GE

ილიაუნი – პირველი ქართული ორგანიზაცია საერთაშორისო ინოვაციური ქსელის EBN-ის შემადგენლობაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ინოვაციური ქსელის, EBN (European Business and Innovation Centre Network)-ის წევრი გახდა.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მმართველები აცხადებენ, ქსელის წევრობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, დახვეწოს სამეწარმეო-საგანმანათლებლო პროგრამები, შექმნას ინოვაციებზე დაფუძნებული სერტიფიცირებული საინკუბაციო პროგრამა, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩართოს ევროპულ სამეწარმეო პროექტებში, სერტიფიცირებულ საინკუბაციო პროგრამებში გამოიყენოს კვლევის კომერციალიზაცია და საქართველო ღირსეულად წარმოადგინოს ინოვაციური ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის მასშტაბურ ევროპულ პლატფორმაზე.

უნივერსიტეტისთვის ამ მნიშვნელოვან სიახლეზე EDU.ARIS.GE-სთან კომენტარს ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია აკეთებს:

“რამდენიმე წელია, ილიას უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სტუდენტებისა და პროფესორების სამეწარმეო უნარების განვითარებაზე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების დახმარებით. გარდა კურიკულუმში ინტეგრირებული სამეწარმეო კურსებისა, ჩვენ ვატარებთ სტარტაპ ბანაკებს, ჰაკათონებს, სტარტაპ შეჯიბრებებს და აქსელერაციის პროგრამებს, ვთავაზობთ კვლევის კომერციალიზაციის ტრენინგებს პროფესორებსა და სტუდენტებს, ისევე როგორც დახმარებას პროდუქტის პროტოტიპის შექმნაში.

ევროპული ბიზნეს და ინოვაციური ცენტრების ქსელში გაერთიანება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ამ პროექტების მასშტაბები, ვიპოვოთ სტრატეგიული სამეცნიერო და ინდუსტრიული პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში და მათთან თანამშრომლობით განვახორციელოთ საინტერესო პროექტები.

გარდა ამისა, ამ ქსელის წევრობით სტუდენტები და პროფესორები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ არაერთ საერთაშორისო სამეწარმეო კონფერენციაზე, შეხვედრებსა და კომერციალიზაციის საგრანტო პროექტებში“, – განაცხადა ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ.

EBN (European Business and Innovation Centre Network) აერთიანებს 140 EU | BIC სერტიფიცირებულ ბიზნესს, ინოვაციურ ცენტრებსა და 40 ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერს მეწარმეების, დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური