GE

IBSU აქტიურ ონლაინ სწავლებას ახორციელებს – როგორია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შეფასებები

როგორც უკვე იცით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლება 16 მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე, ლექციები აკადემიური კალენდრის მიხედვით მიმდინარეობს.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ონლაინ სწავლება ახალი გამოწვევაა როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ისე სტუდენტებისთვის. მთელი ეს პროცესი სწორედ მათ შევაფასებინეთ და IBSU-ს ონლაინ სწავლების მეთოდების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ.

“ონლაინ-ლექცია თითქმის არაფრით განსხვავდება რეალური საკამპუსო ლექციისგან. ყველას ეგონა, რომ გადასვლა საკმაოდ რთული პროცესი იქნება და ლექტორებსა და სტუდენტებს შეეზღუდებოდათ ინტერაქციის შესაძლებლობები. მაგრამ, საბოლოოდ, სრულიად საპირისპირო სიტუაციაში აღმოვჩნდით. პრობლემების გარეშე მიმდინარეობს მასალის ახსნა, სემინარებისა და გამოკითხვების ჩატარება, ვიდეო და აუდიომასალების გამოყენება, ქვიზების წერაც კი. ამასთან ერთად, ვართ უსაფრთხოდ, სახლებში და ძალიან პროდუქტიულად ვიყენებთ კარანტინის პერიოდს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სულ რაღაც ორი-სამი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ სრულიად გამართოს ონლაინ სწავლების ახალი მეთოდი. ტრანსფორმაცია პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, პირველ რიგში იმიტომ, რომ უნივერსიტეტი ისედაც აქტიურად იყენებდა ონლაინ პლატფორმას შესაბამისი პრეზენტაციებით და სახელმძღვანელოებით. Google-ის Hangouts Meet პლატფორმის გამოყენებით კი, სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს საუნივერსიტეტო ცხრილით განსაზღვრულ დროს დავესწროთ ლექციებს და გვქონდეს აქტიური კონტაქტი ლექტორებთან“,-გვითხრა სერგო შაგინოვმა, რომელიც ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ უმოკლეს დროში ასეთი გამართული სისტემის ორგანიზება უმაღლესის პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.

„ახალ ეტაპზე გადასვლა მოხდა სწრაფად და მყისიერად, რადგანაც IBSU არის ანრტეპრენიორული უნარებით დაჯილდოვებული უნივერსიტეტი. ჩვენ გვაქვს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი პროფესიონალიზმი, ეს აქაც გამოჩნდა . ხარვეზების გარეშე მოხდა გადასვლა. ვფიქრობთ, რომ სტუდენტებიც კლამყოფილი არიან. ონლაინ სწავლების დადებითი მხარე არის უფრო მეტი ჩართულობა, უფრო აზრობრივი კონტაქტი სტუდენტთან. მე უფრო მეტი ინტერაქცია მქონდა ჩემ სტუდენტებთან. ისინი გულისყურით მისმენდნენ და ჩემგანაც ამას ელოდნე“, – ამბობს პროფესორი კახაბერ ჯაყელი.

უნივერსიტეტის ლექტორის, ხატია მარკოზაშვილის თქმით კი, პირველ რიგში, მისთვის არის სიახლე და ახალი გამოწვევა დისტანციურად მუშაობა და ამ დრომდე არსებული პროცესი პროფესიულად სხვა კუთხით დაინახა.

„სტუდენტებს რაც შეეხება, ონლაინ დასწრება საკმაოდ მაღალია, აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დადებითად შეხვდა უმრავლესობა. პროცესი ჩემთვის მარტივად მიმდინარეობს, IT დეპარტამენტის დახმარებით, სწრაფად მოხდა იბსუს მეილების შექმნა და ტექნიკური დეტალების გაცნობა“, -აცხადებს კიდევ ერთი ლექტორი, ირაკლი ღვთისიაშვილიც. მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი საკმაოდ მომზადებული შეხვდა ახალ საფეხურზე გადასვლას.

„იბსუ შეხვდა სრულად მომზადებული. IT სამსახურმა ჩაატარა ფასდაუდებელი სამუშაო და სისტემა სრულად გამართულია. სტუდენტები არ აგვიანებენ ლექციაზე, ლექცია იწერება, შესაძლებელია ნებისმიერი ლოკაციიდან ჩართვა“, – აღნიშნავს ის.

უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამიდან, ნინო სადუნიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოპტიმალური გამოსავალი სწორედ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა იყო.

„ძალიან მომწონს ის სისტემა, რომელსაც იბსუ იყენებს. მოქნილია, ნაკლები ხარვეზები აქვს და რაც მთავარია, სტუდენტები არ წყვეტენ განათლების მიღებას. ჩვენმა უნივერსიტეტმა კვირაზე ნაკლებ დროში შეძლო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტში მანამდე მოხდა სანიტარული წმენდა, კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველივე შემთხვევისას“, – ამბობს სტუდენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური