GE

იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნების მიზნით სამინისტრო საგანგებო კომისიას ქმნის

საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენის შეტანას გულისხმობს, პარლამენტს დღეს მეორე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა განხილვა 18 მარტამდე გადაიდო.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, განათლების სამინისტროში უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „დედა ენის“ რედაქციის შეჯერებას და რადგან ჯერ სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს, მიზანშეწონილი იქნება თუ კანონპროექტის მოსმენა გადაიდება.

„მინდა სიამოვნებით დაგიდასტუროთ განათლების სამინისტროს მზაობა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „დედა ენის“ რედაქციის შეჯერებას შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით და შესაბამისად ჩვენ კანონის შემდგომი განხილვის პერიოდშივე, პარალელურ რეჟიმში დავაკვირდებით კომისიის მუშაობას. გრძელდება დამატებითი კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით და მე გთხოვთ კოლეგებს, რომ კომიტეტის შემდგომი სხდომისთვის გადავიტანოთ აღნიშნული საკითხის განხილვა მეორე მოსმენით, რადგან ზუსტდება დეტალები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით უნდა მოამზადოს და დაბეჭდოს სასწავლო პროცესისთვის.

როგორც ინიციატორებმა განმარტეს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით“.

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური