GE

გრუნიში ვებინარი „შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები“ გაიმართა

25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ამერიკის შშმ პირთა დახმარებისა და მხარდაჭერის კომპანიის – IntellectAbility, თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ვებინარი „შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები“.

უნივერსიტეტის მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვებინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ:

  • დოქტორი კრეიგ ესქიუდი – კომპანიის – IntellectAbility, პრეზიდენტი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის წევრი;
  • დოქტორი ალენ უონგი – ამერიკის მედიცინისა და სტომატოლოგიის განვითარების აკადემიის (AADMD) პრეზიდენტი და პროფესორი, წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის არტურ დუგონის სტომატოლოგიის სკოლის- დიაგნოსტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის- „Special Olympics Special Smiles“, გლობალური კლინიკური მრჩეველი, განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგთა ასოციაციის (SCDA) წევრი, კალიფორნიის სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელ დირექტორთა საბჭოს მდივანი, სან-ფრანცისკოს სტომატოლოგთა საზოგადოების სტომატოლოგთა ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარე.
  • დოქტორი გიორგი დუღაშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაცია “Special Olympics”-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერტიფიცირებული კლინიკური დირექტორი და მისი წარმომადგენელი საქართველოში.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და პროფესორ
  • მასწავლებლები;
  • კლინიცისტები;
  • სოციალური მუშაკები;
  • სტუდენტები.

ვებინარის მთავარმა მომხსენებლებმა დოქტორმა კრეიგ ესქიუდიმ და დოქტორმა გიორგი დუღაშვილმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება შშმ პირებთან მუშაობისა და იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც დაეხმარება ამ სტატუსის მქონე ადამიანებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ხოლო სპეციალისტებს შესძენს კლინიკურ კომპეტენციას ამ სფეროში.

დოქტორმა კრეიგ ესქიუდიმ ვრცლად ისაუბრა შშმ პირებისათვის დროული და სწორი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით ჯანმრთელობის პასპორტის როლსა და მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ჯანმრთელობის რისკების სკრინინგის ინსტრუმენტების შესახებ.

ამერიკელმა მეცნიერმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ვებინარის მონაწილე სამედიცინო პერსონალს, სოციალურ მუშაკებსა და სტუდენტებს უსასყიდლოდ შესთავაზა ონლაინ სასწავლო კურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოვლისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. ამ ინიციატივამ ვებინარის მონაწილეების დიდი მოწონება დაიმასახურა.

სასწავლო კურსის მონაწილეები მიიღებენ უწყვეტი განათლების კრედიტებს და მათი მონაწილეობა პროგრამაში დადასტურდება სერტიფიკატით.

ვებინარი ინგლისურ ენაზე წარიმართა და მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ: დოქტორი ალენ უონგი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სოციალური მუშაკები და სტუდენტები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური