GE

ილიაუნელი ანა ბერიძის Erasmus+ თავგადასავალი (პოლონეთი, University of Lomza)

We are iliauni: ბლოგების სერია, რომელსაც ილიაუნის სტუდეტები საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ქმნიან. გამოცდილებით, რომელიც ერასმუსის გაცვლითი პროგრამიდან მიიღეს.

მე ვარ ანა ბერიძე, 20 წლის, ილიას საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე მენეჯმენტის განხრით. ჩემს მომავალ პროფესიას ვუკავშირებ ადამიანური რესურსების მართვას. ეს განხრა ძალიან მაინტერესებს, ვინაიდან მოიცავს, როგორც მენეჯმენტის, ასევე ფსიქოლოგის ასპექტებსაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტი სტუდენტებს თვითგანვითარების უამრავ შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის, სთავაზობს ძალიან კარგ გაცვლით პროგრამებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს. როდესაც შევიტყვე Erasmus+ პროგრამის შესახებ, მივხვდი, რომ ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვა.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი გავატარე პოლონეთში, კერძოდ ლომჟის უნივერსიტეტში. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. პირველ რიგში, გავხდი უფრო დამოუკიდებელი, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული და სიახლეებისადმი გახსნილი. ახალ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ვინაიდან განაპირობებს სრულიად უცხო კულტურისა და მენტალიტეტის შესწავლას. ამასთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შევიძინე ახალი ცოდნა და დავხვეწე ინგლისური. მუდმივმა ინტერაქციამ უცხო ენაზე ხელი შემიწყო სასაუბრო ენის ადვილად ათვისებაში. მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა ჩემი პიროვნული ზრდა და პროფესიული განვითარება.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი. ვისწავლე მულტიკულტურულ გარემოში ინტერაქცია და გავიჩინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან სასიამოვნოა სხვადასხვა კულტურისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია. მათგან მუდმივად ვითვისებდი ახალ იდეებს და განსხვავებულ კულტურულ ღირებულებებს. ამან განაპირობა ჩემი მსოფლმხედველობის გაფართოება და ამ სამყაროს შეცნობის უფრო ძლიერი სურვილი.

რაც შეეხება განსხვავებებსა და მსგავსებებს პოლონურ უნივერსიტეტსა და ილიაუნს შორის, უნდა აღვნიშნო განსხვავება შეფასების სისტემებს შორის. პოლონეთში გამოიყენება სტუდენტთა შეფასების ხუთბალიანი სისტემა. ორივე უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს სტუდენტებს, უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით. ლექტორების პროფესიონალიზმი და სტუდენტების მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომა არანაკლებ დასაფასებელია. არ შემიძლია არ აღვნიშნო მშობლიური და მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხარდაჭერაც. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ დასახმარებლად ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში.

პროგრამის ფარგლებში საინტერესო კურსები დავხურე, თუმცა ყველაზე მეტად გამოვყოფდი ‘Strategic management” კურსს, რომლის ფარგლებშიც შევადგინე კომპანიის ბიზნესსტრატეგია. ვისწავლე ბიზნესგეგმის შედგენის მეთოდი. ეს იყო საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი კურსი, ვინაიდან მენეჯმენტი ის სფეროა, რომლითაც ძალიან დაინტერესებული ვარ.

საზღვარგარეთ გატარებულ დღეებს შორის ალბათ ყველაზე მეტად დამამახსოვრდება მეგობრებთან ერთად გატარებული მოგზაურობის დღეები. მოვინახულეთ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქი და სხვა ქვეყნებიც. საოცარი გრძნობაა მეგობრებთან ერთად მოგზაურობა და ახალი ქალაქების სტუმრობა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მოგზაურობას კრაკოვში. ამ ქალაქმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მომეწონა მისი ფერადი ქუჩები და თბილი ატმოსფერო. უამრავი თბილი მოგონება დამრჩა, რომელთაც არაერთხელ გავიხსენებ ღიმილით.

Erasmus+ პროგრამამ მომცა თვითგანვითარების შესაძლებლობა. მიღებულმა გამოცდილებამ მომანიჭა თვითდაჯერებულობა. დამოუკიდებელი ცხოვრება შენი ოჯახისგან შორს რთულია, თუმცა მიღებული გამოცდილება – შეუფასებელი. ვისწავლე, რომ აუცილებლად უნდა ვიბრძოლო საკუთარი მიზნების მისაღწევად. ნებისმიერი სირთულე დაძლევადია, თუკი მიზანდასახულად შევუდგები საქმეს. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ამიტომ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შრომა და მიზანდასახულობა აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

ყველა სტუდენტს ვურჩევ, არ გაუშვას ეს შესაძლებლობა ხელიდან და მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც პიროვნულად და პროფესიონალურად გაგზრდით. ამიტომ არ შეუშინდეთ გამოწვევებს. სირთულეების გამოვლა კი მიღებულ შედეგად ნამდვილად ღირს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური