლების უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. თითოეული იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მათ წინაშე დღეს დგას ახლო მომავალში, მათივე ჩართულობით და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ.
მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება.
ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი არის სწორედ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. ამიტომ ჩვენ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის დროს, აქცენტს ხელფასის ზრდაზე გავაკეთებთ.
ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.
გვსურს, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს“.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება