ილიაუნის 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
21 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
საზეიმო ცერემონიაზე სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ და დეკანებმა: ელენე ჟურავლიოვამ, ნიკოლოზ ყაველაშვილმა, ნინო მატარაძემ და გიორგი პაპუაშვილმა.
„ილიაუნი არ არის მარტო უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, არც სტუდენტებისთვის და არც ჩვენთვის. ეს არის პირველ რიგში დიდი ღირებულებითი, მოქალაქეობრივი და, რა თქმა უნდა, პროფესიული ერთობა, რომელსაც ილიას გზით ერთად მივყავართ ძალიან მნიშნელოვანი მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროპულ მომავალთან, როგორც დღეს. წლევანდელი კურსდამთავრებულებისთვისაც განსაკუთრებული იქნება ეს ემოცია. ძალიან მადლობელი ვართ, რომ მათ აირჩიეს ჩვენთან ერთად ილიას გზით სიარული“, – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
წელს პირველად დაჯილდოვდნენ წარმატებული კურსდამთავრებულები: ნანა ბაგალიშვილი და ქეთევან მოლაშვილი -“ალუმნი ჯილდო” განსაკუთრებული წვლილისთვის საზოგადოების სამსახურში. ავთანდილ მღებრიშვილი – “ალუმნი ჯილდო” ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის. ჯუანშერ ჯეჯელავა – “ალუმნი ჯილდო” წარმატებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის.
„ეს არის ჩემთვის ჟესტი, რომ ილიაუნისთან ბმა ისევ არსებობს. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩემი უნივერსიტეტი მარტო ჩემს განათლებას კი არ სცემდა პატივს, არამედ ჩემს ინიციატივებსაც, მაშინაც და ახლაც, რასაც საზოგადოების მხარდასაჭერად ვაკეთებთ“ – ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფე“-ს თანადამფუძნებელი.
ოფიციალური ნაწილი დასრულდა ტრადიციული რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით.
საზეიმო ღონისძიება დასრულდა ალექსანდრე ხარანაულისა და ბენდ „ნუ მიეყრდნობით“ კონცერტით.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი