„ისე გვინდა ჩაბარება, სულ რომ სკაფანდრები ჩამოგვაცვან მაინც დავწერთ“ – მეორე დღის შეფასებები და საკითხები აბიტურიენტებისგან
დღეს 2021 წლის აბიტურიენტებისთვის მეორე საგამოცდო დღე დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ისევ ორ სესიად ჩააბარეს. პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94%-ზე მეტი; დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.
პირველი სესიიდან გამოსულ აბიტურიენტების ნაწილს საკითხების გახსენება უჭირდა. აცდენა იყო მათ მიერ დასახელებულ და რეალურად ტესტში დავალებად მოსულ ავტორებშიც. სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ტესტის საკითხებისა და დავალებების შესახებ კომენტარები EDU.ARIS.GE-სთან დღესაც გააკეთეს.
ერთ-ერთი აბიტურიენტი ჩვენთან საუბარში იხსენებს როგორ გაიყვანეს მისი სექტორიდან აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც სუნთქვა უჭირდა:
,,მთელი გამოცდა პირბადით ვიჯექით, მუდმივად შენიშვნას გვაძლევდნენ პირბადე გაისწორეთო, საშინელი უჰაერობა იყო. კოვიდი ვისაც აქვს დაფიქსირებული ისინი როგორ წერენ არ ვიცი, ჯობდა ყველასთვის მოეთხოვათ ტესტის გაკეთება და ცნობას წარმოვადგენდით, რომ არაფერი გვაქვს. ასეთ სიცხეში საშინელებაა, სასწრაფომ გოგოც კი გაიყვანა სუნთქვის შეუძლებლობის გამო. ტესტი როგორი მარტივიც არ უნდა იყოს და ზღვარი როგორი დაბალიც, ასეთ პირობებში საუკეთესო შედეგს ვერ დადებ. მარაოს შეტანის უფლებას მაინც გვაძლევდნენ ან ეს კონდიციონერი რისთვის აქვთ არ ვიცი”.
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,ამ გამოცდისთვის ერთი წელი ვემზადებოდი, არ მჯერა რომ უკვე მოვიშორე ერთი საგანი. უამრავი საკითხი გავიარეთ. ვნერვიულობდი რომელი შემთხვდებოდა, წინა წლების ტესტებს რომ გვაკეთებინებდა მასწავლებელი ბევრდ რთული იყო განსაკუთრებით რედაქტირების ნაწილი. წელს ბევრად უფრო მარტივი იყო შეცდომების პოვნა, თუმცა ესე მეც გამიჭირდა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, მაგრამ ბევრი ვიფიქრე რასაც დავწერდი. რატომ მოვემზადე ერთი წელი, ჩემი კლასელები სულ არ ემზადებოდნენ და კარგად ვწერეთო ამბობენ, იღბალზეც არის ალბათ დამოკიდებული რა საკითხზე მოვა და რა ნაწარმოებზე, მაგრამ აზროვნება თუ შეგიძლია, ზღვარსაც გადალახავ და კარგ ქულასაც აიღებ. ერთადერთი რაც ხელის შემშლელია, არის დახურულ სივრცეში რომ ვწერთ. ჰაერზე გვეწერა პირბადის გარეშე აჯობებდა, მაგრამ ყველას ისე გვინდა ჩაბარება, სულ რომ სკაფანდრები ჩამოგვაცვან მაინც დავწერთ”.
აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ,,შიგნით ძალიან კარგი სიტუაციაა, არანაირი დაძაბულობა. მე მეშვიდე სექტორში ვიჯექი და ნამდვილად კარგად იყო ყველაფერი. ერთადერთი კალმების პრობლემა იყო, წყდებოდა. ესე იყო შრომის დაფასებაზე, თხზულება კი ,,ალუდა ქეთელაური” დავწერე. რედაქტირება ძალიან არ გამჭირვებია, მარტივი შეცდომებიც იყო და რთულებიც. ადრე გამოვედი, მოვრჩი და რაღა მეკეთებინა”.
მარიამ ყოლბაია: ,,ესე ასეთი იყო -რამდენად საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის საზოგადოების წევრები აფასებდნენ ერთმანეთის შრომას. ძალიან ადვილად დავწერე, ბოლო ხაზამდე შევავსე. არგუმენტები ბლომად მოვიყვანე. კალამი გამითავდა და გამოვცვალე. შავი ფურცელი დიდად არ გამომიყენებია როცა მივხვდი, რომ დროს მართმევდა, პირდაპირ თეთრში ვწერე. ,,ალუდა ქეთელაური” დიდად არ მინდოდა, მაგრამ ძალიან მარტივად დავწერე, ყველაფერი გამახსენდა. რედაქტირებაში სულ 16 შეცდომა ვიპოვე. ერთი სტილისტური ხარვეზი იყო, მძიმეებიც აკლდა, რამდენიმე სიტყვას ასოები აკლდა. ერთი სიტყვა ეწერა ასე ,,განევითარებინა” და ეგ შევასწორე. მეტი ისეთი არაფერი ყოფილა, მარტივი იყო. მოკლედ, მართლა ტაშ-ფანდურით შევედი და გამოვედი”.
ილია ჭოლოკავა 177-ე სკოლაში გახსნილი ცენტრიდან: ,,გამოცდაზე კარგი, მშვიდი გარემო იყო. კონდინციონერი ჩართული გვქონდა და არც გვცხელოდა, არც გვციოდა. არც ხმაურს შევუწუხებივართ და არც სხვა რამეს. კალმები საზიზღრობაა, დამუღამება უნდა. რაც შეეხება საკითხებს, ნორმალური მივიდა – არც ძალიან მარტივი და არც ძალიან რთული. გამიადვილდა, რადგან ვაჟა კარგად მაქვს გავლილი და ,,ალუდა ქეთელაური” კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, ეგ დავწერე. ესეზეც კარგად ვიმსჯელზე. ძალიან კონკრეტული და უცხო არგუმენტების მოყვანა არა, მაგრამ ზოგადი არგუმენტების მოყვანა შეიძლებოდა. არც რედაქტირება იყო რთული, მარტივია, ნამდვილად, უბრალოდ ცოტა დიდია და დრო წაიღო. მე ყველაფერი პირდაპირ საგამოცდო ფურცელზე დავწერე, ,,შავად” არ დამიწერია. ვინც ჯერ ,,შავად” დაწერს და მერე გადაათეთრებს, იმას მეტი დრო დასჭირდება. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ”.
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,ყველაზე მეტად ესეს წერა გამიჭირდა წინა ვარიანტებში რაც მოვიდა მათზე რთული იყო, ზედმეტად ბევრი ფიქრი მომიწია არგუმენტებზე, თუმცა საბოლოოდ მაინც დავწერე, 45 წუთი დამჭირდა მხოლოდ ესესთვის. ტექსტის ანალიზი მარტივი იყო ალუდა ქეთელაური სკოლაშიც კარგად გავიარეთ. ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ მგონი ვარიანტები უფრო რთულდება”.
,,დედაჩემი არ მკითხავს ამდენს სახლში, რომ მივალ, ყველა ვარიანტი განსხვავებულია და რატომ კითხულობენ მშობლები რა მოვიდაო ვერ ვიგებ. 1 საათში ვერ ისწავლი, რაც მთელი წელი უნდა გესწავლა” , – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა ცენტრის დატოვების შემდეგ.
2 ივლისის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრებში 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მათი შეფასებები საქართველოს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებიდან განსხვავებულია:
ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,ვერ ვიტყვი, რომ გამოცდა ძალიან რთული იყო. შემხვდა ,,ოთარაანთ ქვრივიდან“ ნაწყვეტი სადაც დედის აღწერა იყო მოცემული. ასევე ნიკოლაძეზე ტექსტის რედაქტირება უნდა გაკვეკეთებინა. განსაკუთრებით საინტერესოდ დასაწერი იყო ესე – განავრცეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების სოლიდარობა და ერთობა ქვეყნის სიძლიერისთვის. მე პირადად დაწერა გამიმარტივდა. დროც იმდენია მოცემული, რომ თუ სწორად გაანაწილებ, მოგრჩება კიდეც, მე მაგალითად 2 საათიც არ დამჭირდა“, – თათია თავხელიძე
მარიამ ღოღობერიძე ილია ჭოლოკავა 177-ე სკოლაში გახსნილი ცენტრიდან: ,,სახელმწიფოს ძლიერება დამოკიდებულია თუ არა იმაზე, რომ ხალხი ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულია – ეს იყო ესე და ასეთი მარტივი ესე ჯერ არ მოსულა. თხზულებიდან ,,ოთარაანთ ქვრივი” დავწერე. ძალიან თბილი და კარგი გარემოა, საერთოდ არ იძაბები. დაძაბული შედიხარ, მაგრამ ყველანაირი სტრესი გეხსნება. ატირებული შევედი და ისეთი გარემო დამხვდა, რომ თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. კონდინციონერიც ჩართული იყო, ფანჯრები – ღია და არ ცხელოდა. პირბადის ჩამოწევის უფლება მხოლოდ წყლის დალევისას გვქონდა. პირბადით წერა ერთ-ერთი დისკომფორტია.
175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: ,,ჩემ დას გუშინ ჰქონდა გამოცდა და რა საკითხებზეც მითხრა შემოვიდაო, ვცდილობდი მეც იგივე ავტორების გამემეორებინა, მგონი ლოგიკამ გაამართლა. ესე ზედმეტად სააზროვნო იყო და დიდი დროც წამართვა. ცალკე დრო დამჭირდა გადასათეთრებლად, ჯამში 40 წუთი მაინც ვწერდი მხოლოდ ესეს. ტექსტს რაც შეეხება, არც ერთი საპროგრამო ნაწარმოები რომ არ მქონოდა წაკითხული, მაინც დავწერდი. კითხვებზე პასუხები თავად ტექსტშივე იყო და გახსენება აღარ გვჭირდებოდა. თუ ლოგიკურად აზროვნებ და ცოტა რაღაც მაინც გაქვს წაკითხული, ესესაც დაწერ და ყველა საკითხსაც. აბიტურიენტებს ვურჩევ ამ ავტორებზე გაამახვილონ ყურადღება: ილია, ვაჟა და დოჩანაშვილი იმედია ყველანი კარგად წერენ”.
კიდევ ერთი რჩევა მომდევნო სესიების აბიტურიენტებისთვის კი ასეთი იყო: ბავშვებს, ვინც ქართულის გამოცდაზე ორშაბათს გადის, ვურჩევდი რომ ,,ვეფხისტყაოსანი” გაიმეორონ. ეგ ჯერ არ მოსულა და მგონია, რომ აუცილებლად მოვა. ასევე, ვურჩევდი რომ არ იდარდონ, საშიში მართლა არაფერია”.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სესიები 5 ივლისს დასრულდება, ამ რიცხვშიც აბიტურიენტები დილის და შუადღის სესიაზე უნდა გამოცხადდნენ.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
by აბიტურიენტებისათვის
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება