GE

იტალიური ენის მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ჩატარების თარიღები ცნობილია

იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, პროცესს კი ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

როგორც დღეს, 12 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, იტალიური ენის ტესტური დავალებები იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ შეიმუშავა და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, 15 ივნისს, „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. დათარიღებულ ცვლილების დოკუმენტში ვკითხულობდით, რომ საგნის გამოცდა 2023 წელს იტალიურ ენაშიც ჩატარდებოდა, სხვადასხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მინისტრის, გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით მიეცათ.

იტალიური ენის, როგორც მეორე უცხო ენის, სწავლება, საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს ძალისხმევითა და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაცია “მინერვასთან” თანამშრომლობით დაიწყო.

ასევე იხილეთ:

საგნის გამოცდა 2023 წელს იტალიურ ენაშიც ჩატარდება – ახალი ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური