GE

GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ცხოვრებაშვილი, პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – Big Data & AI Paris 2026, მონაწილეობდა.

უნივერსიტეტის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეკრება დიდი მონაცემების დამუშავებასა და ხელოვნურ ინტელექტს მიეძღვნა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებსა და ინოვაციებით დაინტერესებულ პირებს აერთიანებდა.

დიდი მონაცემები (Big Data) გულისხმობს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ხელოვნური ინტელექტი (AI) კი ქმნის შესაძლებლობებს ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რთული ანალიტიკური პროცესების განსახორციელებლად და ინოვაციური სისტემების შესაქმნელად.

აღნიშნული ტექნოლოგიების ინტეგრაცია თანამედროვე ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. მათი ეფექტიანი გამოყენება ხელს უწყობს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას, მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გააზრებასა და მონაცემებზე დაფუძნებული, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.

გამოფენაში მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები და ტექნოლოგიური ლიდერები, როგორებიცაა: Microsoft, IBM, Dell Technologies, Orange Business, NTT DATA, Google და Oracle.

ღონისძიების საპატიო მონაწილეებს შორის საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის ჰაბის – HUB France IA-ს ექსპერტები და გენერალური დირექტორი, კაროლინ შოპინო იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ HUB France IA-ს ინდივიდუალურ ექსპერტთა შორის ნინო ცხოვრებაშვილი პირველი ქართველი ექსპერტია. ეს ფაქტი ხაზს უსვამს მის პროფესიულ ჩართულობას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების საერთაშორისო სივრცეში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის გავრცელებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების აკადემიურ საქმიანობაში ინტეგრირებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური