GE

ილიაუნელი თაკო ჯანაშიას Erasmus+ თავგადასავალი

We are iliauni: ბლოგების სერია, რომელსაც ილიაუნის სტუდენტები საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ქმნიან. გამოცდილებით, რომელიც ერასმუსის გაცვლითი პროგრამიდან მიიღეს.

თათო ჯანაშია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტი ვარ. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი და მუდმივად მინდოდა რაღაც საინტერესო მეკეთებინა. უამრავ წრეზე დავდიოდი და ვცდილობდი გარშემო ყველაფერი ამეთვისებინა.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ჯერ კიდევ სკოლაში გავიგე. სხვა უპირატესობებთან ერთად ილიაუნში თავიდანვე იმ მოტივაციით ჩავაბარე, რომ გაცვლით პროგრამებში მინდოდა მონაწილეობის მიღება, ილიაუნი კი ამისთვის უამრავ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს.

ყოველ სემესტრში ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად კარგი აკადემიური მოსწრება მქონოდა, რათა მიმეღო მონაწილეობა ერასმუსის გაცვლით პროგრამაში. პირველ მცდელობაზე, სამწუხაროდ, ნომინირებული ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ აღმოვჩნდი. ძალიან მეწყინა, თუმცა მეორე სემესტრშიც ვცადე და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. წელს ეს მიზანი ავიხდინე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომცა.

როცა შერჩეულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდა და მეილი შევამოწმე, გავშეშდი, რამდენჯერმე შევამოწმე ხელახლა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, რომ ნამდვილად საფრანგეთის ICD Paris University-ში ვისწავლიდი. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმით, რომ ეს შევძელი და შრომა ნამდვილად დამიფასდა.

საფრანგეთში გატარებული პერიოდი ჩემთვის აბსოლუტურად დაუვიწყარი იყო. ყველა ბედნიერებასთან ერთად იყო სირთულეებიც, რომლებიც უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრებას მოსდევს. ვთვლი, რომ ამ პროგრამის შემდეგ ადამიანი სულ სხვანაირი ბრუნდება თავის ქვეყანაში, უფრო დამოუკიდებელი, გააზრებული და გამოცდილებით სავსე.

საფრანგეთში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში დაგროვებული გამოცდილება დამეხმარება საქართველოში სწორად შევარჩიო პროფესია, და იმ უნარებით, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ილიაუნსა და საფრანგეთის ICD Paris უნივერსიტეტებში გამოვიმუშავე, საშუალებას მომცემს ვიყო პროფესიონალი ჩემს საქმიანობაში.

ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, მათ შორის ფრანგი ლექტორიც. ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ერთად უამრავი დაუვიწყარი მოგონება შევქმენით და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის კულტურა. იმის მიუხედავად, რომ კურსი დასრულდა, ხშირად მაქვს ურთიერთობა ჩემს ფრანგი ლექტორთან. მე ქართულს ვასწავლი, ის კი ფრანგულის სწავლაში მეხმარება.

ამ პერიოდში ასევე საშუალება მქონდა სხვა ქვეყნებიც მომენახულებინა. ვიმოგზაურე ესპანეთსა და ბელგიაში, სადაც დაუვიწყარი დღეები გავატარე. რასაკვირველია მთელი პარიზი მოვინახულე, უამრავ მუზეუმსა და ღირსშესანიშნაობას ვეწვიე. ამ ულამაზესმა ქალაქმა უმშვენიერესი კულტურით, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. წინა სემესტრის სტიპენდიის მოპოვებაც სწორედ პარიზში შევიტყვე და ორმაგად გახარებული ვიყავი, ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს ვურჩევ, რომ ერთხელ თუ არ გამოვიდა, ხელი არ ჩაიქნიონ. შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება, გააგრძელონ ცდა და აუცილებლად გამოვა.

პირიქით, შეიძლება იმაზე უკეთეს ქვეყანასა და უნივერსიტეტში ჩაირიცხონ, ვიდრე ისინი გეგმავდნენ. ვთვლი, რომ ადამიანმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს კეთილდღეობისა და მომავლისთვის, არ უგულებელყოს გარშემო შესაძლებლობები, არ დანებდეს, თუ კი რამე არ გამოსდის და არ იფიქროს, რომ აზრი აქვს. ვისწავლე, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით ყველა სასურველი მიზნის მიღწევა შემიძლია.

თიკო ჯანაშია – საფრანგეთი, ICD Business School

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური