„ალბათ, ჩვენ ახლო მომავალში უნდა ვიფიქროთ 1+4 სისტემის გაუქმებაზე“ – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

„უახლოეს მომავალში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1+4 საჭირო აღარც იქნება“. ამის შესახებ განცხადება 5 მაისს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკომიტეტო მოსმენის მიმდინარეობისას გააკეთა.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, არაქართულენოვან საქართველოს მოქალაქეებში სახელმწიფო ენის ცოდნა მკვეთრად გაუმჯობესებულია:
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად პოზიტივისკენ არის ამ კუთხით სიტუაცია შეცვლილი. ჩვენს თანამოქალაქეებში, ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებში – განსაკუთრებით ახალგაზრდებში”.
გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს კვლევამ აჩვენა – ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის ახალგაზრდობაში 93%-მა კარგ დონეზე იცის ქართული.
“რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ საკმაოდ ბევრი გვაქვს და ამ კუთხით ეს სამუშაო გაიზრდება, არანაირად არ შენელდება. რა თქმა უნდა, ასეთი მონაცემები მოტივაციას გვიზრდის და მე ვფიქრობ, რომ თუ ეს პროცესი ამ მოცემულობებით გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ჩვენ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ 1+4 სისტემაზე იმიტომ, რომ გარკვეულწილად არასწორიც არის, რომ რაღაც არათანაბარ მდგომარეობაში ვამყოფებთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, შესამაბისად, ჩვენ ის მოცემულობები, რაც ახლა გვაქვს აი ამ სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, თავისუფლად გვაძლევს იმის ხედვას, რომ ალბათ, ჩვენ ახლო მომავალში უნდა ვიფიქროთ 1+4 სისტემის გაუქმებაზე, იმიტომ, რომ ქართული ენის ცოდნა საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ყველა თანამოქალაქეს შორის, რაც, რა თქმა უნდა, უკვე იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ ეს სისტემა გავაუქმოთ და და შესაბამისად ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასევე იხილეთ:
-
რა (არ) უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში შესვლისას – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს by ARIS.GE-განათლება
-
ვადა 14 მაისის დღის ბოლომდე გაქვთ – ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე