GE

ილიაუნიში პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“ გაიმართება

15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“.

პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე.

მოდერატორი – დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პანელის მონაწილეები:

ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
ბერნარდ მიზოფი, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების შემსწავლელი ინსტიტუტისა და კოენიგის მუზეუმის გენერალური დირექტორი (ბონი, გერმანია);
კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსი;
მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლევან ტიელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნილს ჰეინი, CaBol პროექტის კოორდინატორი;
ნინო პატარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ანკა დანი, სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS), École Normale Supérieure (პარიზი, საფრანგეთი).

საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სასწავლო და კვლევით ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან აქცენტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. განათლებისა და კვლევის სისტემების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ქვეყანამ უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობისა და კვლევის შესაძლებლობათა გასაძლიერებლად სხვადასხვა რეფორმა განახორციელა. ქართულმა უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა ევროპელ კოლეგებთან დაამყარეს პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივებს.

ღონისძიებაზე ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, ფოლკსვაგენისა და ლაიბნიცის ფონდები, ბონისა და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებულ ორ მნიშვნელოვან კვლევით ერთეულს:

კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილებების შემსწავლელი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტი

2023 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პანელურ დისკუსიაზე გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, დოქტორმა იენს ბრანდენბურგმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევების მიმართულებით საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა შესაბამისი კვლევების გაძლიერების აუცილებლობას საქართველოში, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში.

ქართველ, ევროპელ და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კოლეგებთან ერთად ილიაუნის პროფესორები წარადგენენ იმ კოლაბორაციულ პროექტებს, რომლებიც წინ უძღოდა ორივე სტრუქტურული ერთეულის დაარსებას.

კერძოდ, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBol), რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 3 მილიონ ევროს. ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტები, განხორციელებული კიოლნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტთან, გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან, ლაიფციგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

პანელურ დისკუსიაში ასევე ჩაერთვება მეორე დიდი საერთაშორისო კონსორციუმი „კავკასიის გზაჯვარედინის ბირთვი- კლიმატის ცვლილება და კულტურული კავშირები“ (Caucasus Crossroads Core – Climate Change and Culture Connections (7C), რომელიც გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში, გვიანი ჰოლოცენის პერიოდში დაცული კლიმატის, გარემოსდაცვითი, არქეოლოგიური და ისტორიული არქივებიდან რეკონსტრუირებული მონაცემების ინტეგრირებით განახორციელოს მაღალი იმპაქტის პირველი ინტერდისციპლინური ანალიზი, ცენტრალურ ევრაზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წინაინსტრუმენტული ისტორიული კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის მაკროეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციების კვლევა.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური