GE

იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი დედაენის სახელმძღვანელოს მაკეტს გრიფი მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი დედაენის სახელმძღვანელოს მაკეტს გრიფი მიენიჭა. ბრძანება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ სექტემბერში პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის დედაენას მიიღებენ.

იხილეთ ბრძანება

აღსანიშნავია, რომ მაკეტი საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ წარუდგენიათ. არც საჯარო განხილვებია დაგეგმილი. კომისია, კი, რომელიც პირველად მაისში შეიკრიბა და ამაზე მუშაობდა, ასეა დაკომპლექტებული:

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა.

როგორც სამინისტროში განმარტავდნენ, საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, კომისიის შექმნის მიზანია როგორც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავება და გრიფირებისათვის წარდგენა, ასევე ამავე ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ძეგლთან შესაბამისობის დადგენა.

“განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის შეკრება მუდმივ რეჟიმში განხორცილდება. შემუშავდება ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გრიფის მინიჭების შემდეგ სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სკოლებს ასარჩევად წარედგინება. შესაბამისად, სამინისტროს განმარტებით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ სახელმძღვანელო ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესაბამის მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა”, – განმარტავდნენ მაშინ სამინისტროში.

სექტემბერში პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის დედაენას მიიღებენ – მამუკა ბახტაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური