GE

გზამკვლევი მასწავლებლებისთვის – რა არის STEM აქტივობა და როგორ დავნერგოთ ის სასწავლო პროცესში

ავტორი: გვანცა ბადრიშვილი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, დამრიგებელი

სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინი STEM, თუმცა ბევრისთვის ის ჯერ კიდევ ბუნდოვანი ან მხოლოდ ტექნოლოგიურ საგნებთან დაკავშირებული ცნებაა. სინამდვილეში კი, STEM თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და მრავალმხრივი მიდგომაა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უნარებს, რომლებსაც ისინი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

STEM აბრევიატურაა და აღნიშნავს ოთხ მთავარ მიმართულებას:

S – Science (მეცნიერება)
T – Technology (ტექნოლოგია)
E – Engineering (ინჟინერია)
M – Mathematics (მათემატიკა)

თუმცა, STEM მხოლოდ საგნების ერთობლიობა არ არის, ის სწავლისა და სწავლების ინტეგრირებული მეთოდია, რომელიც ეყრდნობა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლას, ექსპერიმენტულ აღმოჩენას და კრეატიული აზროვნების განვითარებას. იგი ააქტიურებს მოსწავლეების ცნობისმოყვარეობას, ამაღლებს მოტივაციას და ასწავლის მათ თანამშრომლობას. უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.

რატომ არის STEM მნიშვნელოვანი?

ხელს უწყობს რეალური სამყაროს პრობლემების ანალიზს
ავითარებს შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას
ასწავლის თანამშრომლობას და კომუნიკაციას
ამზადებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის პროფესიებისთვის

როგორ დავიწყოთ STEM აქტივობების დანერგვა?

– არ არის საჭირო სპეციალური ლაბორატორია ან ტექნიკა! დაიწყეთ მარტივი იდეებით, რომლებიც თქვენს სასწავლო თემას უკავშირდება.
– STEM აქტივობა არ ნიშნავს მხოლოდ პროექტს — ის შეიძლება იყოს თუნდაც 15-წუთიანი ჯგუფური დავალება. დააკავშირეთ აქტივობები სასწავლო მიზნებთან, მიეცით მოსწავლეებს თავისუფლება და წაახალისეთ მათი იდეები.

STEM აქტივობების იდეები დაწყებითი საფეხურისთვის

1. ცეცხლოვანი ვულკანი (სამზარეულოს სოდით და ძმრით)
თემები: ქიმიური რეაქცია, მიწის რელიეფი
STEM კომპონენტები: მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება
აღწერა: მოსწავლეები აწყობენ ვულკანის მოდელს და შემდეგ იწვევენ “ამოფრქვევას” სოდის, ძმრისა და ფერის გამოყენებით. სწავლობენ ქიმიურ რეაქციებსა და დედამიწის სტრუქტურას.

2. ქაღალდის ხიდი

თემები: კონსტრუქცია და სიმტკიცე
STEM კომპონენტები: ინჟინერია, ხელოვნება
აღწერა: ბავშვებს ეძლევათ ამოცანა — ააგონ ქაღალდისგან ხიდი, რომელიც შეძლებს რაც შეიძლება მეტი მონეტის დაჭერას. ისინი ტესტავენ სტრუქტურულ დიზაინს და ზომავენ დატვირთვის უნარს.

3. წყლის ფილტრის შექმნა

თემები: ბუნებრივი რესურსების გაფილტვრა
STEM კომპონენტები: მეცნიერება, ინჟინერია
აღწერა: მოსწავლეები საკუთარი ხელით ქმნიან წყლის ფილტრს ქვიშის, კენჭისა და ბამბის გამოყენებით. სწავლობენ წყლის სისუფთავის მნიშვნელობასა და გაფილტვრის პროცესს.

4. ბინოკლის დამზადება

თემები: ხედვა, ოპტიკა, მანძილი
STEM კომპონენტები: მეცნიერება, ინჟინერია
აღწერა: მოსწავლეები ამზადებენ მარტივ ბინოკლს მუყაოს რულონების, პლასტმასის ლინზებისა და ლენტების გამოყენებით და სწავლობენ ხედვის პრინციპებს.

5. მზის ღუმელი

თემები: განახლებადი ენერგია
STEM კომპონენტები: მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგია
აღწერა: მოსწავლეები აშენებენ მზის ღუმელს (მაგალითად, ფოლგიანი ყუთით) და ცდილობენ შოკოლადის დნობას ან პურის გახურებას. სწავლობენ მზის ენერგიის გამოყენების გზებს.

6. ენერგოეფექტურობა

თემები: თერმული ენერგია, მასალების თვისებები, დიზაინი.
STEM კომპონენტები: ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა
აღწერა: მოსწავლეები ქმნიან ისეთი სახლის მოდელს, რომელიც ყველაზე კარგად ინარჩუნებს სითბოს.

ასევე იხილეთ:

დაფის მიღმა – სწავლა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად და 15 პლატფორმა, რომელიც საკლასო ოთახს ინოვაციურ სივრცედ გადააქცევს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური