GE

ისტორიის გამოცდას დღეს და ხვალ 22 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს – რა შეიცვალა ტესტში და რამდენია დრო

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, დღეს აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისტორიაში ჩატარდება.

ისტორია არჩევით საგნებში პოპულარობით პირველია და, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანზე 22 200-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

ისტორიაში მაქსიმალური ქულაა 60. რაც შეეხება ტესტზე მუშაობისთვის გამოყოფილ დროს, აბიტურიენტებს 2 საათი და 40 წუთი ექნებათ. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

რა შეიცვალა 2023 წლის ისტორიის ტესტურ დავალებაში:

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების (პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება) ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ:

  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
  • ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი;
  • ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • შეფასების უნარი.

გამოცდების ცენტრი ხსნის, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.

ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია.

დავალების ნიმუში

1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

ქვეკითხვები:

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური