ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – ილიაუნი
17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში საინჟინრო და სამშენებლო დარგების ტრანსფორმაციის ხელშეწყობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ერთობლივი კვლევების წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გზით.
თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურისა და სამშენებლო მიმართულების პროგრამების შემუშავებისა და განვითარების, მათი პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და სტუდენტების კარიერული განვითარების შესაძლებლობების გამრავალფეროვნების პროცესებში;ფაკულტეტის კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მონაწილეობით კი დარგის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშესაწყობად კვლევები განხორციელდება.
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ხასიათდება მაღალი აქტიურობით საქართველოს სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს ეხება ახალი სტანდარტების შემუშავებას, საკითხების აქტუალიზაციას, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის დამახასიათებელი იმ აქტუალური თემატიკის ტრანსფერს, რომელიც საქართველოში გადმოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შედეგად, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება. ამ ყველაფრის მონაწილე ხდება ჩვენი ინსტიტუცია, ტექნოლოგიის სკოლა, კერძოდ მისი არქიტექტურის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები, ამ პროგრამების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
სექტორის აქტუალურ საკითხებზე ვითანამშრომლებთ ერთობლივი კვლევების მიმართულებით – ჩვენი აკადემიური კომპეტენციითა და კვალიფიკაციით ჩავერთვებით იმ პრობლემების იდენტიფიკაციაში, განხილვაში, ანალიზსა და გადაწყვეტილებებში, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება ქართული სამშენებლო, საინჟინრო ბაზრის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა დიმიტრი ჯაფარიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა.
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისთვის, ბიზნესგაერთიანებისთვის, რომელიც სამშენებლო სექტორის და მასში მომუშავე კომპანიის ინტერესებს ემსახურება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ სტრატეგიული მიმართულებაა. რასაკვირველია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, გამომდინარე სწორედ მისი ისტორიიდან და კონკრეტულად ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ამ ეტაპზე არსებული სტრატეგიული მიზნებიდან და განზრახვებიდან, რათა არქიტექტურისა და სამშენებლო მიმართულებების სტუდენტებისთვის არსებული გარემო განავითაროს და მათ შესძინოს დამატებითი უნარები, მათ შორის ისეთი საინტერესო აქტივობებით, რომლებიც შეგვიძლია სტუდენტებს ერთობლივად შევთავაზოთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს წევრებს აქვთ და ამ კუთხითაც სასარგებლო იქნება თანამშრომლობა. ასევე აღვნიშნავ იმ სამომავლო გამოწვევას, რომელიც ძალიან მალე გვექნება – ეს არის ქვეყანაში არსებული სასწავლო სქემების ადაპტირება ევროკოდებთან, როგორც სტანდარტთან, და სწავლების პროცესის ამ სტანდარტის შესაბამისად წარმართვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად პროდუქტიული იქნება“, – ანა საბახტარიშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„ტექნოლოგიების სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არქიტექტურა და სამოქალაქო ინჟინერიაა. დღეს მშენებლობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. სამწუხაროდ საქართველო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საინჟინრო სკოლის ნაწილია და ახლა მიმდინარეობს დარგის რეფორმირების მნიშვნელოვანი პროცესი. ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი საინჟინრო მიმართულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ევროკოდები და ტექნიკური სტანდარტები.
ტექნიკური სტანდარტების ერთობლიობაში დანერგვა ცალკეული აქტორების მონდომებით ვერ მიიღწევა, არამედ საჭიროებს მათ შორის მჭიდრო კოოპერაციას, რისი მაგალითიცაა დღეს ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას უდებს საფუძველს და მიზნად ისახავს საინჟინრო დარგის გათანამედროვების ხელშეწყობასა და მის ევროპულ სივრცესთან ინტეგრირებას,“ – ამბობს ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი.
ასოციაციის შესახებ
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია /ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მისიაა დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.
ასოციაციამ სამშენებლო სექტორის განვითარების მიზნით 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრა პრიორიტეტად:
ადვოკატირება-ლობირება;
განათლება, კვლევა, ადამიანური კაპიტალის განვითარება;
კონტაქტები;
პროფესიული მხარდაჭერა და სხვა ბენეფიტები.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს 54 კომპანიას, რომელთა ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ამავე დროს ასოციაცია აერთიანებს სამშენებლო მასალების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო და საპროექტო სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.
- ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საჯარო შეხვედრა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი