GE

GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში საერთაშორისო კონფერენცია GLOBETS 2025 გაიმართა

25-29 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გლობალური განათლების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მე-10 საერთაშორისო კონფერენცია GLOBETS 2025 გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, GLOBETS 2025 წარმოადგენს პლატფორმას STEM განათლების მიმართულებით, რომელიც მიზნად გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინოვაციური იდეებისა და გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.

კონფერენცია, რომელიც პროფესორ სემრა მირიჯის ხელმძღვანელობით გაიმართა, ოფიციალურად პროფესორებმა – ისმაილ ჰაქქი მირიჯმა და გრუნის რექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჭარაიამ გახსნეს.

კონფერენციის სპიკერული სესიის მომხსენებელი გრუნის ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური იყო.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე გრუნის პროფესორებმა საინტერესო ნაშრომები წარადგინეს.

წარმომადგენლობით კონფერენციას ესწრებოდნენ: ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე; რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აჭარის მუზეუმების გაერთიანებისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თურქეთის მისიის დელეგატები.

კონფერენცია მოიცავდა კულტურულ ნაწილსაც: ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მუზეუმების მონახულებას, გასეირნებას ბათუმის ბულვარში და გალავახშამს, რომლებიც გრუნის ბათუმის წარმომადგენლობამ უზრუნველყო.

კონფერენციის პრეზიდენტებმა გრუნის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს, როგორც კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მადლობის ორდენი გადასცეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური