GE

GRUNI-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ვიზიტი შედგა

გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას მოწვევით, უნივერსიტეტს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯეველი.

უნივერსიტეტის მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუმარმა გრუნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია, მიმოიხილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და როლი როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, აღნიშნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა – არსებული რეალობა და სამომავლო გეგმები. განიხილა ფონდის კონკრეტული მისია საქართველოში და მისი თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან.

ლექციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია სტუდენტებთან. სტუმარმა მსმენელებს საინტერესო შეკითხვებიც შესთავაზა სპეციალური ონლაინპლატფორმის გამოყენებით, სადაც ყველა მონაწილეს საკუთარი მობილური ტელეფონით შეეძლო მონაწილეობის მიღება.

ეს არ იყო გრუნიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას სპეციალური მოწვევით, გრუნის სტუმრობდნენ: ფრანსუა პეშო 2018 წელს და სელიმ ჩაკირი 2023 წელს.

გრუნი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივი ღონისძიებების გამართვას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური