GE

GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ISLE Association წარმოადგენს საერთაშორისო, მულტიდისციპლინურ ქსელს, რომელიც მდგრადი განვითარების მიმართულებით განათლებისა და კვლევის სფეროში მომუშავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და საჯარო ინსტიტუტებს აერთიანებს. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ.

მემორანდუმის მიზანია განათლებისა და კვლევის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპების საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირება და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და აკადემიური პუბლიკაციების მომზადებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობას, სასწავლო კურსებისა და საგანმანათლებლო მასალების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და ვებინარების ორგანიზებასა და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გეგმავენ. ამასთან, მემორანდუმის მიზანია აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოება.

თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: მდგრადი ბიზნესი, კორპორაციული მდგრადობა და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები, პასუხისმგებლიანი ლიდერობა, მდგრადი ტურიზმი და აგროტურიზმი, სოციალური ინოვაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში.

პარტნიორობა ხელს შეუწყობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული კავშირების გაფართოებასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური