GE

GRUNI-ს პროფესორი იუნესკოს ოფისში გამართულ ციფრული სწავლების კვირეულს დაესწრო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ცხოვრობაშვილი იუნესკოს ოფისში გამართულ ციფრული სწავლების კვირეულს დაესწრო, რომლის მთავარი თემაც „განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ფაქტები, წინააღმდეგობები, ახალი ჰორიზონტები“ იყო.

უნივერსიტეტის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, იუნესკოს კვირეულის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასა და საგანმანათლებლო სისტემებში მის ინტეგრაციას უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს განათლების სისტემა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ რეალობას და რა ახალი შესაძლებლობები იკვეთება სწავლებისა და სწავლის პროცესში.

ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროზე პასუხისმგებელმა 25-ზე მეტმა მინისტრმა და 1500-მდე უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც განათლება ადამიანის უფლებად და საერთო სიკეთედ უნდა შენარჩუნდეს.

დოკუმენტი, ასევე, აღიარებს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვან პოტენციალს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მოსწავლეთა მხარდაჭერის მიმართულებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დეკლარაციაში გამოკვეთილ პრინციპს, რომლის თანახმადაც, სწავლის პროცესი ზიანდება მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ურთიერთობებსა და ადამიანურ განსჯას ანაცვლებს.

ღონისძიების განმავლობაში მომავალი შეხვედრა და განსახილველი საკითხებიც დაიგეგმა.

პროფესორი ნინო ცხოვრებაშვილი, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის ჰაბის ექსპერტი, აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ურთიერთმიმართების საკითხებზე. მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო კონსორციუმში მონაწილეობა, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური და პროფესიული პერსონალის გაერთიანება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განათლების წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური