იანვრიდან ბაღებში კვების რაციონი გაუარესდა – ბავშვების შიმშილობა თუ ევროსტანდარტები?
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს იანვრიდან შეცვლილ მენიუს სთავაზობენ. რაციონი ისეთი უხვი აღარ არის, როგორც ეს გასულ წელს იყო. მშობლები შემცირებულ საკვებს აპროტესტებენ. სპეციალისტები კი კვების ახალ სტანდარტებზე და ბავშვებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
გაეროს ბაშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუ იყო გადატვირთული და იქ გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის დეკემბრეში მთავრობის მიერ მოხდა ახალი სტანდარტების დამტკიცება, რომელიც უკვე აისახა მენიუზე, თუმცა საზოგადოება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. მშობლების ნაწილი მენიუს შეცვლას მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერს და ახალ კომპანიას უკავშირებს. საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ წყდება აღსაზრდელთა მშობლებში.
„ძვირფასო მშობლებო, როგორ ფიქრობთ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვება დილით, საუზმეზე, პურის და კარაქის გარეშე, მხოლოდ ფაფებით და რძით/ჩაით, კვირაში სამჯერ, ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს, საკმარისია ბავშვის დასანაყრებლად? ასევე სალათები (მითუფრო მაიონეზიანი) მისაღებია? გასაგებია დაბალანსებული კვების აუცილებლობა, მაგრამ ამას არ უნდა მოყვეს ბავშვის მშიერი დატოვება. პირადად მე იძულებული ვარ აღნიშნული სამი დღე პური მივიტანო ბაღში, რადგან ჩემი შვილიშვილი ფაფებს, რძეს და მსგავს პროდუქტებს არ გეახლებათ. ექვსი წლის მოზარდისთვის ფაფა აღარც მისაღებია და აღარც საკმარისი. კარგი იქნება, ჩემთან ერთად, თქვენც თუ მიაწვდენთ ხმას ბაღების მართვის სააგენტოს, რომელიც ამ საკითხს განაგებს“, – წერს ფეისბუქმომხმარებელი დოდო ჯულუხაძე.
„ფაქტად ვწერ: თბილისის საბავშვო ბაღები ბოლო დრომდე საკმაოდ კარგად მარაგდებოდა საკვებით, კონტროლიც სერიოზული იყო საკვების ხარისხზე. იკრძალებოდა გარედან შეტანილი პროდუქტი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია და სტანდარტს ექვემდებარება. დეკემბრიდან მოყოლებული, საკვების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა, რაც შეეხება რაციონს, რა სტანდარტის მიხედვით ადგენენ, ვერ გეტყვით. აი, დღეს, მაგალითად, ერთ-ერთ ბაღში სადილად მჭადი და ყველი ჰქონდათ ბავშვებს, მეტი არაფერი. აღმზრდელები იძულებულები იყვნენ, საკუთარი ფულით ნაყიდი პური დაერიგებინათ ბავშვებისათვის. იმ აღმზრდელებზეა საუბარი, 40-45 ბავშვიან ჯგუფებს სამარცხვინოდ დაბალი ხელფასის საფასურად რომ ემსახურებიან და პატარა გადაცდომისათვის ლამის ტყავს აძრობენ. P.S ეს მჭადი მცირეწლოვანის რაციონში არა მგონია ნორმალური იყოს თუმცა, მაგის კომენტირება დიეტოლოგებისა და პედიატრების საქმეა და ამ საკვების ამბავი დიდხანს რომ ვერ დაიმალება, ფაქტია- აღნიშნავს ფეისბუქის კიდევ ერთი მოხმარებელი ლელა კურდღელაშვილი.
ბაღებში საკვების რადენობა რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ამაზე EDU.ARIS.GE -სთან ერთ-ერთი ბაღის თანამშრომელიც საუბრობს:
„მე მგონი, მიყავთ სიტუაცია რომ მშობლები პირიქით შეეხვეწონ მერიას, ფასიანი გახადეთ ბაღებიო. სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?! ისე ცოტა საკვებია, ბაშვებს როგორ უნდა ეყოთ არ ვიცი. ადრე სამ-სამი დასახელების ულუფა იყო, ახლა შემცირებულია. გუშინ ისე ცოტა პური იყო აღარ ვიცოდით ამდენ ბავშვზე როგორ გაგვენაწილებინა. მარილი ისეთი ცოტა ქონდა საჭმელს, არაფრის გემო აღარ ჰქონდა. აქამდე უამრავი ნარჩენი საკვები იყრებოდა, კი ეს ცუდი იყო, მაგრამ ისე არ უნდა შეემცირებინათ რომ ბავშვებს აღარ ეყოს“, – განმარტავს ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელის თანაშემწე.
კიდევ ერთი ბაღის პედაგოგი კი ამბობს, რომ პირიქით, მენიუ პატარებისთვის უფრო მისაღებია.
„საგანგაშო არაფერია, აქამდე იმდენი დასახელების საკვები იყო, ნახევარსაც არ ჭამდნენ ბავშვები და ნაგავში იყრებოდა. მე ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ეს მენიუ უფრო სასარგებლოა.“
ბაგა–ბაღებში კვების ახალი სტანდარტების დაწესებას მიესალმებიან გაეროს ბავშვთა ფონდში. ორგანიზაციის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ კვების ახალი სტანდარტი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დამტკიცდა გაცილებით უკეთესია და ჯანსაღ კვებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ ვეთანხმებით კვების ახალ სტანდარტებს, რომლის თანახმადაც გადახედილია კალორაჟი და მენიუ. რეალურად ოდნავ შემცირებულია კალორაჟი იმის ხარჯზე, რომ ბავშვისთვის არასასარგებლო კვებითი პრდუქტები ამოღებულია რაციონიდან – მაგალითად შაქარი. სამაგიეროდ, გაზრდილია კვებითი ღირებულების საკვები, როგორიც არის ხილი ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და ა.შ. აქამდე მენიუ გაჯერებული იყო ძალიან ბევრი შაქრით. ახალი სტანდარტებით კი, რეალურად, ბავშვის დანაყრება მოხდება ძალიან დაბალანსებული და მათი განვითრებისთვის საჭირო კვებითი ღირებულების მქონე საკვებით, ვიტამინებით. მთავარია, რომ ეს ახალი სტანდარტები, მენიუ და კალორაჟი ძალიან კარგად შეისწავლონ ბაღებმა და ზუსტად მისი გათვალისწინებით იყოს მენიუ შედგენილი“, – განმარტავს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხემძღვანელი მაია ყუფარაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
რეალურად, რა ხდება ბაღებში და რას უკაშირდება საკვების შემცირება ახალ სტანდარტებს თუ ახალ კომპანიას, ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში განმარტებას დღის მანძილზე გაკეთებენ.
როგორც EDU.ARIS.GE -ის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ,,საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვებზე კალორაჟი მთავრობის დადგენილებით არის შემცირებული”.
როდიდან გახდება საჯარო ბაღები ფასიანი – თბილისის ვიცე მერის პასუხი
ავტორები: თამთა ვირსალაძე და ქეთი გიგოლაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება