GE

იყო თუ არა შეცდომა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებულ ტესტში – ზოგადი უნარების პედაგოგი მაგისტრობის მსურველებს პასუხობს

მაგისტრობის მსურველთა ნაწილი სამაგისტრო გამოცდაზე ტესტში არსებულ ხარვეზზე საუბრობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ლოგიკური ამოცანა არასწორად იყო დაბეჭდილი, რის გამოც შეცდომაში შევიდნენ, სხვა პასუხი მიუთითეს, ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ მიერ არჩეული პასუხი მცდარია.

სამაგისტრო გამოცდები 4 აგვისტოს დასრულდა და ამ ეტაპისათვის მხოლოდ გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხებია ცნობილი. რაც შეეხება აპლიკანტთა შედეგებს – ჯერ არა.

EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთი აპლიკანტი ლევან სარდლიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც საკითხში გარკვევა და დახმარება გვთხოვა. იგი ფიქრობს, რომ ტესტის შემდგენლებს კონკრეტულ ამოცანაში შეცდომა გაეპარათ. აცხადებს, რომ ის არაა ერთადერთი, რომელიც ასე ფიქრობს და რომ ამ კონკრეტული ამოცანის გაპროტესტებას ძალიან ბევრი აპლიკანტი აპირებს.

ლოგიკური ამოცანა, რომელიც ლევანს და მისივე თქმით კიდევ არაერთ აბიტურიენტს სადაოდ მიაჩნია, შემდეგნაირად ჟღერს:

მოცემულია წინადადება:  „სულხანმა შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში იმოგზაურა, გარდა ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინისა.“ აპლიტანტებს კი ეკითხებიან ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხი გამომდინარეობს მოცემული წინადადებიდან.

ა. შენგენის ზონის ქვეყანა, რომელშიც  სულხანს არ უმოგზაურია, ან ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინია.

ბ. ყველა ის ქვეყანა, რომლებშიც სულხანს უმოგზაურია, გარდა ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინისა, შენგენის ზონისაა.

გ. თუ ქვეყანა შენგენის ზონაში არ არის, მაშინ სულხანს ამ ქვეყანაში არ უმოგზაურია.

დ. თუ რომელიმე ქვეყანაში სულხანს არ უმოგზაურია, მაშინ ეს ქვეყანა მხოლოდ ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინი შეიძლება იყოს.

ე. იმ ქვეყნებიდან,  რომლებშიც სულხანს უმოგზაურია, მხოლოდ ლუქსემბურგი და ლიხტენშტეინი არ არიან შენგენის ზონაში.

ლევანი ამბობს, რომ ჩამოთვლილი პასუხებიდან სწორი არც ერთი არაა, რადგან არც ერთი მათგანი მოცემული პირობიდან არ გამომდინარეობს. როდესაც ნაეკმა ტესტი და სწორი პასუხები გამოაქვეყნა, ამ კონკრეტულ ამოცანაზე სწორ პასუხად „ა“ ვარიანტი იყო განსაზღვრული. ლევანი დაობს, რომ „ა“ არასწორი პასუხია, რადგან აქ ვკითხულობთ – „შენგენის ზონის ქვეყანა, რომელშიც  სულხანს არ უმოგზაურია, ან ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინია“, ხოლო ამოცანის პირობაში კი გარკვევით წერია, რომ „სულხანმა შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში იმოგზაურა, გარდა ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინისა.“ ანუ, ის ამ ორიდან არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა და არა მხოლოდ ლიხტენშტეინში, ან მხოლოდ ლუქსემბურგში, როგორც ეს „ა“ პასუხშია მითითებული.

„მე არაერთ პედაგოგს ვესაუბრე, მათ შორის ფილოლოგებსაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „ა“ პასუხი, დიდი ალბათობით, გამოირიცხება. ეს ტესტი მოდის პირველი, მასზე დიდ დროს ვხარჯავთ და გამოდის, რომ პასუხები შეცდომითაა. ეს ჩვენს გაურკვევლობას, დაბნეულობასა და ამ საკითხზე დიდი დროის დახარჯვას იწვევს, რაც ჩვენზე შემდეგ უარყოფითად აისახა. მე პირადად „დ“ ვარიანტი მივუთითე. არც ეს გამომდინარეობს, მაგრამ „ა“ პასუხი გამორიცხვის მეთოდით გამოვრიცხე.

„ჩემმა მეგობარმა შეფასებისა და გამოცდების ცენტრს მისწერა და მათ უპასუხეს, რომ ყველაფერს მაშინ გავიგებთ, როცა ჩვენი შედეგები დაიდება. თუმცა, მანამდე გვინდა გარკვევა რა და როგორ იქნება. მე პირადად ეს კონკრეტული ამოცანა მიწყვეტს ჩავაბარებ თუ არა, რადგან ტესტი და სწორი პასუხები ვნახე, მახსოვდა რომელ დავალებას რა პასუხი გავეცი და ვიცი, რომ ყველაფერი ამ ერთ პასუხზეა დამოკიდებული“, – ამბობს ლევანი.

იგი, შედეგების გამოქვეყნების მერე, ამ კონკრეტული ამოცანის გასაჩივრებას გეგმავს. მართალია დავალება 1 ქულიანია, მაგრამ არასწორი პასუხის შემთხვევაში არა ერთი, არამედ ერთი მთელი ორი (1,2) ქულა აკლდება. შესაბამისად, ლევანი ირწმუნება, რომ ეს კონკრტული დავალება მის ბედს წყვეტს.

„ბარიერზე ვარ და თუ ამ ქულას დამიწერენ, მაშინ მაგისტრატურაზე ვხვდები, თუ არ დამიწერენ, სამწუხაროდ, ვერ ვხვდები“, – ამბობს ის.

ჩვენი რესპონდენტის კითხვითა და სადაო ლოგიკური ამოცანით ჩვენ ზოგადი უნარების პედაგოგს მივმართეთ, რომელიც მათემატიკასა და ზოგად უნარებში, უკვე მრავალი წელია აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს ამეცადინებს. ლალი ზუმბაძე ამოცანას გაეცნო და განგვიცხადა, რომ მასში საეჭვო არაფერია.

„ამ ამოცანაში სწორი პასუხი პირველია – „ა“. მესმის, რომ დამაბნეველია, რადგამ წერია „შენგენის ზონის ქვეყანა, რომელშიც  სულხანს არ უმოგზაურია, ან ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინია„  და ამ „ან“ კავშირით ისე აღიქმება, თითქოს მხოლოდ ერთ ქვეყანაზეა საუბარი, არადა პირობაში გვიწერია, რომ სულხანს ამ ორიდან არც ერთ ქვეყანაში არ უმოგზაურია – არც ლიხტენშტეინში და არც  ლუქსემბურგში. მაგრამ აქ ძაღლის თავი ჩამარხულია მხოლობით რიცხვში – წერია „იმ ქვექყნიდან“ და არა „იმ ქვეყნებიდან“.  რომ წერებულიყო „შენგენის ზონის ქვეყნები, რომლებშიც სულხანს არ უმოგზაურია, ან ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინია“, მაშინ ეს პასუხიც არასწორი იქნებოდა, რადგან მრავლობითი რიცხვის დროს ვერ გამოვიყენებდით „ან…ან“ კავშირს, „და“ კავშირი იქნებოდა საჭირო. მაგრამ მხოლობით რიცხვში წერია –  „შენგენის ზონის ქვეყანა“, ამიტომაც „ან…ან“ კავშირი უნდა იყოს და შესაბამისად, სწორი პასუხი გამოდის – შენგენის ზონის ის ქვეყანა, რომელშიც სულხანს არ უმოგზაურია, ან ლუქსემბურგია, ან ლიხტენშტეინი. ანუ, შენგენის ზონის ყველა სხვა ქვეყანაში ნამყოფია, ის ქვეყანა, რომელიც უნახავი დარჩა, ან ლიხტენშტეინია, ან ლუქსემბურგი.

„ჩემი აზრით, აქ სადაო არაფერია. პასუხი ცალსახაა. მესმის, რომ ერთი შეხედვით დამაბნეველია, მაგრამ აპლიკანტებს გამორიცხვის მეთოდითაც შეეძლოთ სწორ პასუხამდე მისვლა, რადგან სხვა ყველა პასუხი მარტივად გასაშიფრია, რომ მცდარია. რაც შეეხება იმ პასუხს, რომელიც თქვენმა რესპონდენტმა აირჩია – „თუ რომელიმე ქვეყანაში სულხანს არ უმოგზაურია, მაშინ ეს ქვეყანა მხოლოდ ლუქსემბურგი, ან ლიხტენშტეინი შეიძლება იყოს“, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან  პირობაში არაფერია ნათქამი იმაზე, რომ სულხანს მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს და მხოლოდ ეს ორი ქვეყანა დარჩა სანახავი. იქ გარკვევით წერია, რომ საუბარი შენგენის ზონის ქვეყნებზეა და არ ვიცით აქვს თუ არა ნანახი სხვა ქვეყანა სულხანს შენგენის ზონის გარეთ. ასე რომ, მე ვფიქრობ ეს დავალება საშუალო სირთულისაა. დამაბნეველი, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით მაინც ადვილი მისახვედრია რომელია სწორი პასუხი. ვფიქრობ, აქ სადაო არაფერია“, – აცხადებს პედაგოგი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური