GE

კარიერის კვირეულის ფარგლებში კსუ-ში მორიგი შეხვედრა გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან თემით – ,,ჩემი სპეციალობა – ალერგოლოგია“ – ალერგოლოგმა, კსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა ბიძინა კულუმბეგოვმა გამართა.

მომხსენებელმა მედიცინის ამ დარგში თავისი პირველი ნაბიჯების, მიღწეული შედეგებისა და ამჟამინდელი საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა, კერძოდ მისი როგორც ექიმის მოღვაწეობა პარალელურად რამდენიმე საქმიანობას გულისხმობს: სამედიცინო-სალექციო აქტივობებსა და სატელევიზო და რადიო ფორმატს.

ბიძინა კულუმბეგოვმა ყურადღებაა გაამახვილა ალერგიის, როგორც გლობალური მნიშვნელობის პრობლემაზე, და ამ მხრივ, კიდევ უფრო არასახარბიელო და საყურადღებო სტატისტიკა მოიხმო, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე, ალერგიული დაავადებები აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% და მათი რიცხვი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

ალერგიის ეპიდემიის ქრონოლოგია, კვებითი ალერგიის ფენოტიპები, კომპონენტებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა – ეს ის ძირითადი საკითხები გახლდათ, რაზეც კსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, ცნობილმა ალერგოლოგმა ისაუბრა. მომხსენეებლი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დამიზნებითი თერაპიისა და პერსონალიზირებული მედიცინის საკითხებს და აღნიშნა, რომ ეს საკითხები მედიცინის იმ დარგისათვის, რომელსაც ის ემსახურება ხვალინდელ დღესა და ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.

ბიძინა კულუმბეგოვმა სტუდენტებს მედიცინაში წარმატების მიღწევის რამდენიმე ასპექტიც გაუზიარა:

  • მყარი ემოციური ინტელექტი;
  • სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში;
  • ინფორმაციისა და შეძენილი უნარ-ჩვევების სხვებისათვის გაზიარება;
  • ცვლილებებისადმი მზაობა;
  • წარმატებული ექიმი უნდა იყოს: ორგანიზირებული, პროაქტიული და ეფექტური;

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, კითხვა – პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ კარიერისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური