„გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა!“ – ეროვნული გამოცდების მონაწილეები NAEC-ს მიმართავენ
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული აბიტურიენტების ნაწილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტით უკმაყოფილოა და ცენტრს შეცდომის აღიარებას სთხოვს. NAEC-ის პასუხით კი ტესტში არავითარი შეცდომა ან უზუსტობა არ არის და ყველაფერი სწორია.
ვიდრე აზერბაიჯანელი აბიტურიენტების შეფასებებს წარმოგიდგენთ, თვალსაჩინოებისთვის გიზიარებთ ტესტის ორ სადავო დავალებას, რომელსაც EDU.ARIS.GE გაეცნო და აზერბაიჯანულიდან ქართულად თარგმნა.
მაშ ასე, 69 დავალების პირობა ასეთია:
ზრდადობის მიხედვით, თანმიმდევრულად განლაგებული მთელი რიცხვების საშუალო არითმეტიკული 10-ს უდრის. რას უდრის ამ რიცხვებიდან უმაღლესი?
სავარაუდო პასუხები:
ა) 9
ბ) 10
გ) 11
დ) 12
ე) 13
ვთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მოირგოს აბიტურიენტის როლი და შეასრულოს ტესტში მოცემული ეს დავალება. შესაძლებელია ერთი სწორი პასუხის არჩევა?
რამდენად კორექტული შეიძლება ვუწოდოთ NAEC-ის ამ პასუხს: “მოგახსენებთ, რომ ექსპერტების მიერ გადამოწმდა ზოგადი უნარების ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე და გაცნობებთ, რომ იგი სრულიად კორექტული და გამართულია. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ განცხადებით. ტესტი სრულიად კორექტულია და მასში არ არის არც ერთი შეცდომა”.
ახლა განვიხილოთ მეორე სადავო დავალების მართებულობა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის, რადგან დიახ, სწორედ ისინი აბარებენ ამ გამოცდას, თანაც მშობლიურ ენაზე.
21-ე დავალების პირობა ასეთი იყო:
ხუთი მეგობარი – Anna, Gio, Elene, Maka და Dato ერთმანეთს სირბილში გაეჯიბრნენ.
ცნობილია, რომ:
- Anna-მ ყველა დანარჩენ გოგონას გაუსწრო
- Gio ყველა გოგონას ჩამორჩა
შემდეგი ვარიანტებიდან რომელს არ შეუძლია ასახოს, თუ ვინ რომელი ადგილი დაიკავა?
ა) Anna, Elene, Maka, Gio, Dato
ბ) Anna, Maka, Elene, Gio, Dato
გ) Dato, Anna, Maka, Elene, Gio
დ) Dato, Maka, Anna, Elene, Gio
ე) Anna, Dato, Elene, Maka, Gio
ქართულენოვანი აბიტურიენტისთვის ყველაფერი ნათელია, არა?!
ვნახოთ რა მოხდება, თუ იმავე ტიპის დავალებას ასეთი სახელებით წაიკითხავთ?
ხუთი მეგობარი – მეხრიბანი, სახილი, მელექი, ნურაი და აიდინი ერთმანეთს სირბილში გაეჯიბრნენ.
ცნობილია, რომ:
- მეხრიბანმა ყველა დანარჩენ გოგონას გაუსწრო
- სახილი ყველა გოგონას ჩამორჩა
კითხვა: შემდეგი ვარიანტებიდან რომელი არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ პირობას?
ა) მეხრიბან, მელექ, ნურაი, სახილ, აიდინ
ბ) მეხრიბან, ნურაი, მელექ, სახილ, აიდინ
გ) აიდინ, მეხრიბან, ნურაი, მელექ, სახილ
დ) აიდინ, ნურაი, მეხრიბან, მელექ, სახილ
ე) მეხრიბან, აიდინ, მელექ, ნურაი, სახილ
ზუსტად იცით, რომელია ქალის და რომელი მამაკაცის სახელი?
თუკი აზერბაიჯანელი აბიტურიენტისთვის ნაკლებად ცნობილია „მაკა“ ქალის სახელია თუ მამაკაცის, რამდენად შეძლებს ის ამ დავალების სწორად შესრულებას მოცემული პირობით?
აი, რას ეუბნება აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს: „თუ ტესტი დაასახელეთ, როგორც ზოგადი უნარების ტესტი “აზერბაიჯანულ ენაზე “. თქვენს მიერ გამოყენებული სახელები აზერბაიჯანულ ენაზე უნდა იყოს. როგორ გავიგოთ, რომელ სახელს რომელი სქესისთვის იყენებთ? ქართული რომ ასე კარგად გვცოდნოდა, ამ გამოცდას [აზერბაიჯანულად] არ ჩავაბარებდით!“.
რიტორიკულ კითხვას დავსვამთ, შეეძლო თუ არა გამოცდების ცენტრს, ისე შეედგინა დავალების პირობა რომ არ დაეტოვა შესაძლო სპეკულაციისთვის სივრცე და ტესტის დავალების პირობა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისთვის ბუნდოვანი არ ყოფილიყო?
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობისას, დღევანდელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობდა, რომ „უახლოეს მომავალში, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1+4 საჭირო აღარც იქნება“, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებში სახელმწიფო ენის ცოდნა მკვეთრად გაუმჯობესებულია: “ამ კუთხით სიტუაცია შეცვლილია ჩვენს თანამოქალაქეებში, ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებში – განსაკუთრებით ახალგაზრდებში”.
არის თუ არა ზემოაღნიშნული ინფორმაცია რეალობა?
EDU.ARIS.GE გიზიარებთ, რა ინფორმაციას ავრცელებენ გამოცდაზე გასული აბიტურიენტები, მათი დამხმარე სტუდენტები (რომლებსაც გავლილი აქვთ ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე) და რა მოთხოვნებს უყენებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს:
Aysun Əfəndiyeva: “ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც წლევანდელ გამოცდაზე წავაწყდით, ვერბალურ ნაწილში 21-ე კითხვას უკავშირდება, სადაც აუცილებელი იყო „მაკა“-ს როგორც ქალის სახელის ცოდნა. ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, რომელიც სწორი პასუხის გასაცემად იყო საჭირო. კომენტარებში აღნიშნული იყო, რომ ეს უნდა გვცოდნოდა. არა, ჩვენ არ გვევალებოდა ამის ცოდნა.
შესაძლოა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი აბიტურიენტისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ ეს ქმნის არათანაბარ გარემოს. რა ვუყოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ აბიტურიენტებს ან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში გაიზარდნენ?
როგორ შეიძლება ველოდოთ იმ აბიტურიენტისგან, ვინც გამოცდამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში, რომ მან იცოდეს, „მაკა“ ქართულად ქალის სახელია? ეს ასევე ეხება იმ აბიტურიენტებსაც, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, მაგრამ არასდროს ჰქონიათ მჭიდრო კონტაქტი ქართველებთან და არ იცნობენ ამ სახელს.
აზერბაიჯანში კი „მაკა“ გამოიყენება როგორც ორი განსხვავებული მამაკაცის სახელის შემოკლებული ფორმა.
თუ ამ კითხვაზე სწორად პასუხის გასაცემად აუცილებელი იყო „მაკა“-ს როგორც ქალის სახელის ცოდნა, და თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, მაშინ, შესაბამისმა ორგანოებმა, ვინც ამ კითხვას ამზადებდა, ასევე უნდა გაითვალისწინონ, როგორ გამოიყენება ეს სახელი სხვადასხვა ეროვნების აბიტურიენტებს შორის. ჩვენ, აბიტურიენტები, წლები ვშრომობთ, რომ მაქსიმალურად კარგად ჩავაბაროთ ეს გამოცდა. მანამდე კი თავად გამოცდაც რამდენიმე ეტაპს გადის.
თუ ეს გამოცდა ღიაა საერთაშორისო და მრავალეროვნული აბიტურიენტებისთვის, მაშინ საკითხების მომზადებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს მრავალფეროვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აშკარა უსამართლობა და უთანასწორობაა”.
Aydan Yusifova: “თუ პერსონაჟის სქესის ცოდნა სწორ პასუხზე გავლენას ახდენს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ნათლად მითითებული. ასეთი სახელები, რომლებიც კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისთვის გაუგებარია, ტესტში არ უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასება ხდება არაობიექტური და უთანასწორო”.
İlkin Mustafayev: “ზოგადი უნარების გამოცდაზე, 69-ე შეკითხვაში სომხური ენის ტესტი განვიხილე და იქ მითითებულია მთელი რიცხვების რაოდენობა, რომელიც სამია. ამის გამო, პასუხი გამოდის 11. მაგრამ აზერბაიჯანულ ენაში თარგმნაში მთელი რიცხვების რაოდენობა არაა მითითებული საკითხში, ამიტომაც, ამ შეკითხვაში სწორი პასუხის არჩევა შეუძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომა თარგმნაშია. თუ შეიძლება, ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმეთ საკითხი”.
Elmar Haciyev: გამარჯობა. ორ შეკითხვაში შეცდომა არსებობს. პირველი — 21-ე შეკითხვაში აზერბაიჯანელმა აბიტურიენტებმა ვერ განსაზღვრეს, მაკა ქალის სახელი იყო თუ მამაკაცის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ეს ქალის სახელია, აზერბაიჯანულად ეს უფრო მამაკაცის სახელს ჰგავს (აზერბაიჯანულში მუჰამედის შემოკლებული ფორმაა). შესაბამისად, ზოგიერთი აბიტურიენტი ამ კითხვას ვერ უპასუხა.
მეორე — 69-ე შეკითხვაში პირობა არასრულია. არ არის მითითებული, მოცემულია თუ არა ზრდადობით დალაგებული რიცხვები ვარიანტებს შორის. ვფიქრობ, ორივე შეკითხვისთვის ყველა აბიტურიენტს უნდა დაერიცხოს 2 ქულა – „ვითხოვთ, რომ არ ჩამოგვერთვას ჩვენი უფლებები და მოგვცეს ის ქულები, რაც გვაქვს!“.
Asli Guseinovi: “გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა და მოგვანიჭოთ ის ქულები, რაც დამსახურებულად გვერგო”.
Azra Mamedova: “ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე 69-ე კითხვა არის არასწორი და თქვენი არასწორი თარგმანის გამო მე რატომ უნდა დამაკლდეს 1 ქულა? ის 1 ქულა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს არის თქვენი შეცდომა აღიარეთ ეს და ყველა აბიტურიენტს დაამატეთ ის რაც წაგვართვეთ!”.
Rafiga Gasanova: “გამარჯობათ, 69-ე კითხვაზე აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნისას შეცდომა გაქვთ დაშვებული. სომხურ ენაზე მოცემულ ვერსიაში მითითებულია, რომ საუბარია 3 ბუნებრივ რიცხვზე, მაგრამ აზერბაიჯანულ ვერსიაში ეს აღნიშნული არ არის. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ რამდენი რიცხვი უნდა აგვეღო? თარგმანში შეცდომაა, გთხოვთ, ყველას 1 ქულა დაუმატოთ!”
Turkane İbrahimova: “გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ჩვენი შეფასება სამართლიანი იყოს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. მოგვანიჭეთ ის ქულები, რასაც ვიმსახურებთ”.
Amida Gasanova: „ყველაფერი შესაბამისი უნდა იყოს! თუ ასე კარგად ვფლობდე ქართულს ან ვფლობდეთ, ქართულად ჩავაბარებდით გამოცდას. თუ აზერბაიჯანულად ვაბარებთ, მაშინ სახელებიც აზერბაიჯანულად უნდა იყოს. გთხოვთ, უკვე გააცნობიეროთ ეს შეცდომები და ვთხოვ 2 ქულის დაბრუნებას. აბიტურიენტებს ეს 2 ქულა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ. შეიძლება, ვიღაც ამ 2 ქულის გამო ჩაიჭრას და ვერ მოხვდეს უნივერსიტეტში — მათ შორის შესაძლოა მეც ვიყო.
Elminaz Osmanova: “თუ ტესტი დაასახელეთ, როგორც ზოგადი უნარების ტესტი “აზერბაიჯანულ ენაზე “. თქვენს მიერ გამოყენებული სახელები აზერბაიჯანულ ენაზე უნდა იყოს. როგორ გავიგოთ, რომელ სახელს რომელი სქესისთვის იყენებთ? ქართული რომ ასე კარგად გვცოდნოდა, ამ გამოცდას არ ჩავაბარებდით!”.
Emil Mamedov: “თუ ქართულს ასე კარგად ვფლობდეთ, გამოცდას აზერბაიჯანულ ენაზე არ ჩავაბარებდით. ჩვენ როგორ უნდა გვცოდნოდა, რომელ სახელს რომელ სქესზე იყენებთ? იმ დროს, რაც ამ კითხვას დავუთმეთ, სხვა კითხვას გამოვუყოფდით. ჩვენთვის 1 ქულაც კი ძალიან მნიშვნელოვანია და არ გაქვთ უფლება, თქვენი შეცდომის გამო ეს ქულა წაგვართვათ.
როდესაც მეთვალყურეებისგან ვკითხეთ, “მაკა” გოგოს სახელია თუ ბიჭის, ზოგმა პასუხი არ გაგვცა, ზოგმა თქვა, რომ ბიჭის სახელია, ზოგმა – გოგოსი. როცა მე თვითონ ვკითხე, მითხრა, რომ ბიჭის სახელია, თუმცა შემდეგ შეცვალა აზრი და თქვა, რომ გოგოსია. იმ დროს, რაც ამ კითხვას დავუთმეთ, შეგვეძლო სხვა კითხვაზე დაგვეხარჯა”.
Saria Nasibova: “ჩვენ, აბიტურიენტებმა, ამ გამოცდაში სერიოზული მეთოდოლოგიური და ტექნიკური ხარვეზები ვიხილეთ. ეს ხარვეზები, რომლებიც თქვენზეა დამოკიდებული, პირდაპირ გავლენას ახდენს აბიტურიენტების შედეგებსა და უფლებებზე. კითხვაში ნახსენები პირის სქესის ცოდნა მნიშვნელოვანი იყო კითხვის სწორად გასაგებად. თუმცა, ბევრ ენაში სახელი სხვადასხვა სქესით გამოიყენება, სწორედ ამიტომ, აბიტურიენტებს უჭირდათ კითხვის პირობის გაგება. როდესაც მონაწილეთა ნაწილმა კითხვა დაუსვა ხელმძღვანელს, მათ უპასუხეს „თქვენი თანამშრომლები“, ზოგი კი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან, რამდენად მართალია ეს? ერთ-ერთ კითხვაში პირობა იმდენად ბუნდოვნად იყო გამოხატული, რომ ყველა არსებული ვარიანტი თანაბრად სწორად შეიძლება ჩაითვალოს. ეს კითხვის უსარგებლოობაზე მეტყველებს. ასეთ შემთხვევებში, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ეს კითხვა გამოცდის შედეგებიდან ამოღებულია და თქვენ მას მთლიანად უარყოფთ. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი. გახსოვდეთ, რომ 1 ქულაც კი შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ აბიტურიენტი საფასურის გარეშე დარჩეს ან თუნდაც უნივერსიტეტში ჩაირიცხოს. თქვენი მხრიდან ასეთი უყურადღებობა არ არის სწორი”.
Ramal Muradov: “აბიტურიენტი ვარ და სადმე დაახლოებით 20 წუთი ვცდილობდი ამ კითხვის გაგებას. კითხვაში შეცდომა არსებობს და ყველა აბიტურენტებმაც + მათემატიკის მასწავლებლებიც ასე ფიქრობენ. 1 ქულა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და თქვენ არ გაქვთ უფლება, ერთი ქულა წაგვართვათ.
მსგავსი შინაარსის მიმართვა შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ათეულობით მიიღო და იგივე პოზიცია აბიტურიენტების ნაწილმა EDU.ARIS.GE-სთანაც დააფიქსირა.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ, რა პასუხი აქვს შეეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელსაც აბიტურიენტები და მათი წარმომადგენლები არ ეთანხმებიან: “მოგახსენებთ, რომ ექსპერტების მიერ გადამოწმდა ზოგადი უნარების ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე და გაცნობებთ, რომ იგი სრულიად კორექტული და გამართულია. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ განცხადებით. ტესტი სრულიად კორექტულია და მასში არ არის არც ერთი შეცდომა”.
რას ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტების შემდეგ EDU.ARIS.GE -სთან ელმარ გაჯიევი, რომელიც სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ეხმარება:
“NAEC-ის ოფიციალური პასუხი ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ ეტაპზე აბიტურიენტები ელოდებიან არგუმენტირებულ განმარტებას. თუ უახლოეს მომავალში გეგმავენ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებას, მოუთმენლად დაველოდებით. მხოლოდ ორ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო: მართალია, ბევრმა აბიტურიენტმა არ იცოდა, მაკა ქალის სახელია თუ კაცის. თუ გამოიკვლევთ, გაიგებთ, რომ ეს შეკითხვა ბევრ სკოლაში ზედამხედველებისთვის მართლაც დასმულია. ასევე, 69-ე დავალების პირობაში არსებული გაურკვევლობა და ხარვეზი დადასტურდა სხვა აზერბაიჯანულენოვანი მათემატიკის მასწავლებლების მიერაც. რაც შეეხება აბიტურიენტებს — მათ ამ შეკითხვაზე პასუხთან დაკავშირებით საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენა.
ასევე, 69-ე დავალების სომხურენოვან ვერსიას რომ გადავხედეთ, ვნახეთ, რომ პირობა სრულად არის მოცემული — საუბარია 3 მიმდევრულ მთელ რიცხვზე თუმცა აზერბაიჯანულ ვერსიაში მიმდევრული მთელი რიცხვების რაოდენობა მითითებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეცდომა ასე თვალსაჩინოდაა დადასტურებული, მაინც აცხადებენ, რომ დავალებაში არავითარი ხარვეზი არ არსებობს.
როგორც თვითონ გამოცდის დასახელებაც მიუთითებს, ტესტის მთელი შინაარსი აზერბაიჯანულ ენაზე უნდა იყოს და აბიტურიენტებისთვის გასაგები. გარდა ამისა, იმ აბიტურიენტთა ნაწილი, ვინც გამოცდას აბარებს, საშუალო განათლება აზერბაიჯანში აქვს მიღებული, რაც მსგავს სიტუაციაში ქმნის უთანასწორო საგამოცდო გარემოს”.
EDU.ARIS.GE თვალს მიადევნებს, როგორ გაგრძელდება და რა დასასრული ან შედეგი ექნება სტატიაში უცვლელად მოწოდებულ ისტორიებს.
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ისევე, როგორც გასულ წლებში, ზოგადი უნარების ტესტი წელსაც არაქართულენოვანმა აბიტურიენტებმა წერეს.
ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 9 ივლისს ჩატარდა. 10 ივლისს კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების გამოქვეყნების შემდეგ, არაერთმა არაქართულენოვანმა აბიტურიენტმა განაცხადა, რომ საგამოცდო ტესტებში არის შეცდომები, ამიტომ, გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მათი უფლებების დაცვას და ქულების არდაკლებას ითხოვენ.
ასევე იხილეთ:
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება