GE

IBSU-ს სტუდენტის ახდენილი ოცნება – გამოცდილება აშშ-ის საელჩოდან

ქეთა ავაზაშვილი იბსუ-ს ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია და ამერიკის საელჩოში გაიარა სტაჟირება. რა გამოცდილება მიიღო სტაჟირებისას, რა თვისება დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას ურჩევს მომავალ მონაწილეებს? – ქეთი თავად გიამბობთ.

ქეთა ავაზაშვილი: ,,6 წლიდან ჩემს ოთახში ამერიკის დიდი დროშა მეკიდა და ყოველ დილით გაღვიძებისას მაგას ვუყურებ, როგორც წინსვლის დიდ მოტივაციას. მინდოდა უფრო ახლოს ვყოფილიყავი იმ მუშაობისა და ცხოვრების სტილთან, როგორიც ამერიკელებს აქვთ.’’

– რა ეტაპები გაიარეთ იმისთვის, რომ საელჩოში წასულიყავით? რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები?

– საელჩოში მოხვედრა ადვილი სულაც არ იყო. სხვადასხვა დეპარტამენტში ვაგზავნიდი CV-ებს. რამდენჯერმე არ გამიმართლა. ბოლოს ჩაგვიტარდა ტესტირება და ამოგვარჩიეს ბავშვების მცირე რაოდენობა, რომლებსაც მოხვედრის რეალური შანსი გვქონდა. ამის შემდეგ ველოდებოდი 2 თვემდე, სანამ საელჩოდან ოფიციალური დასტური მომივიდოდა. გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინს, უდავოდ, გადააჭარბა. ეს ერთი წელი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ფერადი, თავგადასავლებით სავსე პერიოდი.

– მოგვიყევით საელჩოში გატარებულ ერთ დღეზე.

– ყოველი დღე დასამახსოვრებელი იყო, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 4 ივლისის ღონისძიებას გამოვარჩევდი, სადაც თითოეული გუნდის წევრი ჩართული იყო თავიანთი კრეატიული აზროვნებით, ნიჭითა და თავდადებით, რათა ეს დღე განსაკუთრებულ წვეულებად ექციათ. განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ყველა თავიანთი საქმით იყო დაკავებული. ზოგი პრესას ეხმარებოდა, ზოგი უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ჩემი მოვალეობა იყო, რომ დავხვედრილიყავი სტუმრებს, მიმელოცა დამოუკიდებლობის დღე და მიმეცილებინა წითელ ხალიჩამდე. ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება.

– პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, რამდენად დიდი როლი ითამაშა იქ მიღებულმა გამოცდილებამ თქვენს ცხოვრებაში?

– საელჩოში მუშაობა ჩემი კარიერის დასაწყისისთვის დიდი ნაბიჯი იყო. ვისწავლე გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა გუნდის წევრების მიმართ. ასევე გავიცანი უამრავი პროფესიონალი, რომელთა კარიერა და შრომისუნარიანობა ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძია. გავეცანი ამერიკული მუშაობის სტილს. როდესაც ვამბობ, რომ მაქვს ამერიკის საელჩოში მუშაობის გამოცდილება, ვგრძნობ, ეს დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს დამსაქმებელსა და სხვა დაინტერესებულ პირებში.

– თქვენი აზრით, რა თვისება დაგეხმარათ განსაკუთრებულად წარმატების მიღწევაში?

– პირველ რიგში, დიდი როლი ითამაშა ჩემმა ინგლისური ენისა და ამერიკისადმი დიდმა ინტერესმა, ასევე შრომისმოყვარეობამ, შეუპოვრობამ და დიდმა სურვილმა, რომ მქონოდა სურპრიზებით სავსე დიდი მომავალი.

– რას ურჩევდი მათ, ვისაც მსგავს აქტივობაში სურს მონაწილეობა?

– ამერიკის საელჩომ მასწავლა, რომ თუ შეგიძლია იოცნებო, ასევე შეგიძლია მიაღწიო მას. თავდაუზოგავ შრომასა და სურვილს დიდი ძალა აქვს. ცხოვრება მაგიითაა სავსე. იარსებეთ ხმამაღლა და იოცნებეთ ვარსკვლავებზე, იმიტომ რომ სადღაც არსებობს ვინმე, ვინც აუცილებლად მოგისმენთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური