GE

კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ოპერატორი – რა ღირს სკოლის ბანკეტი?

ბოლო ზარი  წელს 40 ათასზე მეტი მე–12 კლასელისთვის დაირეკა. მათმა დიდმა ნაწილმა საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. წინ ეროვნული გამოცდები და ცხოვრების ახალი ეტაპია. თუმცა იქამდე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული, უკვე ტრადიციად ქცეული სკოლის ბანკეტის დღეა დასაგეგმი.

რამდენადაც ეს დღე სკოლადამთავრებულთათვის სასიამოვნო, გამორჩეული და ლამაზი საღამოა, იმდენად დაკავშირებულია მშობლებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან. ხარჯები კი ღონისძიების მასშტაბურობითა და მრავალფეროვანი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა უჯდებათ მშობლებს შვილის სკოლის გამოსაშვები საღამო?  – ეს მაისის თვის ყველაზე აქტუალური კითხვაა სკოლის გამოცდების შემდეგ. EDU.ARIS.GE–მ გადაწყვიტა, ყველა იმ შესაძლო ხარჯთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ დღის აღნიშვნას  ახლავს თან.

გოგონები

გოგონები, საოცნებო კაბაზე ფიქრს რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ფასი სხვადასხვაგვარია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედარებით დაბალფასიან ბრენდებად წოდებულ მაღაზიებში კაბებისა და ფეხსაცმელების, ასევე სადღესასწაულო ჩანთების ფასები ფასდაკლებების გათვალისწინებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობებსა და მაღაზიებში. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 60-იდან – 100 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 200 ლარსაც გადააჭარბოს.

რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა, ფეხსაცმლის შეძენაც დაახლოებით ამავე ფასში შეგეძლებათ.

თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. ესეც არანაკლებად ძვირი სიამოვნებაა და ფასი 150-იდან 300 ლარამდე მერყეობს დიზაინერისვე მატერიით.

თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.  ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულის გათვალისწინებით 70-იდან 200- ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 250 -ლარიდან 800 ლარამდე დაგიჯდებათ.

იჭები

ბიჯებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა. მიუხედავად არჩევანის სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები შეძლებენ.

მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ 200 ლარიდან- 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-იდან – 200 ლარამდე შეგიძლიათ. პერაგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.

ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე კი ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია. შარვალ-პიჯაკის ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი საკმაოდ შთამბეჭდავ ფასს აღწევს. ფეხსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში ფასდაკლებით 120 ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. პერანგის ფასი კი 50-იდან-120 ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ არც ბიჭების მშობლები არიან ნაკლებად გახარჯულები. საშუალოდ მათ გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 400 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.

კლუბი / რესტორანი

თუ თქვენ უკვე შეუძინეთ შვილებს სამოსი, ყველაფერი არც აქ დასრულებულა. წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც მათ სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.

რესტორნის ფასები, მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 50-ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს.

შედარებით იაფია  სკოლის დამთავრების აღნიშვნა კარაოკე ბარებში ან კლუბში. ამ შემთხვევაში არც საგანგებო დრესკოდი დაგჭირდებათ. ფასდაკლების საიტებზე მითითებული ფასების გათვალისწინებით, 1 პირისთვის მომსახურების ღირებულება 40-იდან 60 ლარამდე მერყეობს, ფასში დიჯეის მომსახურებაც შედის.

თუ თქვენ გინდათ საღამო განსხვავებული იყოს და სპეციალური ფლეშმობ-ცეკვით გაამრავალფეროვნოთ, მაშინ 15-16 პერსონაზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ფოტო/ვიდეო

სკოლის გამოსაშვები საღამო ფოტოსა და ვიდეოგადაღების გარეშე წარმოუდგენელია. მათი ფასები კი საშუალოდ 500-იდან 1500 ლარამდეა. ფასდაკლების საიტებზე ამ მომსახურების ფასდაკლებასაც შეხვდებით, სადაც 600 ლარიან მომსახურებას 300 ლარად გთავაზობენ.

თუ მონაცემებს შევაჯამებთ, მშობლებს სკოლის გამოსაშვები საღამოთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 800-იდან – 1500 ლარამდე დაუჯდებათ.

“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”..

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური