მასწავლებლის სქემამ რა ჰქმნა? – „დღეს აქცენტი გადასატანია მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებაზე“
მასწავლებელთა საუნივერსიტეტო განათლება, საბაზო ხელფასის აუცილებელი მატება, ახალი კადრების მომზადება და პროფესიული წინსვლის რეალური ხელშეწყობა – ასეთია EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის აქცენტები საქართველოში მასწავლებლის პროფესიის სრულყოფის გზაზე.
თამარ სანიკიძე, რომელიც დღეს პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი განათლების სისტემაში საქმიანობა უმაღლეს განათლებას უკავშირდება, ყველაზე კარგად იცნობს 2014 წელს დაწყებულ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების მიზნებსა და პროცესს, რომელმაც შედეგად, მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული განვითარების სქემის შემუშავება მოიტანა. წლების განმავლობაში სქემაში განხორციელებული მრავალფეროვანი ცვლილებების მიზეზით, ყოფილ მინისტრს უჭირს ცალსახად იმის თქმა, რომ ამ სისტემამ გაამართლა, თუმცა თვლის, რომ სქემას თავისი სარგებელი ჰქონდა.
– ქალბატონო თამარ, მოკლე კითხვითა და ვრცელი პასუხით დავიწყოთ, მასწავლებელთა სქემამ რა ჰქმნა? – რა მისცა განათლების სისტემას, რაც არ ჰქონია სქემის შემუშავებამდე, რას ხედავს თამარ სანიკიძე დღევანდელი გადმოსახედით?
– მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს – რატომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა? – სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას აქვს თავის ახსნა-განმარტება და გამართლებაც.
დღეს პედაგოგიკა რეგულირებადი პროფესიაა, ისევე როგორც მედიცინა, იურიდიული, ვეტერინარია და ა.შ რაც ნიშნავს, რომ განათლებაში, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში, სახელმწიფო ერთვება და არეგულირებს. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. დარეგულირება კი, ბუნებრივია, სისტემის შექმნას საჭიროებდა და ჩვენ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მუშაობა დავიწყეთ. კანონის დონეზე მოხდა რეგულაციის გაჩენა, კანონქვემდებარე აქტებით კი, უკვე შეიქმნა ამ რეგულაციების აღსრულების მექანიზმები, მათ შორის იყო სწორედ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ასეთი რეგულაციები მანამდე არ გვქონა, ვგულისხმობ პროფესიაში შესვლას, როგორი განათლებით შეიძლებოდა მასწავლებლობა, როგორი უნდა ყოფილიყო უწყვეტი პროფესიული განათლება… სხვადასხვა პერიოდში ცვლილებები განხორციელდა კანონში, მაგრამ ეს თემები ღია რჩებოდა. ჩვენი მიდგომა იყო, ამ ყველაფრის სისტემატიზაცია მომხდარიყო და შესაბამისობაში მოვსულიყავით იმ მოთხოვნებთან, რაც თან სდევს პროფესიის რეგულირებას.
თუ გადავხედავთ 2008, 2009, 2010 წლებს, ვნახავთ, რა პროცესები მიმდინარეობდა სისტემაში ამ მიმართულებით. მოკლედ, რომ ვთქვა, აბსოლუტურად დერეგულირებული იყო. სისტემა გახსნეს და შემოუშვეს მასწავლებლობის მსურველები, ვისაც სკოლის ატესტატი ჰქონდა (ესეც დაშვებული იყო), ან ჰქონდა პროფესიული კვალიფიკაცია, ან უმაღლესი განათლება და როდესაც გავაანალიზეთ მდგომარეობა, ვნახეთ, რომ საკმაოდ ბევრი მასწავლებელი იყო სკოლის ატესტატით. გარკვეული რაოდენობის იყო პროფესიული კვალიფიკაციით, ნაწილს ასევე ჰქონდა უმაღლესი განათლებაც, მაგრამ ბევრს არ ჰქონდა უმაღლესი პედაგოგიური განათლება.
აქედან გამომდინარე, უნდა ყოფილიყო მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემდა უკვე სისტემაში შემოსულ მასწავლებელს, რომ კომპეტენციები დაედასტურებინა, დარჩენილიყო პროფესიაში და გაეგრძელებინა მუშაობა. წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ სკოლის ატესტატი, ანუ სრული ზოგადი განათლება, მაშინ მოქმედი წესით იყვნენ სერტიფიცირებულები. მათ ეს შეძლეს. ანუ, სახელმწიფომ რომ წაუყენა გარკვეული პირობა, მათ ეს შეასრულეს. ხომ არ შეიძლება, სახელმწიფომ მეორე დღეს შეუცვალოს პირობა და უთხრას სხვანაირად უნდა ყოფილიყოო?! ეს არასერიოზულია და არც სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან როგორც აღვნიშნე, ასეთი მასწავლებლების რაოდენობა სოლიდური გახლდათ.
მოსაგვარებელი იყო სერტიფიცირების საკითხიც. წინა პერიოდში, გარკვეული სერტიფიცირების გამოცდა არსებობდა. წესის მიხედვით, თუ გამოცდა არ იქნებოდა ჩაბარებული, პედაგოგი სისტემიდან უნდა წასულიყო. შესაბამისად, ეს საკითხიც გასათვალისწინებელი იყო. მასწავლებლები დაავალდებულეს, რომ უნდა შეექმნათ და გაუთავებლად ეწარმოებინათ პორტფოლიოები, რაც გულისხმობდა სხვადასხვა მიღწევისა და პროექტების შეგროვებას და ა.შ. თუმცა, არასოდეს უზრუნიათ იმაზე, რომ ამ პორტფოლიოს შეფასების ინსტრუმენტები შეექმნათ. მასწავლებელმა არ იცოდა შედეგად რას მიიღებდა, რისთვის აგროვებდა და აწარმოებდა ამ პორტფოლიოს. წინა ხელისუფლება იქნება თუ ახლანდელი, ის ხელისუფლებაა და ყველას გააჩნია ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე! რადგან წინა ხელისუფლებამ დაუსახა ეს მიზნები, მხოლოდ ამის გამო, ხომ არ ვეტყოდით უარს მასწავლებელს მიღწევების აღიარებაზე? შევიმუშავეთ მექანიზმი, რომელიც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანდა და შემდეგ უკვე გავაგრძელებდით გარკვეულ, შეთანხმებული სისტემით მუშაობას. სწორედ ასეთი სისტემა შეიქმნა – დარეგულირდა პროფესიაში შესვლის მომენტიც, მასწავლებლების პროფესიული განვითარებაც, შეფასებაც და სხვა. არც წინა მიღწევები დაეკარგათ პედაგოგებს და შეეძლოთ, გარკვეული ათვლის წერტილიდან გაეგრძელებინათ მუშაობა.
– ეს იყო პირველი ეტაპი…
– აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ სისტემა სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შემუშავდა და მასში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაც იყო გათვალისწინებული. საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის კვალდაკვალ, მთავრობის დონეზე შევქმენით მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ძალიან კომპეტენტური ადამიანებისგან შედგებოდა. აქ იყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, პარლამენტის კომიტეტის წევრები, პროფკავშირები და სხვა… ამ კომისიის ფარგლებში შემუშავდა მთლიანად ეს სისტემა, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, რომლებიც ამავდროულად იყვნენ იუნესკოს ექსპერტები, გააცნეს სქემა იუნესკოს კომისიას. იქ მიიჩნიეს, რომ შემუშავებული მიდგომა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და დაიწყეს მისი გაზიარებაც.
მაგრამ თუ დავსვამთ საკითხს, რა შედეგი გამოიღო, მიჭირს ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. ამ სისტემის მუშაობა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა და სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით, ითვლის სულ ერთ, მაქსიმუმ წელიწად-ნახევარს. შემდეგ, განხორციელდა დანერგვის მონიტორინგი, შეფასდა და შეფასებაში იყო ერთი კომპონენტი, რომელიც ცოტა უფრო პრობლემურად მიიჩნეოდა, ეს იყო მასწავლებლის შეფასების ნაწილში, გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით. თავისუფლად შეიძლებოდა გასწორებულიყო ისე, რომ აღარ ყოფილიყო პრობლემურად მიჩნეული, მაგრამ ამის მაგიერ, სქემაში დაიწყო გაუთავებელი ცვლილებების შეტანა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს უკვე აღარ ხდებოდა კომისიური წესით ან საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებით. კომისიამ შეწყვიტა მუშაობა.
სქემა, რაც დღეს გვაქვს, არის მრავალჯერადი ცვლილებებიდან გამომდინარე მიღებული სისტემა და დღეს როგორ მუშაობს, ამის შეფასების ანგარიშები, რომ არ მოგატყუოთ, მე არ მინახავს. დღემდე სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ისეთი სახე მიიღოს პროფესიული განვითარების სისტემამ, რომელიც რეალურ შედეგებს გვაჩვენებს. ვგულისხმობ იმას, რომ სწავლების ხარისხი რეალურად გაიზარდოს სკოლებში და მასწავლებელს რეალური განვითარება ექნებათ. თუმცა ის დოკუმენტი, რაც დღეს არის მოქმედი, ეს სქემა ძალიან განსხვავდება პირველი ვერსიისგან, უფრო მეტიც, საერთო მგონი აღარაფერი აქვს მასთან. მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ პირველი ვერსია იყო კარგი და ახლა ეს არ ვარგა. ამისი შეფასება არ მინახავს, თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ამ სისტემამ და მიდგომამ მართლაც ხელშესახები შედეგები გამოიღოს.
– გასაგები და სამწუხაროა, რომ არ გვაქვს კვლევები და არ ვიცით, გავიდა თუ არა სქემით მიღებული შედეგი წლების შემდეგ მოსწავლეზე, არ ვიცით მისი ეფექტიანობა… მაგრამ, თუკი არ გავითვალისწინებთ თქვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ცვლილებათა კასკადს და არ შევაფასებთ ამ ცვლილებების მართებულობას, რის თქმა შეგვიძლია – გაამართლა სქემამ? არიან დღეს თქვენთვის სისტემაში წინ წასული, განვითარებული პედაგოგები, რა მხრივ განვითარდნენ 2014 წლიდან დღემდე?
– პირველ რიგში, თქვენს კითხვას შეკითხვით ვუპასუხებ: დღეს მასწავლებლები არიან აქტიურად ჩართული პროფესიულ განვითარებაში? – მე მგონი, არიან. ჩართულობა, ბუნებრივია, სავალდებულოა ყველასთვის და აგრძელებენ თუ არა სქემის ფარგლებში ისინი დაწინაურებას? რატომ ვამბობ ამას – პროფესიულ განვითარებასთან ერთად, მცდელობა იყო იმისა, რომ ასევე, ნაწილობრივ მაინც მოწესრიგებულიყო მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულ წილად შედეგზე, განვითარებაზე ყოფილიყო მიბმული. შეიცვალა საბაზო ხელფასი, გაჩნდა დანამატები. სქემის ერთი სარგებელი ის არის, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდა. თუმცა, თუ თქვენ მეკითხებით, დღეს რა შედეგი გვაქვს ამ კუთხით, გეტყვით, რომ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია, იმის გათვალისწინებით, თუ რის რესურსი ექნება სახელმწიფოს და როგორ მიმართავს დაფინანსებას. ეს ერთი პლუსი კი ცალსახად გვქონდა.
ასევე, ვფიქრობ, რომ ბევრმა მასწავლებელმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს სქემა და გაიუმჯობესა კომპეტენციები. რაოდენობას თუ შევხედავთ, დღეს ბევრად უფრო მეტი გვყავს მასწავლებლები, მაგალითად, ზედა საფეხურებზე, ვიდრე მანამდე გვყავდა, როდესაც ეს ინიციატივა დაიწყო. მაგრამ კიდევ ვამბობ, იმისთვის, რომ ეს აისახოს საბოლოოდ მოსწავლეზე, მის შედეგებზე, ზოგადად სკოლის გაუმჯობესებაზე, ბევრია სამუშაო და მეტსაც გეტყვით, მარტო პროფესიული განვითარებით ეს ყველაფერი არ მიიღწევა.
– რას გულისხმობთ?
– ვფიქრობ, დღეს აქცენტი უფრო მეტად მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებაზეა გადასატანი, ვიდრე მთელი ფოკუსირება მის პროფესიულ განვითარებაზე. გამოჩნდა გარკვეული ელემენტები, დონორის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მასწავლებლის განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგადად, მასწავლებლის განათლების პოლიტიკის დახვეწაზე. მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარება და ამ პროგრამების რეალურად განხორციელება უნდა დაიწყოს!
დღეს სახელმწიფო უმაღლესებში გვაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამები, მაგრამ მხოლოდ დაწყებითი მასწავლებლების. საგნის, საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამები არ გვაქვს და რა პროფესიულ განვითარებაზე ვსაუბრობთ?! დღეს გვაქვს სიტუაცია, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამები უნივერსიტეტში არ გვაქვს. ამიტომ კარგია, რომ სამინისტრო ამაზე მუშაობს, დონორი გვყავს, რომელიც ამაში ეხმარება, რომ საუნივერსიტეტო განათლებას მიექცეს უფრო მეტი ყურადღება და მეორე ნაწილი იყოს მართლაც პროფესიული განვითარება და არა სერტიფიცირება, რომელიც სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ რჩება სისტემაში.
– სერტიფიცირება, რომელსაც ასე თუ ისე, ახერხებენ მასწავლებლები…
– ახერხებენ, მაგრამ ჩვენ თუ მნიშვნელოვან განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, როგორც ყველა პროფესიაში, უნდა მზადდებოდნენ შესაბამისი ახალი კადრები.
– დღეს გადაჭრით არ გვეუბნებიან, მაგრამ ჩანს, რომ სისტემის მესვეურთ აღარ სურთ მასწავლებლის ხელფასი სქემაზე იყოს მიბმული, როგორ შეაფასებთ ამ ალბათობას, სწორი გზაა?
– მე ასე გავიგე, რომ სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება არის დღის წესრიგში, მაგრამ არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებასთან ბმაში, არამედ ზოგადად და საერთო წესით, რაც, ვფიქრობ, რომ სულაც არ არის ცუდი. საბაზო დაფინანსება თუ გაიზარდა და მოწესრიგდა, ნამატიც შესაბამისად უფრო შესაგრძნობი იქნება. ჩემი ანალიზით, სახელმწიფო ამბობს, რომ მოვაწესრიგოთ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა და ის არ იყოს მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე დამოკიდებული.
– მაგრამ მასწავლებლებისთვის არავის უთქვამს, რომ საბაზო ხელფასი იზრდება, ასე უნდა გავიგოთ პრემიერ-მინისტრის განცხადება? პედაგოგებს ასეთი განცდაც აქვთ, რომ მათი მიღწევების მიუხედავად „სხვებთან გაათანაბრებენ“ და ეს არც მიღწეული სტატუსის დაფასება იქნება…
– პრემიერის მესიჯს თუ გავყვებით, მე ასე გავიგე, რომ სრულგანაკვეთიან პედაგოგს ხელფასი გაეზრდება 500 ლარით. არ ყოფილა აქ საუბარი სტატუსიანი, უსტატუსო და ასე შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედაც საბაზო ან საშუალო ანაზღაურებაზეა საუბარი. ეს მესიჯი ჩემთვის ასე არის გასაგები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ უფრო მეტი განმარტება იქნება და უკეთ გავიგებთ, რას ნიშნავს და როგორ მოხდება ეს მატება. მე ასე ფიქრის საშუალებას მაძლევს სახელმწიფოს მიერ ადრე გადადგმული ნაბიჯები, როდესაც გადავდიოდით ახალ სისტემაზე, რაც კი მასწავლებელს მიღწეული ჰქონდა წინა სერტიფიცირების ფარგლებში, არავის არაფერი დაჰკარგვია. პირიქით, ახალი სისტემით კიდევ ახალი დანამატები და შესაძლებლობები გაჩნდა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მასწავლებლის მიღწევების რაიმე გზით დეგრადირებას ან უგულებელყოფას აპირებს.
– თქვენ როგორ მოდელს აირჩევდით სახელფასო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, რას გააკეთებდა თამარ სანიკიძე, დაიწყებდით სქემის ცვლილებით, გაუმჯობესებით, გაუქმებით, თუ..?
– მეტწილად ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს, რა რესურსის მიმართვა შეუძლიათ დღეს, ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ. ეს პროცესია დასაგეგმი. კიდევ ერთხელ, მე სწორი მგონია ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მეტ ფოკუსირებას მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებაზე, რაც ჩვენს მრავალწლიან გეგმებშიც ჩანდა და კარგია, რომ ამ ეტაპამდე მოვედით.
რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას, რესურსები უნდა გადანაწილდეს ისე, რომ აუცილებლად შეეხოს საბაზო ანაზღაურებას, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ მგონია, რომ არ იქნება შედეგიანი, რადგან ზოგადად დაბალია ანაზღაურება… კი, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ტენდენცია გასაგრძელებელია და დიდი იმედი მაქვს, მე ასე მჯერა, რომ ეს გაგრძელდება. ასევე შეიძლება, პროფესიულ განვითარებაზე იყოს მიბმული გარკვეული სახელფასო მატებაც, თუმცა არა ისე, რომ მასწავლებელი იყოს ორიენტირებული მხოლოდ ე.წ. „რაღაც კიდევ მივამატო“-ზე… არც ეს არის ცუდი და მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს თავისი პროფესიული განვითარებით დაინტერესებული… თუმცა უპრიანია, გამოვნახოთ შუალედი. ბალანსია დასაცავი ისე, რომ მოტივაციაც დავუტოვოთ მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ თავდაპირველი შეთავაზება, რომელიც მისი საქმიანობის ანაზღაურება და გასამრჯელოა, იყოს ნორმალური და ამ პროფესიისთვის მისაღები. ნებისმიერ პროფესიაში სტაჟი და გამოცდილება ყოველთვის არის ბონუსებთან დაკავშირებული, ეს ხომ ჩვეულებრივი კორპორაციული პრაქტიკაა.
– ჩვენი საუბრის ბოლოს, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, მათ შორის მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-დახვეწისა და განსხვავებული სახელფასო პოლიტიკის საჭიროების ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქემამ თავისი საქმე გააკეთა და ამოწურა თავი?
– ნაწილობრივ. შემიძლია ვთქვა, რომ პოზიტიური მხარეები იყო, თუმცა თავს ვერ მოვიტყუებთ, არის ხარვეზებიც. განვითარების ელემენტები შემოდის, რაც ძალიან საჭიროა. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ პროფესიული განვითარების სქემაზე „ჩამოკიდება“ არ იქნება უპრიანი, თუ არ მივხედეთ მასწავლებლების საუნივერსიტეტო განათლებას, რათა სისტემის გასაუმჯობესებლად ახალი და კვალიფიციური კადრები მომზადდნენ.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება