„სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება 1900 ლარს 2024-2025 სასწავლო წლიდან გადააჭარბებს“
ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს წარმოადგინა და განათლების პროგრამების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ განათლების მიმართულების პრიორიტეტად გამოცხადება მისი დაფინანსების მოცულობიდანაც კარგად ჩანს.
მინისტრის გამოსვლიდან გამომდინარე, შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ მასწავლებელთა სახელფასო მატება 2024-2025 სასწავლო წლიდან არის დაგეგმილი და არა 2024 წლის იანვრიდან.
“ის, რომ განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობიდან. 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამებზე ჯამური დაფინანსება იყო 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში, ხოლო 2024 წელს აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და შეადგენს 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს. დაფინანსების ჯამური მოცულობიდან 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე, 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ონფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს, პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილი არის 113 მილიონი ლარი უმაღლესი განათლების და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 245 მილიონ ლარს, სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება კი შეადგენს 333 მილიონ ლარს.
“გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი გამოყოფილი არის საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების მოსაწესრიგებლად და განათლების მინისტრის ახალი წინადადებების თანახმად, ანაზღაურების ძირითადი მოცულობა დიდწილად დაკავშირებული არის საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან და აღნიშნულის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარის ოდენობით და 1900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასების დაახლოებით, საშუალო მაჩვენებლის 35%-იანი სახელფასო ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლსი ანაზღაურება გარკვეულწილად დაუახლოვდება და გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა 2024 წელს სკოლის ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და სკოლის მანდატურის სახელფასო მატების საკითხზე და თქვა, რომ მანდატურების ხელფასები 125 ლარით გაიზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები იზრდება 10%-ით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18-დან 20 ლარამდე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება