„მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!“ – ქუთაისელი აბიტურიენტების გულშემატკივარი წელსაც ფორმაშია
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ქართული ენასა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
გამოცდების მიმდინარეობას EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებში აკვირდებიან და მოვლენებს ადგილიდან აშუქებენ. დილა კი აუცილებლად პოზიტიური ქუთაისით უნდა დავიწყოთ, სადაც აბიტურიენტების გულშემატკივრები წელსაც ფორმაში არიან.
23-ე საჯარო სკოლასთან აბიტურიენტებმა და მათმა გულშემატკივრებმა შეკრება 07:00 საათიდან დაიწყეს. მშობლები, ნათესავები, დედმამიშვილები თუ მეგობრები, ტესტირების მოლოდინში მყოფთა გამხნევებას ჩვეული იუმორით ცდილობენ:
– „მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!“ – ასე ამხნევებს საფეხბურთო ეიფორიაგამოყოლილი გულშემატკივარი მეგობარს;
„შარშან რომ დევიწყე ამ ცენტრთან მორიგეობა, წელსაც აქ მოვხვდი. მეორე ბოვშსაც გოუმართლოს იქნება”, – ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გამოცდებზე მეორე შვილს გულშემატკივრობს და იმედოვნებს, რომ არც მეორე ბიჭი დარჩება “უდიპლომო სასიძო”;
„დამკვირვებლები რას ფიქრობენო? – ჩვენი გამოუძინებელი აბიტურიენტები მევიდნენო, გამოცდის დამწერი აბუტურიენტები მევიდნენო, რომ ვერ გადაწერენ, ისეთებიც მევიდნენო”, – ხუმრობენ უჩვეულოდ ადრე გაღვიძებული აბიტურიენტები.
„ბოვშმა თქვა საკონტროლოაო, სულ არ დოუწერია სკოლაში გონია და მასეთი თუა, კი ჩოუბარებია მაშინ”, – იმედიანადაა ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებო.
„ყველაფერი პროფესიები ჩაწერე-თქო ვუთხარი, თუ არ ჩაწერა და გარეთ დარჩა, კიც შევწუხდები იქვე”, – ამბობს შუახნის ქალბატონი.
„რაა ქართული, მაგი თუ ვერ დაწერა, რა უნდა აბა მათემატიკაზე?! კაი ნამეცადინებია და დაწერს 100-იანზე უეჭველი”, – იმედოვნებს ერთ-ერთი აბიტურიენტის ბიძა.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრი – 23-ე, 41-ე და მე-17 საჯარო სკოლებშია გახსნილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 26 ივლისს დასრულდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ანა ჯიქიამ
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება