GE

ილია ბეროშვილი: ისეთი მეგობარი უნდა იყოს შვილი, ყველაფერს გიყვებოდეს

იყო მშობელი დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა როგორც შვილის, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. პირველ რიგში, უნდა იყო საუკეთესო მაგალითი შვილისთვის. წარმატებული კარიერის მქონე მშობლები ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებით რთულია, როცა გაქვს საქმე და კარიერასა და შვილებს შორის დროის განაწილების კუთხით ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. მშობლის სტატუსი არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არსად ისწავლება. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი ილია ბეროშვილი:

მშობელმა შვილის ნაცვლად დავალებები არ უნდა აკეთოს

დავალებების გაკეთების პროცესში მე არ ვერევი, ეს თვითონ უნდა გააკეთოს. მან უნდა იცოდეს, რომ ჩართული ხარ და გაინტერესებს მისი ამბავი. ძალიან მეგობრულად უნდა დაელაპარაკოთ, რომ ეს არის მისი გასავლელი გზა. პატარა მინიშნებაც არ უნდა იყოს იმაზე, რომ თქვენ ადგეთ და რაღაც მის ნაცვლად გააკეთოთ, წაეხმაროთ. ხომ არიან მშობლები, აზარტში რომ შედიან და დავალებებს შვილების ნაცვლად აკეთებენ. შემდეგ სწავლობენ როგორ დაამახინჯონ კალიგრაფია შვილისას რომ დაამსგავსონ და ა.შ მე ეს არ მომწონს. მშობელმა შვილის მიმართ ინტერესი უნდა გამოიჩინოს, თუმცა მის ნაცვლად დავალებების კეთება მიუღებელია ჩემთვის. უნდა ჰკითხოთ, მან უნდა იცოდეს რომ თქვენ მის სწავლას თვალს ადევნებთ. როცა ჩემი შვილი თავს გამოიჩენს მოდის და მეუბნება, მიზიარებს შთაბეჭდილებას.

მიმაჩნია, რომ მშობელმა შვილს სხვა ინტერესები უნდა განუვითაროს. ბუნებაში გაიყვანოს, დროის სწორი მენეჯმენტი ასწავლოს. უნდა დაეხმარო ბავშვს სწორად გაანაწილოს ყველაფერი. ჯანსაღი მიდგომა უნდა იყოს, ჯანსაღად უნდა კითხოს როგორ  მიდის საქმეები. ერთად გადალახონ დაბრკოლებები.  შენ უნდა მიანიშნო და ანახო გზა როგორ, რანაირად უნდა გადალახოს პრობლემები. შენი გამოცდილება გაუზიარო, რომ მიხვდეს შენც გქონდა ბავშვობაში პრობლემები, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ გზის მინიშნებაზეა საუბარი.

შვილს უნდა მისცე სწორი მოტივაცია და საქმის ბოლომდე მიყვანა ასწავლო

შვილს უნდა მისცე სწორი მოტივაცია. ისე კი არა, ის თუ კარგ ქულას მიიღებს რაღაც უყიდო, უნდა მიანიშნო, რომ კარგი სწავლა უკვე ჯილდოა. მერე სპეკულაციას იწყებენ ხოლმე და ყოველი გაკეთებული საქმის შემდეგ  ელოდებიან ჯილდოს, რაც ასევე არასწორია. ვერ გეტყვით, რომ  ყოველთვის ასე ვახერხებ როგორც გესაუბრებით. რა თქმა უნდა, რაღაცები თეორიულად ვიცი, თუმცა ვცდილობ, რომ ასე გავაკეთო.

ასევე, საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ჩაუნერგო ბავშვს. ბავშვობაში ხშირად ერთს საქმეს რომ ვიწყებდი მომწყინდებოდა ხოლმე და გადავდიოდი მეორეზე. ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთი საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი.  ჩემი უფროსი შვილი ვიოლინოზე დადის, მირჩევნია, ბევრ წრეზე სიარულს ერთზე იაროს და კონცენტრირებულად. ხანდახან უყვართ ხოლმე, რომ დატვირთავენ ბავშვს და ბავშვი გულს ვერაფერს უდებს. მეც, როგორც დიდი, შეიძლება გამოვიფიტო საქმისგან, ასევეა პატარაც.  სჯობს  ბოლომდე დაიხარჯოს სკოლაში. ჩემი რჩევაა მშობლებისადმი, რომ მთელი რესურსი კარგ სკოლაში ჩადონ, სადაც ბავშვი მოწადინებული იქნება. ბავშვს უნდა ჰქონდეს ბუნებასთან, საკუთარ თავთან დარჩენის დრო.

სიმკაცრე შვილებთან არ უნდა იყოს წყობიდან გამოსვლა

ჩემს შვილებთან უფრო მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. პირველ რიგში, სიმკაცრე არ უნდა იყოს წყობიდან გამოსვლა. მესმის, რომ  ნერვიულობაა და ძნელია. ჩემი სისუსტე არის ის, რომ გოგონები არიან, ძალიან ტკბილები არიან, როგორ უნდა  გავუბრაზდე ვერ წარმომიდგენია. დედა უფრო მკაცრად ექცევა. ვცდილობ, მეგობრული და სამართლიანი ურთიერთობა მქონდეს მათთან. უნდა იცოდნენ, რომ სპეკულაცია არ გაუვათ. დისციპლინა აუცილებელია. მარტო იმის  თქმა, რომ გაიზრდები მერე ისწავლი არაა საკმარისი. თუ მას ყველაფერს ზუსტად და სწორად აუხსნით, ყველაფერს გაიგებს. ზოგი ამას მარტივად იგებს, ზოგი რთულად, თუმცა, თუ დაიხარჯები აუცილებლად გაიგებს. ისეთი მეგობარი უნდა იყო, შვილი ყველაფერს გიყვებოდეს.

ბავშვი არ უნდა ელოდებოდეს, რომ თქვენ მას დასჯით, როცა რაღაცას მოგიყვებათ. როცა მოვა და დაიჩივლებს ბოლომდე უნდა მოუსმინოთ. შეიძლება ხადახან ადგეს და მოიგონოს, რომ გაციებულია, თქვენ ამას მიხვდეთ, მაგრამ ეს კი არ უნდა უთხრათ, უბრალოდ უნდა გაიგოთ რატომ ცდილობს რომ მოგატყუოთ, რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა. მარტო სიზარმაცეში არ იქნება ამბავი, შეიძლება ვიღაც აწუხებს, მასწავლებელთან ან ვინმესთან აქვს პრობლემა. ყველანაირად უნდა მოუსმინოთ.

შვილს უნდა ესაუბროთ, როგორც თანასწორს

შვილს უნდა ესაუბროთ, როგორც თანასწორს. ხანდახან უნდა გაუზიაროთ რაღაც პრობლემები და მასაც კითხოთ აზრი. უნდა იგრძნოს რომ მასაც შეუძლია რაღაცები. როგორც „პაწაწკუნტელას“ ისე თუ დაელაპარაკები, ისე მოიქცევა როგორც პატარა. თუ ეუბნები, რომ დიდი გოგო ხარ და ასე ნუ იქცევი, მაშინ უნდა მოექცე დიდი გოგოსავით.

ვნანობ, რომ არ მაქვს მათთან ერთად ბუნებაში დროის გატარების, ცხოველების ნახვის, ცხენით გასეირნების დრო და მეტი საშუალება. დღეში შეიძლება 15 წუთი იყოს როცა ნახულობ, მაგრამ  სჯობს იყოს ხარისხიანად, ვიდრე საათები და უხარისხოდ.

მეტად მოვუსმენდი შვილებს, მოუსმინეთ თქვენც!

მშობელი–მშობელს სხვა სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური