ილიაუნიში გაიმართა საერთაშორისო ვორკშოპი „კავკასია გლობალურ ისტორიაში“
5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებითა და მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსებისა და ილიაუნის პროფესორების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოპი თემაზე „კავკასია გლობალურ ისტორიაში“.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ისტორიული კვლევების გლობალური ტენდენციები და მათი მიმართება მიმდინარე ქართულ საკვლევ თემებთან გლობალური ისტორიის ჭრილსა და კონტექსტში:
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართული ვორკშოპის თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის, კერძოდ საქართველოს, ისტორიის კვლევა თანამედროვე ისტორიოგრაფიული მეთოდოლოგიის გამოყენებით. კვლევების გამრავალფეროვნება ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ კვლევათა უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში“, – ნინო მატარაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.
„დღევანდელი ვორკშოპი განიხილავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დევს ეროვნულ ისტორიოგრაფიაში, იმისთვის, რომ შეტანილი იყოს გლობალური მიდგომის კვლევებში. ვორკშოპის მონაწილე პროფესორებს ამ სფეროში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვთ, დიდი გამოცდილება, და სწორედ მათი კომენტარების გათვალისწინებით გვინდა გავაუმჯობესოთ საქართველოს მეცნიერთა წვლილი კავკასიის ისტორიაში გლობალურ კონტექსტში“, – პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„საქართველოში მეორედ ვმონაწილეობ ვორკშოპში, რომლის თემაა „გლობალური ისტორია და კავკასია გლობალურ ისტორიაში“. ეს ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია. დასავლეთ ევროპული პერსპექტივიდან კავკასიის ისტორია იმ დოზით არ არის გლობალურ ისტორიაში ინტეგრირებული, როგორც იმსახურებს. ამ ვორკშოპზე უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე ვასწავლი, რადგან მეხმარება ჩემს წარმოდგენათა გამრავალფეროვნებაში ამ თემატიკაზე“, – დოქტორი სებასტიან კონრადი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი.
„ვორკშოპში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მოხარულები ვართ, კავკასიასთან, კერძოდ საქართველოსთან, კონტაქტების დამყარების გამო. ჩემთვის, როგორც შუასაუკუნეების ისტორიის სპეციალისტისთვის, ძალიან საინტერესოა იმის მოკვლევა, საქართველო რამდენად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთ ევროპისთვის შუა საუკუნეებში“, – დოქტორი თომას ერტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი.
„ვორკშოპი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევებისთვის ახალი ხედვებისა და პერსპექტივების შესაძენად. საქართველოში უამრავი ისტორიული წყარო გვაქვს დასამუშავებელი და გამოსაკვლევი სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში“, – მაია დამენია, დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოები გამოიფინება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- 28 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას პრეაქსელერაციის პროგრამაზე by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი