GE

ინოვაციები და მეწარმეობა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

ინოვაციები და მეწარმეობა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით დღეს, 9 თებერვალს, სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბისაა და სამ სხვადასხვა ადგილას იმართება.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.

კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ საზეიმოდ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე მიესალმნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე.

რექტორის თქმით, ინოვაციური კვლევები და ამ კვლევების გამოყენება მეწარმეობაში მთელი მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მომავალია და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც, აცნობიერებს რა ამ ფაქტს, ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით მიიღეს მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, შეიტანეს საგრანტო განაცხადი და გაიმარჯვეს კიდეც, რამაც საერთაშორისო კონფერენციის გამართვა გახადა შესაძლებელი.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში კახაბერ კორძაიამ იმ პლატფორმაზე ისაუბრა, რომლის შექმნაც მათ უახლოეს გეგმებში შედის და რომელიც ინოვაციურ კვლევებს და მეწარმეობაში მათ გამოყენებას წაახალისებს. მისივე თქმით, კონფერენციაში ჩართვის სურვილი ბევრმა უცხოურმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

„მათ შორის გახლავთ ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (გერმანია), რომლებიც ამ კონფერენციის თანადამფუძნებლები არიან. ასევე, ყველა ის ქართული ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს. ყველას მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს გაუზიარებენ ინოვაციური კვლევების შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი საინტერესო მეცნიერია ჩართული. გვყავს სტუმრები თურქეთიდან, მოლდავეთიდან, ესტონეთიდან, ყირგიზეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. ჩართულნნი არიან ჩვენი სტუდენტებიც, დოქტორანტები, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ და კონფერენციაზე მოხსენებებითაც გამოდიან“, – აღნიშნა კახაბერ კორძაიამ.

კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოხსნებით წარდგნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე ესპანეთიდან, ესტონეთიდან, თურქეთსა და იტალიიდან. მათი შრომები მეწარმეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხებოდა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ფინანსური განათლების მიმართულებით მოქმედ აქტუალურ პროექტებსა და ტექნოლოგიურ წარმოებას.

სამდღიანი კონფერენციის მეორე დღეს თავად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს, სადაც 5 დარგობრივი სექცია და მეწარმეების გამოფენაა წარმოდგენილი. მესამე დღეს კი სამეცნიერო აქტივობები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში იმართება. გენერალური დირექტორის, თეიმურაზ დოჭვირის განცხადებით, ფონდი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველთვის ახორციელებდა, ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს საერთაშორისო კონკურსებს. აღნიშნული კონფერენცია კი, მისივე თქმით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონკურსის სამეცნიერო პროდუქტია და მეცნიერებისა და ბიზნესის ერთობლივად განვითარებასა და აქედან გამომდინარე, ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან წარსულშიც ბევრ პროექტში გვქონია თანამონაწილეობა და მხარდაჭერა და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. ყველაფერი დამყარებულია კონკურსებზე, რომელთაც ჩვენ ვაცხადებთ და მათში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურ მონაწილეობას იღებს, რაც ძალიან სასიხარულოა. კონკურსი მაღალი ხარისხის წინაპირობაა და მასში გამარჯვება უკვე წარმატების მომტანია“, – აღნიშნა თეიმურაზ დოჭვირმა.

კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე მონაწილე წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.

„ალკალას უნივერსიტეტის სახელით გამოვხატავთ სიხარულსა და სიამოვნებას, რომ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. გვახარებს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული და შესაძლებლობა მოგვეცა დავესწროთ დღევანდელ ღონისძიებას, რომლის მთავარი თემატიკა – მეწარმეობა და ინოვაცია ჩვენთანაც ახლოსაა. სწორედ ეს თემატიკა აკავშირებს ამ ორ უნივერსიტეტს ერთმანეთთან“, – განაცხადა ალკალას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ფერნანდო რომერომ.

კონფერენციის ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამეცნიერო, ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენისა და მისი განვითარების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამბობს, რომ ქვეყანამ ფეხი უნდა აუწყოს საერთაშორისო ტენდენციებს და ევროპულ ოჯახში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავოს. ამ მიმართულებით კი, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საკანონმდებლო კუთხით გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდა.

„შექმნილია საკონსულტაციო საბჭოები, რომელთაც ერთ-ერთი აქცენტი სწორედ ახალგაზრდობაში მეწარმეობის უნარების განვითარებაზე აქვთ. საჭიროა, რომ მეწარმეული უნარები განვითარებული იყოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე ბიზნეს სექტორში, რათა ეკონომიკური მოგება გასამმაგდეს. ამაში ახალგაზრდებისა და თანამედროვე ტენდენციების ჩართულობაა მნიშვნელოვანი. დღეს საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების წინაშე დგას და ესეც უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად აუცილებელია სამეცნიერო კვლევები და ტექნოლოგიური განვითარება. კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობა კი გადამწყვეტია. კერძო სექტორი გაცილებით სწრაფად შეიძლება განვითარდეს და ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი გარემო უნდა შექმნას“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და განხორციელებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადაფინანსებითა და ხელმძღვანელობით. პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი – UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი – „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური