გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ

“ალმა მატერი” და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საფრანგეთთან მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა აკავშირებს. დღეისათვის ის ნანტის, ლილის, სორბონის უნივერსიტეტებთან და ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ენა) თანამშრომლობს და 20-მდე ერთობლივ სამაგისტრო, სამეცნიერო და გაცვლით პროგრამას ახორციელებს.

სულ ახლახან უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრიც გახდა და განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაც დაიწყო.

19 თებერვალს ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტს სტუმრობდა სააგენტოს (AUF) აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონული დირექტორი მუჰამედ კეტატა. მხარეები შეთანხმდნენ საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის დაფუძნების თაობაზე და ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფრანგულენოვანი უნივერსიტეტის წარმატების ცენტრი მიზნად ისახავს ფრანგული და ინგლისური ენების სწავლების გაძლიერებას AUF-ის წევრ დაწესებულებებში.

აღნიშნული პროექტის ზოგად ამოცანას წარმოადგენს: რეგიონის უნივერსიტეტებში ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც აღიჭურვება საგანმანათლებლო რესურსებითა და თანამედროვე ტექნიკით, რაც ხელს შეუწყობს სწავლების მოდერნიზებას, ფრანკოფონიის უნივერსიტეტის შეთავაზებების მიმზიდველობასა და ადგილობრივი ფრანკოფონიური ქმედებების ხილვადობის გაზრდა.

კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს: ფრანკოფონი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა; სტუდენტების მიერ ფრანგული ენის ფლობისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება; მასწავლებლებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა; ინოვაციური სწავლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა; საერთაშორისო და ლოკალური ინტეგრირება; ტრენერების გადამზადების გზით აკადემიური და პროფესიული უნარების გაძლიერება.

უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო შეთავაზებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ღარიბაშვილი და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი